რუსეთიდან გადახვეწილი და საკუთარ სამშობლოში უცხო ქვეყნის აგენტად გამოცხადებული ალა პუგაჩოვა 76 წლის გახდა. იუბილე პირველ რიგში ქმარმა - ტელეწამყვანმა მაქსიმ გალკინმა მიულოცა სოციალურ ქსელში: "გილოცავ, საყვარელო!", რაზეც ალამ იქვე უპასუხა: "საუკეთესო ხარ! მიყვარხარ!"
დღის ბოლოს გალკინმა ხალხის თხოვნით ალას ახალი ფოტოებიც გამოაქვეყნა:
ასევე მიულოცეს ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა. რეჟისორმა კირილ სერებრენნიკოვმა უშუალოდ მიულოცა მეგობარს დაბადების დღე კვიპროსზე, სადაც ალა ახლა იმყოფება: "გილოცავ! ყოველთვის ასეთი მაგარი გოგო იყავი!"
ალა პუგაჩოვა 1949 წლის 15 აპრილს დაიბადა მოსკოვში. 1965 წლიდან სცენაზე დგას და რუსული ესტრადის ყველაზე ცნობილი და წარმატებული ვარსკვლავია, პრიმადონა. თუმცა პუტინის პოლიტიკას ყოველთვის ეწინააღმდეგებოდა და რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ რუსეთი ოჯახთან ერთად დატოვა.
ხუთჯერ იყო დაქორწინებული. მაქსიმ გალკინი მისი მეხუთე ქმარია. სამი შვილი ჰყავს - უფროსი ქალიშვილი კრისტინა ორბაკაიტე, რომლისგანაც შვილიშვილებიც შეეძინა, და ტყუპი ქალ-ვაჟი მაქსიმ გალკინთან ქორწინებიდან.