7 მარტს თბილისის ფილარმონიის დიდ სცენაზე, ნამდვილი ქართული გენის ზეიმი გაიმართა. „საქართველოს ბულბულის“, დათო კენჭიაშვილის ტრადიციულმა სოლო კონცერტმა სრული ანშლაგით ჩაიარა – ბილეთები ძალიან სწრაფად გაიყიდა, დარბაზი ხალხით აივსო, სცენა - სითბოთი და სიყვარულით. გულწრფელი ემოციებითა და ქართული მუსიკის ჰანგებით გაჯერებული კონცერტი - „დედა ღვთისაა“, რა თქმა უნდა, წელსაც დედებს მიეძღვნა.
მომღერლის კონცერტზე დასასწრებად მსმენელი სხვადასხვა ქვეყნებიდან, სპეციალურად ამ დღისთვის ჩამოვიდა. ფილარმონიაში შეკრებილ გულშემატკივრებს შორის იყვნენ ემიგრანტები დაღესტნიდან, ინგუშეთიდან, ჩეხეთიდან, იტალიიდან, საფრანგეთიდან... კონცერტზე დასწრების მსურველი ბევრი იყო, მათ შორის ბევრი ისეთებიც, ვინც ბილეთების შეძენა ვერ მოახერხა.
დათო კენჭიაშვილის „ფეისბუქ“ გვერდზე ბევრი გულდაწყვეტით წერდა: „ვერ მოვახერხე ბილეთის შეძენა“, „ვერ ჩამოვედი თბილისში“, „გული მწყდება, რომ ეს ყველაფერი ვერ ვნახე“. ამ წერილებმა და კომენტარებმა ნათლად აჩვენა, რომ კონცერტზე დასწრების სურვილი და მოთხოვნა ძალიან დიდი იყო, ამიტომ, მომღერალმა გადაწყვიტა თავად წავიდეს თავის მსმენელთან და კონცერტები რეგიონებში ჩაატაროს, რათა ყველას, ვინც თბილისში ვერ ჩამოვიდა, მიეცეს შესაძლებლობა, ის ქართული ვიბრაციები და გულწრფელი ემოცია საკუთარ ქალაქში გაიზიაროს.
23 მარტიდან, მომღერალი ტურნეს ფარგლებში ამ ქალაქებს მოივლის და რეგიონულ ტელევიზიებს ესტუმრება, რათა ადგილობრივ მაყურებლებს, გაუზიაროს ტურნესთან დაკავშირებული ემოციები.
„მოდის წერილები, მესიჯები – გული გვწყდება, ვერ ვიყიდეთ ბილეთი... ვერ მოვასწარით... ვერ ჩამოვედით თბილისში... ეს სიტყვები ბევრჯერ წავიკითხე და თითოეული გულში ჩამწვდა. სწორედ ამიტომ, ვინც ვერ შეძლო თბილისში ჩამოსვლა, მე თავად ჩავალ მათთან! – მათ ქალაქში, მათ სცენაზე, მათთვის ვიმღერებ. მინდა, ყველა იმ ადამიანმა, ვისაც ჩემი შემოქმედება უყვარს, სრულფასოვნად განიცადოს ის, რაც ჩვენ ერთად შევქმენით და რაც გვაერთიანებს - ქართული ფოლკლორის სიყვარული. ეს ტურნე არის სიყვარულის გზა – ჩემი მსმენელისკენ მიმავალი გზა!“ – ამბობს დათო კენჭიაშვილი.
ლაივ შესრულება, ყველასთვის საყვარელი სიმღერები, ტრადიციული და ახალი რეპერტუარის შერწყმა, ეროვნული ინსტრუმენტებით შესრულებული თანამედროვე ინტერპრეტაციები და საინტერესო კოლაბორაციები - ამ ყველაფერს სულ მალე, დათო კენჭიაშვილის კონცერტებზე ნახავთ. დაელოდეთ, ტურნეს შესახებ დეტალური განრიგი მალე გახდება ცნობილი.