როგორ უნდა ამოვიღოთ ტკიპა სწორად კანიდან და რა რისკები აქვს დაავადებული მწერით ადამიანის დაკბენას - ეპიდემიოლოგი განმარტავს - მშობლები

როგორ უნდა ამოვიღოთ ტკიპა სწორად კანიდან და რა რისკები აქვს დაავადებული მწერით ადამიანის დაკბენას - ეპიდემიოლოგი განმარტავს

2025-07-18 12:09:25+04:00

ეპიდემიოლოგი ოთარ ჩოკოშვილი გადაცემაში "დღის პოსტი" საუბრობს, როგორ ამოვიღოთ ტკიპა სწორად, როგორ შეიძლება, ნაკბენი ამოვიცნოთ და რა სიმპტომები ახასიათებს ყირიმ-კონგოს:

- პირველ რიგში, მთავარია, დროულად მოვიშოროთ. თუ დავინახეთ, რომ კანზე გადაადგილდება, ეს უმეტესად მარტივია და მისი მოშორება შეიძლება, რადგან, დიდი ალბათობით, არ უკბენია. ბევრ ადგილზე კბენა ტკიპას არ ახასიათებს. უმეტესად, ერთ ადგილზე ჩაჯდება. ამ მომენტში, თუ ეს შევამჩნიეთ, მისი მოშორება მარტივია. შეიძლება, ტკიპის ნაკბენი ვერც ვიგრძნოთ. ის კანში რომ ჯდება, სპეციალური ხორთუმი გააჩნია და გარკვეულ ნივთიერებას გამოჰყოფს, რომელიც ტკივილის შეგრძნებას ამცირებს. როდესაც ტკიპა კანში ხორთუმს ათავსებს, შემდგომ სისხლის გამოწოვას იწყებს, ამ მომენტისთვის, შეიძლება, ვერ შევამჩნიოთ, მაგრამ შეიძლება, ხელით შევიგრძნოთ ან უბრალოდ დათვალიერებისას აღმოვაჩინოთ. ამ შემთხვევაში, რა თქმა უნდა, მის მოშორებას უნდა ვეცადოთ. ტკიპის კანიდან მოშორების ბევრ მეთოდზე საუბრობენ, მაგრამ ყველაზე სწორი და ეფექტური მეთოდი პინცეტით მოშორებაა. თუ ვხედავთ, რომ ტკიპა კანში ღრმადაა ჩამჯდარი, ჯობს სამედიცინო დაწესებულებას მივმართოთ. თუ ვნახეთ, რომ შედარებით მოზრდილია და არც ისე ღრმადაა, მაშინ მთავარია, პინცეტის პირი მოვკიდოთ, ვიდრე ამოვქაჩავთ, პინცეტი დავატრიალოთ 360 გრადუსით. ხორთუმი, რომელიც ჩარსობილია, ნელ-ნელა უნდა ამოვიდეს. თუმცა, ამას ექიმი უკეთ გააკეთებს. მაგრამ, იმ შემთხვევაში თუ შესაძლებლობა არ გვაქვს, მთაში ან სხვა ისეთ ადგილზე ვართ, შეგვიძლია ასეთი მეთოდი გამოვიყენოთ. მისი მოწვა, გაჭრა არ შეიძლება. მეტად გამოასხამს ბიოლოგიურ სითხეებს და მეტად დავაზიანებთ.

როდესაც ტკიპას ამოვაძრობთ, ნაკბენი ადგილი აუცილებლად წყლითა და საპნით უნდა დავამუშაოთ. ყველა ტკიპა და მწერი დაავადებული არ არის. ეს შეიძლება, პატარა დისკომფორტი იყოს და ცოტახანში საერთოდ გაგვიაროს და აღარც გვახსოვდეს. მაგრამ, არის შემთხვევები, როდესაც მწერები დაავადებულნი არიან და ინფექცია გადააქვთ და საყურადღებოა.

ყირიმ-კონგო მძიმე დაავადებაა. მისი ლეტალობის მაჩვენებელი საკმაოდ მაღალია და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიხედვით, შეიძლება, 50-60%-ს აღწევდეს. საქართველოში, ჩვენს ხელთ არსებული სტატისტიკით, წელიწადში დაავადების ათეულობით შემთხვევა ფიქსირდება, თუმცა ლეტალობა ძალიან დაბალია. ექიმთან დროულად მიმართვა აუცილებელია. ინფექციის მთავარი გადამტანი ტკიპის გარკვეული სახეობაა. ეს სახეობა ყველგან არ არის გავრცელებული, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში ბინადრობს. ძირითადად, სამცხე-ჯავახეთისა და ქართლის რეგიონებში, ისეთ ადგილებშია, სადაც მეცხოველეობა განვითარებულია. აღნიშნული მწერები დაავადებული ცხოველებისგან ავადდებიან. აღსანიშნავია, რომ ინფექციის გავრცელება შეიძლება, ცხოველებთან კონტაქტმაც გამოიწვიოს და არა უშუალოდ მხოლოდ ტკიპამ. თუმცა, უმეტესად, ტკიპით გადადის.

ყირიმ-კონგოს სიმპტომებია: მაღალი ტემპერატურა, ზოგადი სისუსტე, კუნთების ტკივილი. რამდენიმე დღეში შეიძლება, კანქვეშა სისხლჩაქცევები გამოიხატოს. შეიძლება, ადამიანს უმიზეზოდ სისხლდენა დაეწყოს. ამიტომ, ექიმთან დროულად ვიზიტს განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. თუ მაღალი რისკის რეგიონებში ვცხოვრობთ, ტკიპებიან ცხოველებთან შეხება გვიწევს, მაქსიმალური სიფრთხილე უნდა გამოვიჩინოთ. შიშველი ხელით ცხოველიდან ტკიპის მოშორება არ შეიძლება.

ნახეთ გადაცემა სრულად: