"ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანებმა ასეთი სითბოთი მიიღეს... " - ინტერვიუ ნინო კვაჭანტირაძესთან (+ტომატის საწებლის მისეული რეცეპტი) - მშობლები

"ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანებმა ასეთი სითბოთი მიიღეს... " - ინტერვიუ ნინო კვაჭანტირაძესთან (+ტომატის საწებლის მისეული რეცეპტი)

2025-08-27 18:36:44+04:00

სოციალურ ქსელში ზურა შევარდნაძისა და ნინო კვაჭანტირაძის ვიდეო-რეცეპტები განსაკუთრებით პოპულარულია. მათი საუბარი გურიასა და ძველ ტრადიციებზე, მოგონებებზე, წარსულის სხვადასხვა ამბავზე, ადამიანებს ნოსტალგიურ განწყობას უქმნის და ვიდეოები უამრავ თბილ კომენტარსა და შეფასებას აგროვებს.

დღეს mshoblebi.ge ნინო კვაჭანტირაძეს უფრო ახლოს გაგაცნობთ. მოგიყვებით, რას საქმიანობდა ის იქამდე, ვიდრე პოპულარულ ვიდეოებში ვნახავდით და საიდან დაიწყო მისი კულინარიისადმი სიყვარული:

1-1756305759.jpg

- 1988 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი დავამთავრე. სტუდენტობის პერიოდიდანვე ვმუშაობდი. მაშინ იმდენი ჟურნალ-გაზეთი არ იყო, რამდენიც შემდეგ წლებში დაარსდა. თავდაპირველად "ახალგაზრდა კომუნისტში" ვმუშაობდი, შემდეგ კი "ახალგაზრდა ივერიელის" სახელით გამოდიოდა. ეს ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო. მომავალ ჟურნალისტებსაც პრაქტიკის გავლისა და ცოდნის გამრავალფეროვნების შესანიშნავი შესაძლებლობა ჰქონდათ. ჩემთვის დიდი ბედნიერება იყო, რომ ამ რედაქციაში მოვხვდი. 1995 წელს ჟურნალისტთა ჯგუფმა ყოველდღიური გაზეთი - "დილის გაზეთი" დააარსა. ძალიან კარგი რედაქცია ჩამოყალიბდა. 24-გვერდიანი, საინტერესო გამოცემა იყო, რომელმაც 2005 წლამდე იარსება. შემდეგ შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის სამმართველოს პრეს-სამსახურში გადავედი. 4 წლის განმავლობაში პრეს-სამსახურის უფროსი ვიყავი. დაახლოებით, 9 წელი იუსტიციის სამინისტროში ვმუშაობდი. საკანონმდებლო მაცნეს ვხელმძღვანელობდი, საინტერესო წლები იყო, ასევე, ორი მოწვევის პარლამენტში ვმუშაობდი, დედაქალაქის მერიაშიც ვიყავი - წლების განმავლობაში, არაერთი გამოცდილება დამიგროვდა.

შემდეგ ჩემს მშობლებს ჯანმრთელობის პრობლემები შეექმნათ. ჩემთან ჩამოვიყვანე და 7 წელი მათთან ვიყავი. პერიოდულად, პროფესიულად რაღაცებს ვახერხებდი, თუმცა ძირითად დროს მათთან ვატარებდი. სამწუხაროდ, დედ-მამა 10-დღიანი შუალედით გარდამეცვალა...

ზურა შევარდნაძე ჩემი ძალიან დიდი ხნის მეგობარია. მიუხედავად იმისა, რომ ის ჩემზე ბევრად პატარაა, დიდი საერთო სამეგობრო წრე გვყავს, გურიაც ხომ საერთო გვაქვს... "გარდენიაში" ძველი, გურული რეცეპტების გაცოცხლება დავიწყეთ. ეს არის რეცეპტები, რაც ჩვენ გვახსოვდა, რასაც ჩვენი ბებიები, დედები აკეთებდნენ... ვიდეო-რეცეპტების გამოქვეყნება დავიწყეთ და აღმოჩნდა, რომ უამრავი ადამიანისათვის საინტერესო და ამავდროულად, სასიამოვნოდ საყურებელია.

- ვიდეოებს, რომლებსაც ბატონი ზურა შევარდნაძე თქვენთან ერთად ტვირთავს ძალიან დიდი გამოხმაურება აქვს. ელოდით მაყურებლის მხრიდან ასეთ შეფასებებს ან ნეგატიური კომენტარები თუ იწერება?

- ნეგატიური კომენტარებიც იწერება, თუმცა იმდენად მცირეა, რომ ყურადღებას არ ვამახვილებთ. მაყურებლის კეთილგანწყობა იმდენად დიდია, რომ მცირე რაოდენობის ნეგატიური კომენტარები აღარ ჩანს.

მინდა გითხრათ, რომ რასაც ზურა გეგმავს, ყველაფერი დიდი წარმატებით გამოსდის. ამიტომ, ვიცოდი, ამ შემთხვევაშიც შესაბამისი გამოხმაურება ექნებოდა. თუმცა, გულწრფელად ვიტყვი, ამხელა გამოხმაურებას მაინც არ ველოდი. უამრავი ადამიანი სითბოს გვიზიარებს, დადებით კომენტარებს გვწერს და ეს ძალიან დიდი ბედნიერებაა. ჩემი დაკვირვებით, ამას ერთი ახსნა აქვს: ის, რაც გულწრფელობით, სიყვარულით, მოგონებებით კეთდება, საკუთარ ადგილს ადვილად პოულობს. უამრავი ემიგრანტი გვეხმაურება და დადებით კომენტარებს გვწერს.

