უამრავ დაავადებასთან მებრძოლი გემრიელი ხილი ვაშლი სუპერხილად ითვლება. ვაშლი ჩვენი ჯანმრთელობისთვის აუცილებელი და სასარგებლოა, რადგან მას განსაკუთრებული თვისებები აქვს. იგი ჰექტინების ბუნებრივი წყაროა, რომელიც კუჭ-ნაწლავის ტრაქტში არ გადამუშავდება, სამაგიეროდ ორგანიზმში გაწმენდის, დასუფთავების ფუნქციას ასრულებს. პექტინი ნაწლავებში ახდენს ნივთიერებათა ცვლის პროცესის აქტივაციას, მავნე პროდუქტებს, მძიმე ლითონებს, რადიონუკლიდებს, ტოქსინებს და ა.შ. გამოდევნის. სწორედ ამიტომაა გახეხილი ვაშლი ფაღარათის წინააღმდეგ მებრძოლი არაჩვეულებრივი, აპრობირებული მეთოდი. ხოლო დიეტა, რომელიც გამდიდრებულია პექტინებით, 30%-ით დაბლა სწევს ქოლესტერინს და ამავდროულად ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. პექტინებს ორგანიზმიდან ნივთიერებათა ცვლის დაუჟანგავი პროდუქტები (თავისუფალი რადიკალები) გამოჰყავს.
მინერალებიდან ვაშლი შეიცავს კალიუმს, ფოსფორს, კალციუმს, მაგნიუმს, ნატრიუმს და განსაკუთრებით დიდი რაოდენობით რკინას, ვიტამინებიდან - C, E, B1, B2, B6, PP ვიტამინებს, კაროტინსა და ფოლიუმის მჟავას. რაც მთავარია, ეს კომპონენტები ვაშლში ადვილად ასათვისებელი ფორმით და ჩვენი ორგანიზმისთვის მეტად ოპტიმალური კომბინაციით არის წარმოდგენილი.
ვაშლი მიჩნეულია ერთ-ერთ მძლავრ ანტიოქსიდანტად, რომელიც ფილტვებს თამბაქოს კვამლისა და ჰაერში არსებული მავნე ნაერთების ზემოქმედებისგან იცავს. ეს კარგად უნდა ახსოვდეთ მწეველებს და რეგულარულად მიირთვან ვაშლი. ვაშლში შემავალი ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერებები ამცირებს ათეროსკლეროზის განვითარების რისკს. ფიტონუტრიცევტული ნივთიერებები, რომლებიც უხვადაა ამ სახეობის ხილში (ასევე - მის წვენში), წითელი ღვინის მსგავსი თვისებებით გამოირჩევა - ამცირებს სისხლში ქოლესტერინის დონეს. ვაშლის წვენი აჯანსაღებს გულ-სისხლძარღვთა სისტემას, სასარგებლოა გონებრივი შრომით დაკავებულთათვის. თუ საუზმემდე ყოველდღე ორ ვაშლს მიირთმევთ, გულის დაავადებათა განვითარების რისკს 20%-ით შეამცირებთ. გამოკვლევებით დადასტურებულია, რომ ვაშლში შემავალი ფლავონოიდები და პოლიფენოლები სიმსივნის საწინააღმდეგო ეფექტით გამოირჩევა.
ორგანიზმის მავნე ტოქსიკური ნივთიერებებისგან გასაწმენდად კვირაში ერთხელ სასურველია განტვირთვის დღე მოიწყოთ. მთელი დღის განმავლობაში უნდა მიირთვათ 1,5 კილოგრამი ვაშლი და 4 ჩაის ჭიქა ნაკლებად შაქრიანი ჩაი. ორგანიზმის ასეთი გაწმენდა წონაში დაკლებაშიც დაგეხმარებათ. კვირაში 0,5-1 კილოგრამი ვაშლი დაბალკალორიულ პროდუქტად ითვლება (50 კალორია 100 გრამში), ხოლო ისინი, ვინც ყოველი ჭამის წინ რეგულარულად მიირთმევენ თუნდაც ერთ ცალ ვაშლს, ავტომატურად თრგუნავენ ჭამის მადას, თუმცა ასტიმულირებენ და არეგულირებენ კუჭ-ნაწლავის ნორმალურ მუშაობას და თავიდან იცილებენ შეკრულობასაც.