მორდოვეთის რესპუბლიკაში რამდენიმე დღის წინ ტრაგედია მოხდა, რომელმაც მთელი ქვეყანა შეძრა. კოვილკინსკის რაიონში, მდინარე მოქშაში, 37 წლის მრავალშვილიანი დედა, ნატალია იუდინცევა და მისი 17 წლის ქალიშვილი, ანასტასია დაიღუპნენ. ქალი წყალში მაშინ გადახტა, როცა დაინახა, რომ მისი ერთ-ერთი შვილი იხრჩობოდა. სამწუხაროდ, თავად უკან გამოსვლა ვერ მოახერხა. ნატალია 11 შვილის დედა იყო. მისი უმცროსი შვილი მხოლოდ 5 თვისაა…
საგამოძიებო კომიტეტის წარმომადგენლების თქმით, შემთხვევა 2025 წლის 12 ივლისს მოხდა. როგორც ცნობილია, ქალი შვილებთან ერთად ისეთ ადგილზე ბანაობდა, სადაც ცურვა აკრძალულია.
ოჯახის ახლო მეგობრის, დენის სამარინის თქმით, ტრაგედია მოულოდნელად მოხდა. ნატალია მდინარეზე ოთხ ქალიშვილთან ერთად წავიდა. ერთ-ერთი გოგონა წყალში ჩავიდა. თავიდან ჩანდა, რომ წყალი ღრმა არ იყო, თუმცა ბავშვი მოულოდნელად ჩავარდა. ნატალია მაშინვე წყალში შევარდა. მას 17 წლის ქალიშვილი, ანასტასიაც მიჰყვა. ქალმა შვილის ნაპირზე გაყვანა შეძლო, მაგრამ თავად დინებამ გაიტაცა. ანასტასია დედის დახმარებას ცდილობდა და ისიც დაიხრჩო.
ოჯახის მეგობარმა აღნიშნა, რომ ბავშვების მამას, ტიმოფეი იუდინცევს, ტრაგედიისთანავე დაუკავშირდნენ. ახლა ოჯახს არა მხოლოდ მორალურად, მატერიალურადაც ძალიან უჭირს და მათ დასახმარებლად ნაცნობები თანხას აგროვებენ.
ტიმოფეი ადგილობრივ საწარმოში ელექტრონიკის ინჟინრად მუშაობდა, ნატალიამ კი ბავშვების აღზრდასა და დიასახლისობას მიუძღვნა თავი.
ახლა მარტოხელა მამას ბევრი ადამიანი უჭერს მხარს და მის დასახმარებლად ნაცნობებთან ერთად, სრულიად უცნობი ადამიანებიც გაერთიანდნენ.