რა იწვევს მუდმივი შიმშილის შეგრძნებას? - ქეთი ასათიანი განმარტავს - მშობლები

რა იწვევს მუდმივი შიმშილის შეგრძნებას? - ქეთი ასათიანი განმარტავს

2025-05-02 10:09:01+04:00

ენდოკრინოლოგი ქეთი ასათიანი გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს, რა მნიშვნელობა აქვს წყალს ადამიანის ორგანიზმისათვის და შესაძლებელია თუ არა წყურვილის შეგრძნება შიმშილში აგვერიოს:

- ძალიან ხშირად ხდება, საკვების მიღების სურვილი გვაქვს, მაგრამ თურმე, სინამდვილეში, გვწყურია. წყლის სწორად მიღებას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წყალმა საჭმლის მომნელებელი ან კუჭ-ნაწლავის ტრაქტის გამართული მუშაობა რომ არ შეაფერხოს, კვების დროს დალევას უნდა მოვერიდოთ. წყალი არაფრით ჩანაცვლდება. ჩვენს თითოეულ უჯრედს ყოველდღიურად გაწმენდა სჭირდება. შესაბამისად, წყალი უჯრედში საკმაოდ დიდი პროცენტითაა წარმოდგენილი. თუ წყლით ყოველდღიურად ამ პროცესების განახლება არ მოხდება, იმ დანალექებისგან, მინარევებისა და შლაკებისაგან სწორედ წყლით არ გაიწმინდება, სხვა პროდუქტი მას ვერ ჩაანაცვლებს. მაგრამ, კიტრი არის ერთ-ერთი პროდუქტი, რომელიც წყლის მარაგის შევსებაში გვეხმარება.

ქეთი ასათიანი ასახელებს კიდევ რამდენიმე მიზეზს, რაც შიმშილის მუდმივ შეგრძნებას:

- ერთ-ერთი ძილის დარღვევაა, რასაც მოჰყვება ეს შიმშილის მუდმივი შეგრძნება. ამ მიზეზებს შორის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი და დიდი ადგილი უკავია სტრესს. ასევე ხშირად მიზეზები ენდოკრინულ პრობლემებშია. შესაძლოა იყოს ფარისებრი ჯირკვლის გაუმართავი მუშაობა. შესაძლოა იყოს შაქრიანი დიაბეტის გამოხატულება. ასევე შეიძლება იყოს ის, რაც ყველას გვემართება - როცა ასე ვთქვათ, გადარბენაზე მივირთმევთ. იმის ნაცვლად, რომ დაჯდე და მაქსიმალური კონცენტრირება მოახდინო თეფშზე, საკვებზე. რომ მაძღრობის შესახებ სიგნალი ტვინიდან კუჭში კუჭიდან ტვინში დროულად წავიდეს... ამის ნაცვლად, თან სხვა საქმეს აკეთებ, ან ტელეფონში იყურები და ვერ აცნობიერებ, რა რაოდენობა მიირთვი, დანაყრდი თუ არა და მაინც შიმშილის შეგრძნება გაქვს.

კიდევ ერთი მიზეზი, რაც შეიძლება იწვევდეს ამ პრობლემას, საკვებ რაციონში ცილის ნაკლებობაა. ცილა კარგად ანაყრებს და როცა ის ნაკლებია, ესეც შეიძლება იყოს მიზეზი.

ასევე იწვევს შიმშილის შეგრძნებას გარკვეული ტიპის მედიკამენტები.