როდესაც ორგანიზმში ერთდროულად ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტები ხვდება, მათი მონელება რთულდება, საჭმლის მომნელებელი სისტემა მეტისმეტად იტვირთება და ჯანმრთელობის სხვა პრობლემები იწყება. რა რასთან არ უნდა მივირთვათ - თემაზე ექიმი-ენდოკრინოლოგი, მედიცინის დოქტორი ნინო ლომთაძე გადაცემაში "დილა მშვიდობისა საქართველო" საუბრობს:
- კუჭ-ნაწლავის გამართულ ფუნქციონირებას ჩვენი ორგანიზმისთვის უდიდესი მნიშვნელობა აქვს, ვინაიდან კუჭ-ნაწლავის სისტემიდან იმ ყველა ვიტამინის, მიკრო, მაკრო ელემენტებისა და ნუტრიენტების ათვისება ხდება, რომლებიც ჩვენს ორგანოთა სისტემას ჯანსაღი და ნორმალური ფუნქციონირებისათვის სჭირდება. ასევე, კუჭ-ნაწლავის სისტემა ძალიან ჭკვიანი და ძლიერი მექანიზმია. მას შეუძლია, ერთდროულად რამდენიმე დავალება შეასრულოს, მოინელოს ცხიმები, ნახშირწყლები, ცილები, მაგრამ ჩვენ შეგვიძლია, მას ძალიანაც არ გავურთულოთ საქმე. როდესაც საკვებს ვარჩევთ, ყურადღება მივაქციოთ არა მხოლოდ კალორაჟსა და შემადგენლობას, არამედ იმასაც, თუ რას რასთან მივირთმევთ. აქვე აღვნიშნავ, ქვემოთ ჩამოთვლილი კომბინაციები რომ რადიკალურად არ გამოვიყენოთ, ასე არ არის. თუ 80% ჯანსაღად ვიკვებებით, 20%-ს ჩვენი ორგანიზმის "გვაპატიებს".
დავიწყოთ ყველაზე გავრცელებული კომბინაციით. ბევრ ადამიანს ეს ჯანსაღიც კი ჰგონია, როდესაც ხორციან, ნოყიერ საკვებს მივირთმევთ და დესერტად ხილს დავაყოლებთ. ეს არ შეიძლება. ძალიან საზიანო კომბინაციაა, ვინაიდან ხილი, დაახლოებით, კუჭში 20 წუთი ყოვნდება და მისი მონელებისთვის დიდი დრო საჭირო არ არის. ხოლო, ხორცი უფრო რთული პროდუქტია და მის მონელებას მინიმუმ 2 საათი სჭირდება. კუჭს არ შეუძლია, ჯერ ხილი გაატაროს ნაწლავებში და შემდეგ ხორცი. ამიტომ, კუჭში ხილიც ყოვნდება, რაც შემდგომ მონელების დარღვევას იწვევს და ისეთი გვერდითო მოვლენები შეიძლება, გამოვლინდეს, როგორებიცაა გულძმარვა, ყაბზობისკენ მიდრეკილება, მუცლის შებერილობა, სიმძიმე მუცლის არეში. გარდა ამისა, ხილი შაქარს შეიცავს. სადილს დაყოლებული ხილი კიდევ მეტად გაააქტიურებს ისეთ ჰორმონს, როგორიც ინსულინია, რომელიც კიდევ უფრო აღგვიძრავს მადას და საკვებს ცხიმოვან ქსოვილში გადაიყვანს. ხილი კვებამდე ან 30 წუთით ადრე უნდა მივირთვათ ან კვებიდან 2 საათის შემდგომ.
წყლისა და საკვების კომბინაციასთან ერთად ძალიან ბევრი აზრთასხვადასხვაობა არსებობს. მაგრამ, მკაცრი გაიდლაინი, რომ ვუთხრათ ადამიანს, კვების დროსა და შემდგომ წყალი არ მიიღოს, არ გვაქვს. რა თქმა უნდა, თუ შუა კვების დროს გვწყურია, შეგვიძლია, მივიღოთ. მაგრამ, მაინც უმჯობესია, ადამიანმა წყალი კვებამდე 10-15 წუთით ადრე მიიღოს, ვინაიდან წყალი დანაყრების შეგრძნებას იწვევს. თუმცა, ზოგიერთს აქვს ჩვევა, რომ ყოველ ლუკმას წყალს აყოლებს. ეს უკვე ნამდვილად საზიანოა. კუჭში მჟავე გარემოა, რაც საჭიროა იმისათვის, რომ საკვები კარგად მოინელოს. წყალი ამ მჟავე გარემოს ანეიტრალებს, ტუტე გარემოში გადაჰყავს და შესაბამისად, საკვები კარგად ვეღარ მოინელება. გაზიანი სასმელი კიდევ უფრო ცუდია. ის საკვების მონელების დარღვევას პირდაპირ იწვევს. გარდა ამისა, მასში ძალიან დიდი რაოდენობის შაქარია.
ხილისა და ბოსტნეულის ერთად მირთმევად კუჭს საქმეს "ურთულებს". მაგრამ, ბოსტნეულის კომბინაცია ხორცთან იდეალურია. უჯრედისია, ხორცის შეწოვის პროცესს ამარტივებს. ასევე, ეხმარება ორგანიზმს, რომ უფრო მარტივად და სწრაფად დანაყრდეს. გარდა ამისა, ჩვენს ორგანიზმში მავნე შაქრებისა და ცხიმების ათვისებას ართულებს.
თევზი ხორცთან, კვერცხთან, პურთან და რძის პროდუქტებთან ერთად არ უნდა მივირთვათ. ძალიან კარგია, თუ თევზთან ერთად ბოსტნეულს მივირთმევთ. ასევე, მასთან ერთად ბურღულეული, მაგალითად, ბრინჯი, კუსკუსი კარგი კომბინაცია იქნება.
როგორც აღვნიშნე, თევზისა და რძის პროდუქტების კომბინაცია კარგი კომბინაცია არ არის. თევზისა და რძის პროდუქტების ერთად მირთმევამ შესაძლოა, მუცლის შებერილობა, სიმძიმე, გულძმარვა გამოიწვიოს. ასევე, მონელების პროცესიც ირღვევა. მონელების პროცესების დარღვევა კი კუჭ-ნაწლავის სისტემის ზოგად ფუნქციონირებაზე ცუდად აისახება.
კვერცხი უნიკალური პროდუქტია, რადგან ძალიან ბევრ სასარგებლო ამინომჟავას შეიცავს. ეს არის ცილა, რომელიც გაცილებით მარტივად აითვისება და ორგანიზმსა და კუნთებს სასარგებლო ამინომჟავებით ამარაგებს. ძალიან კარგი იქნება, თუ კვერცხთან ერთად ბოსტნეულს მივირთმევთ, დავამატებთ ბურღულეულს.
პაციენტებს არ ვურჩევთ, რომ დიდი რაოდენობით მჟავეულობა მიირთვან, რადგანაც ისინი ბევრ მარილს შეიცავენ. მარილი ჩვენს ორგანიზმში სითხის შეკავებას იწვევს და ეს ძალიან სახიფათოა. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც გულ-სისხლძარღვთა დაავადებები, თირკმლის დაავადებები აქვთ. ამიტომაც, თუ მსგავს საკვებს მივირთმევთ, ტკბილი, გაზიანი სასმელები არ დავაყოლოთ, რადგანაც ის ორგანიზმში სითხეს კიდევ უფრო შეაკავებს. გარდა ამისა, როდესაც კიტრის მწნილს მივირთმევთ, საკვებს ზედმეტი მარილი აღარ უნდა მოვაყაროთ.
პურისა და კარაქის კომბინაცია ძალიან მომწონს. შეგვიძლია, ბავშვების შემთხვევაში თაფლიც დავამატოთ, რადგანაც მათ უფრო მეტი ენერგია სჭირდებათ. უფროსების შემთხვევაში, ჯობს დამატებითი შაქარი, თაფლის სახით, აღარ მივიღოთ. მაგალითად, თაფლი შეგვიძლია, ხაჭოსთან ერთად მივირთვათ.
კიტრისა და პომიდვრის კომბინაცია ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი კომბინაციაა. მაგრამ, ზოგიერთი მეცნიერის, მკვლევარის მოსაზრებით ერთმანეთთან შეუთავსებელი პროდუქტებია. ერთი მოსანელებლად ტუტე ფერმენტებს მოითხოვს, მეორე კი - მჟავე ფერმენტებს. შესაძლებელია, ამ ფერმენტებმა ერთმანეთი გაანეიტრალონ და ბოსტნეულის მონელებას ხელი შეუშალონ. მაგრამ, თუ ადამიანს მონელების, ნაღვლის ბუშტის პრობლემები არ აქვს, პერიოდულად, ამ კომბინაციის მიღება შესაძლებელია.