"ეს არის სტიმული ძვლის ტვინისთვის, ჰემოგლობინი მატულობს" - რატომ ანიჭებს ყარამან ფარავა ბავშვის მთაში დასვენებას უპირატესობას და ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე ჯობს პატარების წაყვანა - მშობლები

"ეს არის სტიმული ძვლის ტვინისთვის, ჰემოგლობინი მატულობს" - რატომ ანიჭებს ყარამან ფარავა ბავშვის მთაში დასვენებას უპირატესობას და ზღვის დონიდან რა სიმაღლეზე ჯობს პატარების წაყვანა

2025-08-11 10:22:23+04:00

ზღვა თუ მთა - სად ჯობია ბავშვის წაყვანა? ზაფხულობით ეს კითხვა ძალიან ბევრ მშობელს უჩნდება, განსაკუთრებით, ზაფხულის შვებულების დაგეგმვისას. ამ შეკითხვას პედიატრი, თსსუ-ის პროფესორი, აკადემიკოსიყარამან ფაღავა პასუხობს.

„როცა ჟანგბადის კონცენტრაცია ჰაერში ოდნავ დაბალია, ეს უკეთესია ჩვენი ჯანმრთელობისთვის. არ ვგულისხმობ ძალიან მაღალ მთიანეთს - 2000 ან უფრო მაღალს ზღვის დონიდან, მაგრამ საშუალოდ მაღალმთიანეთში, 1000-დან 1500 მეტრამდე, გვაქვს ჟანგბადის გარკვეული ნაკლოვანება, რომელიც, პარადოქსულად ჟღერს, მაგრამ უკეთესად მოქმედებს ადამიანის, მათ შორის, ბავშვის ჯანმრთელობაზე.

პირველ რიგში, ეს არის სტიმული ძვლის ტვინისთვის, ერითროციტები უფრო მეტი რაოდენობით გამოიყოფა და ჰემოგლობინი მატულობს.

უმჯობესდება მადა, ასევე ცენტრალური და ვეგეტატიური ნერვული სისტემის მუშაობა. დაწყნარება და სიმშვიდე ყველა ასაკში გვჭირდება. მთაში უფრო წყნარები ხდებიან ბავშვებიც და მოზრდილობიც.

მთაში სხვადასხვა სურნელებით გაჯერებულ ჰაერს რომ სუნთქავ, ფიტონციდები (ბუნებრივი ანტიბიოტიკები) ფილტვებს ასუფთავებს.

სოფელი კარგია, ზღვაც არ დავიკლოთ, მაგრამ მთას ჯანმრთელობისთვის უდაოდ ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს,“ - ამბობს ყარამან ფაღავა.