ნინო ხარატიშვილის წიგნი მოზარდებისთვის გერმანულიდან თარგმნა მაია ფანჯიკიძემ
ბანგლადეში, გერმანია, სენეგალი, მალი, ესპანეთი, საფრანგეთი, ინდოეთი და ისევ ბანგლადეში… – ამ წრეს ნინო ხარატიშვილის პერსონაჟები კრავენ, ბავშვები, რომლებიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში ცხოვრობენ, მაგრამ იმაზე უფრო მჭიდროდ არიან ერთმანეთთან დაკავშირებული, ვიდრე ეს თავად წარმოუდგენიათ.
როგორია ბავშვებისთვის ცხოვრება ისეთ სამყაროში, სადაც მათ ადრეული წლებიდანვე იმეტებენ მძიმე შრომისა და სიღარიბისთვის, უუფლებობისა და გულში ჩამალული ტკივილებისთვის, უიმედობისა და სასოწარკვეთისთვის?
„ანანდ, გეყოს ოცნება, გაიღვიძე“ – ჩაესმის ყველაზე სანუკვარ ოცნებებში წასულ ბანგლადეშელ ბიჭს იმ ლომის ხმა, რომელსაც საკუთარი პაწია ხელებით კერავს, რათა ოჯახი გამოკვებოს.
სწორედ ეს ლომი იქცევა იმ ერთიანობის სიმბოლოდ, რომელიც დედამიწის სხვადასხვა წერტილში მცხოვრებ ბავშვებს ერთმანეთთან უხილავად დააკავშირებს და მათ გულებს სიხარულის ცეცხლით ააგიზგიზებს.
ლომზე დიდი გული არავის აქვს, ლომგულის პატიოსანი სიტყვა კი მხოლოდ მას შეუძლია მისცეს ვინმეს, ვინც ცხოველთა მეფესავით გულადია. ამ წიგნში ბავშვები არიან ის ლომგულები, რომლებიც თავიანთი თანაგანცდის უდიდესი უნარით, საკუთარი მომავლის გასაუმჯობესებლად თუ ოჯახის უკეთესი ახალი დღისთვის, მეგობრის სიხარულისა და დედამიწის უკეთეს ადგილად გადაქცევისთვის გულუხვად იღებენ ყველაზე ძვირფასს, რაც გააჩნიათ.
ამ წიგნით გრძნობ, რომ სიცოცხლე თავისთავად სასტიკი არასდროსაა, ხოლო დედამიწას ბავშვებისთვის ხშირად სრულიად შეუსაბამო ადგილად დიდები აქცევენ; ბავშვები კი, რომლებსაც პატარაობიდანვე, განათლების მიღების ნაცვლად, მძიმე შრომა და ცხოვრებისეულ სირთულეებთან გამკლავება უწევთ, ყველაზე მეტს ფიქრობენ, როგორ შეცვალონ ასეთი სამყარო; სამყაროსთან ერთად, როგორ შეცვალონ საკუთარი მომავალი, თუნდაც ამისთვის სახლიდან გაქცევა მოუწიოთ; ამასთანავე, შეცვალონ დედმამიშვილის მომავალიც, რომელიც ჯერ ისევ ბავშვია, რათა ის დიდმა კაცებმა დასაქორწინებლად აღარ წაიყვანონ, რათა თვალებზე ბრჭყვიალები აღარ წაუსვან, რათა მან შეძლოს და ცხოველების ექიმი გახდეს.
შეძლებენ ბავშვები ოცნებების ახდენას? შეძლებენ მძიმე, მოქუფრული ცხოვრება აამზიანონ? წაიღებს ანანდის ლომი პატარა ბიჭის წერილს ევროპაში? დიახ, სწორედ ევროპაში, რადგან ანანდი დარწმუნებულია, რომ ღმერთი ევროპაში ცხოვრობს.
NS