პირველი ქართველი, რომელმაც კიდურების დაგრძელების ოპერაცია გაიკეთა და სიმაღლეში 10 სმ მოიმატა - "სიარულის სწავლა თავიდან დავიწყე" - მშობლები

პირველი ქართველი, რომელმაც კიდურების დაგრძელების ოპერაცია გაიკეთა და სიმაღლეში 10 სმ მოიმატა - "სიარულის სწავლა თავიდან დავიწყე"

2025-07-18 11:18:59+04:00

36 წლის ირაკლი არჩვაძე პირველი ქართველია, რომელმაც კიდურების დაგრძელების ოპერაცია გაიკეთა და ბავშვობის ოცნება აიხდინა. ის საკუთარი გამოცდილების შესახებ გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს:

- ბავშვობიდან ვგრძნობდი, რომ არაპროპორციული ვიყავი. ხელები გაცილებით გრძელი იყო და ეს დიდ დისკომფორტს მიქმნიდა. ჩემი სიმაღლე 1,70 სმ იყო. მინდოდა, 10 სმ მომემატა, თუმცა მაშინ ამის შეცვლა შეუძლებელი იყო. ინტერნეტში ყოველთვის ვეძებდი, როგორ შემეძლო სიმაღლის შეცვლა. ერთ-ერთი ძიების დროს აღმოვაჩინე, რომ თურქეთში კიდურების დაგრძელების ოპერაცია კეთდება. ბარძაყის ძვალს შუაზე ტეხენ, შიგნით ხელოვნურ იმპლანტს დებენ. საშუალოდ, დღეში ამ ფიქსატორს 1 მმ-ით ვატრიალებ და ადამიანი 3 თვის განმავლობაში 9-10 სმ-ით იზრდება. ოპერაციიდან 5-6 დღეში რეაბილიტაციის ცენტრში გადადიხარ. არიან ფიზიოთერაპევტები, რომლებიც მასაჟებით გვეხმარებიან, რომ შეგვიმსუბუქონ ის ტკივილი, რასაც განვიცდით. პაკეტის ღირებულება 38 ათასი ევრო იყო. 38 ათას ევროში ფიზიოთერაპიის 36 სეანსი, ოპერაცია და ფიზიოთერაპიის ცენტრში ცხოვრება შედიოდა. კვება თანხაში არ შედის. 4 თვე მომიწია სტამბოლში ცხოვრება, რაც დაახლოებით, 42 ათასი ევრო დამიჯდა.

ერთ-ერთი დიდი რისკი ინფექციაა. ღია ჭრილობაა. არ შეიძლება ბანაობა. აუცილებელია, ფიქსატორების ადგილები სულ სუფთა გქონდეს. ერთ ბიჭს უნდოდა, 10 სმ-ით გაზრდილიყო. მაგრამ იმის გამო, რომ ინფექცია შეხვდა, ზრდა 6 სმ-ზე შეაჩერა. მე სანამ ოპერაციას გავიკეთებდი, ვემზადებოდი. დაახლოებით, 3-4 თვით ადრე გაწელვების ვარჯიშები დავიწყე. ოპერაციის შემდეგ მყესებიც იწელება და თუ ფორმაში არ არის, ძალიან დიდი ტკივილი იცის. როგორც ბავშვი იწყებს სიარულს, მეც სიარულის სწავლა თავიდან დავიწყე. დღეს 90%-ით გამართულად დავდივარ.

პირდაპირ ბულინგის მსხვერპლი არ ვყოფილვარ. ეს გამოხედვით, ჩაღიმებით შეიძლება, მეგრძნო. თავად არ მომწონდა ჩემი სიმაღლე და პროპორციები. თითქოს, ვგრძნობდი, რომ დაუსრულებელი ვიყავი...

ერთს ვიტყვი, სიმაღლე განაჩენი არ არის. ნებისმიერ დროს შეგიძლია, შეიცვალო. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენი წლის ხარ. კლინიკაში იყვნენ ადამიანები, რომლებიც 60-65 წლის ასაკში იკეთებდნენ ამ ოპერაციას.

აუცილებელია, ადამიანი ამისთვის მენტალურად მზად იყოს. არ შეეშინდეს და საკუთარ მიზანზე იფიქროს. ტკივილი წარმავალია, გაივლის. ახლა აღარც მახსოვს ის ტკივილი, რაც მქონდა.

ჩემს ცხოვრებაში ბევრი რამ შეიცვალა. ძირითადად, ჩემი ყველა მეგობარი ჩემზე მაღალი იყო. ზემოდან აღარ მიყურებენ, რაიმეს გამოღება თუ მინდა კარადიდან, მარტივია... ალბათ, როდესაც კონცერტზე მოვხვდები, სცენას კარგად დავინახავ. რეალურად, რომ დავფიქრდე, საკუთარი ნებით მივდივარ და ძვლებს ვიტეხ... ცოტა რისკიანი და ავანტიურისტიც უნდა იყო. თუმცა, ჩემ შემთხვევაში ბედნიერი ვარ, რომ ეს გადაწყვეტილება მივიღე და ერთი წუთითაც კი არ ვნანობ.