ჯასტინ ტიმბერლეიკი ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ამერიკელი მომღერალი და მსახიობია.მოგებული აქვს ოთხი "ემის" და ცხრა "გრემის" ჯილდო, ერთ-ერთი წამყვანია ალბომების გაყიდვით მთელ მსოფლიოში და წარმატებულად ატარებს მსოფლიო ტურნეებს.
1981 წლის 31 იანვარს, მემფისში, ტენესის შტატში, ლინ ჰარლესისა და რენდალ ტიმბერლეიკის ოჯახში დაიბადა. ინგლისური, გერმანული, ფრანგული და ამერიკული წარმომავლობა აქვს. მისი მშობლები 1985 წელს განქორწინდნენ და შემდგომში ორივემ ხელახლა იქორწინა. დედამისი, რომელიც ამჟამად გასართობ კომპანია Just-in Time Entertainment-ს მართავს, პოლ ჰარლეზე დაქორწინდა, როდესაც ჯასტინ ტიმბერლეიკი 5 წლის იყო. დაახლოებით ამ პერიოდში მისი მამა, ბაპტისტური ეკლესიის გუნდის დირექტორი, ასევე დაქორწინდა და მეორე ცოლ ლიზასთან ორი ვაჟი შეეძინა: ჯონათანი (დაიბადა 1993 წელს) და სტივენი (დაიბადა 1998 წელს).
ტიმბერლეიკმა მუსიკალური კარიერის პირველი ნაბიჯები სატელევიზიო შოუში „Star Search“ გადადგა, სადაც ქანთრი სიმღერებს ჯასტინ რენდალის სახელით ასრულებდა. უყვარდა შოუს „მიკი მაუსის კლუბის“ ყურება, ხოლო მისი ბავშვობის კერპები იყვნენ ალ გრინი და მაიკლ ჯექსონი, რომელთა ცეკვის ილეთების მიბაძვას ცდილობდა.ჯასტინის კიდევ ერთი კერპი იყო ელტონ ჯონი, რომლის სიმღერების შესრულებაც უყვარდა.
1993 წლიდან მონაწილეობდა საბავშვო შოუში „მიკი მაუსის კლუბი“, სადაც გაიცნო მომავალი ჯგუფის წევრი, ვოკალისტი ჯეისი ჩაისი, ასევე კრისტინა აგილერა და მომავალი შეყვარებული, ბრიტნი სპირსი. როდესაც შოუ დასრულდა 1995 წელს, ტიმბერლეიკმა ჩაისს შესთავაზა ახალ მუსიკალურ ჯგუფში სიმღერა, რომელიც მალევე გახდა ცნობილი როგორც „N Sync“.
1997 წლის მაისში ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო ალბომი, რომელიც 11 მილიონზე მეტ ეგზემპლარად გაიყიდა. „N Sync“-ის მესამე სტუდიური ალბომი, „No Strings Attached“, რომელიც გამოვიდა 2000 წელს, დაახლოებით 15 მილიონი ეგზემპლარი გაიყიდა. იმავე წელს ტიმბერლეიკის ჯგუფმა MTV Video Music Awards-ზე სამი ჯილდო მოიპოვა.
თუმცა 2002 წლიდან ტიმბერლეიკმა სოლო კარიერა დაიწყო და საკმაოდ წარმატებითაც. 2004 წელს მის გარშემო უზარმაზარი სკანდალი ატყდა. მილიონობით მაყურებლის წინაშე, შოუზე ჯანეტ ჯექსონთან ერთად გამოსვლისას, მან (შემთხვევით, მისივე თქმით) ჯექსონის ზედატანის ნაწილი მოაგლიჯა, რომელიც ქალის მარჯვენა მკერდს ფარავდა. მათ მიერ შესრულებულ სიმღერაში ტექსტი იყო: „მე გაგიშიშვლებ, სანამ ეს სიმღერა დასრულდება“. ამ სკანდალმა ორივეს პოპულარობას შეუწყო მაშინ ხელი.
1997 წლიდან 2002 წლამდე ის ბრიტნი სპირსს ხვდებოდა და მათი დაშორების შემდეგ გამოუშვა სიმღერა და ვიდეო „Cry Me a River“. სიმღერა მოგვიანებით მსოფლიო ჰიტად იქცა, მათი ურთიერთობა კი საყოველთაო განხილვის საგანი იყო მუდამ. მით უმეტეს, რომ ბრიტნიმ ბოლომდე ვერ გადახარშა ჯასტინთან დაშორება, მოგვიანებით კი მემუარებში მოყვა, როგორ გააკეთებინა ჯასტინმა აბორტი.
2003 წელს ტიმბერლეიკმა კამერონ დიასთან დაიწყო ურთიერთობა. 2007 წლის დასაწყისში წყვილი ერთმანეთს დაშორდა. 2007 წლის თებერვალში კი მსახიობ ჯესიკა ბილთან გააბა რომანი. 2011 წელს დაშორდნენ, თუმცა რამდენიმე თვის შემდეგ შერიგდნენ და 2012 წლის 19 ოქტომბერს იტალიაში დაქორწინდნენ. მას მერე, 12 წელზე მეტია, ერთად არიან.
2015 წლის აპრილში წყვილს ვაჟი, საილას რენდალ ტიმბერლეიკი შეეძინა. 2020 წლის ზაფხულში კი მეორე ვაჟი, ფინეასი გაჩნდა.