ნაომი უოტსის ბიოლოგიური ვაჟი, კაი, ბავშვობიდან გოგონებისათვის განკუთვნილი სამოსის ტარებას ამჯობინებდა. საზოგადოება მის ჩაცმულობას, აქსესუარებს ყოველთვის განიხილავდა, თუმცა მშობლები კაის არჩევანს პატივს სცემდნენ და საზოგადოების ნეგატიურ დამოკიდებულებას უგულებელყოფდნენ.
მისი ყოველი გამოჩენა იწვევს ახალ აჟიოტაჟს და კრიტიკის ქარცეცხლს მშობლების მისამართით, რომლებმაც ბავშვობიდანვე "შეუწყვეს ხელი" კაის სურვილებს.
ცოტა ხნის წინ კაი მამასთან, ლივ შრაიბერთან ერთად ნიუ-იორკში გალა ვახშამს დაესწრო. ამჯერადაც, კაის ჩაცმულობა კრიტიკის ქარცეცხლში მოექცა. მან ღონისძიებისათვის ვარდისფერი, ე.წ. პრინცესას კაბა მოირგო და საღამოს მაკიაჟი აირჩია.
აღსანიშნავია, რომ ლივ შრაიბერმა ცოტ ახნის წინ ინტერვიუ მისცა, სადაც შვილის შესახებაც ისაუბრა. მან აღნიშნა, რომ მოზარდის აღზრდა ძალიან რთულია და კაის მხარი საჯაროდ დაუჭირა.
"კაი ყოველთვის ასეთი იყო. ვფიქრობ, მნიშვნელოვანი საკითხი მისი ნაცვალსახელების შეცვლის მოთხოვნაა. სიმართლე გითხრათ, ეს დიდად არ მაინტერესებს, რადგან კაი დიდი ხანია, წარმოუდგენლად ქალურია." - თქვა შრაიბერმა.
კაის დედაც მხარს უჭერს. ნაომი უოტსი შვილთან ერთად სხვადასხვა ღონისძიებაზე ხშირად ჩნდება და მის მიმართ დიდ სიყვარულს გამოხატავს. ახლახან მსახიობმა დედის დღისთვის კაისა და მისი უფროსი ძმის, საშას, ბავშვობის რამდენიმე ფოტო გამოაქვეყნა. ნაომიმ ეს დღესასწაული შვილებთან ერთად გაატარა.
კაი ახლა სამოდელო კარიერას აქტიურად ავითარებს. მარტში პარიზის მოდის კვირეულის ფარგლებში Valentino-ს ჩვენებაზე გამოვიდა. მოგვიანებით კი ბრენდის ახალ რეკლამაშიც მიიღო მონაწილეობა. ასევე, ცოტახნის წინ ცნობილი გახდა, რომ ახალგაზრდა მოდელმა სამოდელო სააგენტო IMG Models-თან გააფორმა კონტრაქტი.
ცნობილია, რომ კაი დაინტერესებულია მსახიობობით, ბალეტითა და აკრობატიკით და ნიუ-იორკის კერძო სკოლაში სწავლობს. მან ფილმში "ჯუნგლების წიგნი" ერთ-ერთი პერსონაჟიც გაახმოვანა.
აღსანიშნავია, რომ ნაომი უოტსი ლივ შრაიბერს 2005 წელს, საქველმოქმედო ღონისძიებაზე შეხვდა. 2007 წელს წყვილს ვაჟი, საშა შეეძინა. ერთი წლის შემდეგ კი კაის მშობლები გახდნენ.
ბავშვობიდან მათი უმცროსი შვილი ამბობდა, რომ თავს „ბიჭის სხეულში გამომწყვდეულ გოგოდ“ გრძნობდა. მას კაბები, თმის აქსესუარები, კოსმეტიკა, მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი მოსწონდა. მსახიობები შვილის არჩევანს პატივს სცემდნენ და ამის გამო, ისინი არაერთხელ გააკრიტიკეს.
ნაომი და ლივი ოფიციალურად 2016 წელს დაშორდნენ, თუმცა ისინი ახლო ურთიერთობას ინარჩუნებენ და შვილების აღზრდის პროცესში თანაბრად არიან ჩართულნი.