თუ თქვენი სახელი არ მოგწონთ ან გვარის შეცვლა გსურთ, მათი გადაკეთება შეგიძლიათ. აღსანიშნავია, რომ ასეთ შემთხვევაში დაბადების რეგისტრაციის მომენტიდან თქვენთვის მონიჭებული პირადი ნომერი უცვლელი რჩება. სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაციის მოთხოვნით შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურს ან იუსტიციის სახლის ფილიალს მიმართოთ ან დისტანციური მომსახურებით ისარგებლოთ.
სახელისა და გვარის შეცვლის პირობები:
სახელის შეცვლა შესაძლებელია დაინტერესებული პირის სურვილისამებრ.
- სრულწლოვან პირს უფლება აქვს შეიცვალოს სახელი მხოლოდ ერთხელ.
- სახელის შეცვლა დაუშვებელია, თუ განმცხადებელი სახელად ირჩევს ციფრებს, სასვენ ნიშნებს,გეომეტრიულ ფიგურებს, გრაფიკულ გამოსახულებებს, სიმბოლოებს, უცენზურო ან შეურაცხმყოფელ სიტყვებს ან მრავალწევრიან (ორზე მეტი სახელისაგან შემდგარ) სახელს.
პირს შეუძლია შეიცვალოს გვარი და მიიღოს:
- მშობელთა შეერთებული გვარი;
- პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის (მეოთხე თაობის ნათესავების (ბებიის/პაპის ბებიისა და პაპის) ჩათვლით) გვარი;
- საკუთარი გვარისა და პირდაპირი აღმავალი შტოს ერთ-ერთი ნათესავის გვარის გაერთიანების შედეგად მიღებული გვარი;
- ფაქტობრივი აღმზრდელის გვარი;
- მშვილებლის გვარი;
- ქორწინებამდელი გვარი, თუ ქორწინების შეწყვეტისას მას არ დაუბრუნებია ეს გვარი;
- მამის გვარი, მამობის დადგენისას;
- ისტორიული გვარი,
- სხვა სახელმწიფოს უფლებამოსილი ორგანოს მიერ მისთვის მინიჭებული გვარი.
ასევე, დაინტერესებულ პირს შეუძლია:
- აღიდგინოს ისტორიული გვარი;
- მოახდინოს მისი გვარის კანონიერად აღიარება;
- დაიდგინოს გვარი.
სრულწლოვან პირს უფლება აქვს, გვარი შეიცვალოს მხოლოდ ერთხელ, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.
თუ არასრულწლოვანი ხართ, სახელის ან გვარის შეცვლა ორივე მშობლის ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის თანხმობით შეგიძლიათ. ორივე მშობლის თანხმობა საჭირო არ არის, თუ 16 წელს მიღწეული პირის მეორე მშობელი გარდაცვლილია, სასამართლოს მიერ გამოცხადებულია გარდაცვლილად ან აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ასევე, როცა მეორე მშობელს სასამართლოს გადაწყვეტილებით შეზღუდული ან ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლება ან სასამართლოს მიერ მიჩნეულია მხარდაჭერის მიმღებად.
სახელის ან/და გვარის შეცვლის თაობაზე განცხადებისთვის წარმოსადგენი საბუთები:
- განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- განმცხადებლის დაბადების მოწმობა
- განმცხადებლის არასრულწლოვანი შვილების დაბადების მოწმობები, თუ განმცხადებელს ჰყავს არასრულწლოვანი შვილები
- მშობლის (მშობლების) ან სხვა კანონიერი წარმომადგენლის წერილობითი თანხმობა განმცხადებლის მიერ სახელის ან/და გვარის შეცვლაზე, თუ განმცხადებელი თექვსმეტიდან თვრამეტ წლამდე არასრულწლოვანია
- 10 წლის ასაკს მიღწეული არასრულწლოვნის თანხმობა სახელის ან/და გვარის შეცვლაზე
- გვარის შეცვლის შესაბამისი საფუძვლის დამადასტურებელი საბუთი
იმ შემთხვევაში, თუ სახელის ან/და გვარის შეცვლის რეგისტრაცია ხორციელდება მინდობილი პირის დახმარებით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტებია:
- მინდობილობა (დამოწმებული სათანადო წესით)
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი
მოწმობა 60 კალენდარულ ვადაში გაიცემა. მისი ღირებულება კი 75 ლარია.
საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
- იძულებით გადაადგილებული, დევნილად ცნობილი პირები
- მომსახურების საფასურის 10% _ით გადახდისაგან თავისუფლდებიან სტუდენტები, რომლებზეც გაცემულია პირადობის (ბინადრობის) ელექტრონული მოწმობა აღნიშვნით „სტუდენტი“.
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ვებგვერდზე გადაამოწმოთ.
თამარ იაკობაშვილი