მიყვარს, როდესაც ადამიანებს რაიმე სასარგებლოს ვუზიარებ. ეს არ ნიშნავს, რომ ვინმეს ჭკუას ვარიგებ ან თავს ვახვევ. საკუთარ გამოცდილებას ვუზიარებ და როგორც ჩანს, ეს ბევრისთვის საინტერესოა.

4-1756305779.jpg

- სამზარეულოთი როდიდან დაინტერესდით?

- სამზარეულო ბავშვობიდან მაინტერესებდა. დედა, ბებია, დეიდა შესანიშნავად ამზადებდნენ და პროცესში მეც ვერთვებოდი. გამორჩეული გემოები იყო და ძალიან გვინდოდა, კვლავ გაგვეცოცხლებინა. ვიდეო-ბლოგების ჩაწერის მიზანიც ეს გახლდათ. თანამედროვე თაობა ხშირად უპირატესობას სწრაფ კვებას ანიჭებს და, თითქოს, ის რეცეპტები, რომლებსაც ჩვენი მშობლები, ბებიები იყენებდნენ, ქრება. მგონია, ამ ფორმით სხვადასხვა რეცეპტის გახსენება, წინ წამოწევა ძალიან კარგია.

- თვენი და ბატონი ზურას დიალოგები მაყურებელს განსაკუთრებით უყვარს. როდის გაიცანით ერთმანეთი?

- ზურას დიდი ხანია, ვიცნობ. სკოლაში ის ჩემი ბიძაშვილის მოსწავლე იყო და სწორედ ნანამ გამაცნო. ჩემზე ბევრად პატარაა. მქონდა შესაძლებლობა, მენახა, როგორ გადააქცია "გარდენია" იმ სივრცედ, რომელიც ახლა ადამიანებს ასე ძალიან უყვართ.

ახლა მე და ზურა დავდივართ სოფლებში, ვხვდებით ადამიანებს, ვნახულობთ მეურნეობებს, გვიზიარებენ საკუთარ გამოცდილებას და რჩევებსაც გვეკითხებიან.

6-1756305802.jpg

- ოჯახის წევრები თუ იზიარებენ თქვენს სიყვარულს კულინარიისადმი?

- ერთი შვილი მყავს. ჩვეულებრივი დედა ვარ, რომელიც შვილის მომავალსა და კეთილდღეობაზეა ორიენტირებული. ჩემი შვილი დაოჯახებულია და ცალკე ცხოვრობს. ჩემ მიერ გაკეთებული კერძი ყოველთვის მოსწონდა. როდესაც მინდა, რაღაც გავასინჯო, ხშირად მეხუმრება და მეუბნება: "დედა, ეს კერძი ფეისბუკზე ხალხს უკვე გაასინჯე?" თავად მას მომზადება არ უყვარს. ეს თაობა ხშირად საჭმლის მომზადებისათვის დროის გამოყოფას დაკარგულად თვლის. თუმცა, რა თქმა უნდა, არიან ისეთი ახალგაზრდები, რომლებსაც კულინარია აინტერესებთ და ამ მიმართულებით ცდილობენ განვითარებას.

- ახალგაზრდა დიასახლისებს მზარეულობისთვის ნაკლები დრო რჩებათ ხოლმე. რა შეგიძლიათ, მათ საკუთარი გამოცდილებით ურჩიოთ?

- ვფიქრობ, ყველაფერი ინტერესებზეა დამოკიდებული. ზოგს, პირიქით, სამზარეულოში ყოფნა მოსწონს. ზოგს ამისთვის დრო არ აქვს. არის რაღაც მარტივი ხრიკები, რჩევები, რომელთა მოძიება და გათვალისწინებაც შეუძლიათ, რომ საქმე შეიმსუბუქონ. მაგალითად, ის, რომ სადილს აუცილებლად ხის კოვზით უნდა მოურიო, მარტო ტრადიცია არ არის. საკმარისია, ლობიოს რკინის კოვზით მოურიო, აუცილებლად ერთი საათით გვიან მოიხარშება. ეს არის წესები, რომლებიც იმ გარემოში ვისწავლე, სადაც ვიზრდებოდი.

7 წლის ვიყავი, როდესაც პირველად ორცხობილა გამოვაცხვე. დედამ მასწავლა და ეს ძალიან მახარებდა. საჭმელი მხოლოდ დანაყრების საშუალება არ არის. საჭმელს თუ ხსოვნა არ ახლავს, მაშინ ის მხოლოდ დასანაყრებელი საშუალებაა... რაღაცებს რომ ვაკეთებ, თან მოგონებები მოჰყვება და ესაა ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი. მაგალითად, ბებიაჩემი პომიდორში ჩახრაკულ ქათამს აკეთებდა ნიგვზით. ისეთი სურნელი ჰქონდა, რამდენი წელიც არ უნდა გავიდეს, სულ მახსენდება. სკოლაში წასასვლელად რომ ვიღვიძებდით, დედა ტილოგადაფარებულ ხაჭაპურს, "ვარენიკებს", ოლადებს გვახვედრებდა და ეს სულ მახსოვს. ყველა კერძს თავისი ისტორია და მოგონება მოჰყვება. საქართველოში სუფრა ყოველთვის თავშეყრის, სიყვარულის, ურთიერთობის საშუალება იყო. იმ ჭურჭელს, რომელიც ჩვენს სახლებში იყო, სამწუხაროდ, აღარ იყენებენ. ოჯახებში ხშირად აღარც დიდ სუფრებს შლიან, დაბადების დღეების სახლში გადახდის ტრადიციაც აღარაა. ჩემთვის კი, ამას განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. ვფიქრობ, იმ ვიდეოებში, რომლებსაც ჩვენ ვაქვეყნებთ, ეს სიყვარული, მოგონებები ყოველთვის იგრძნობა და ამიტომაცაა ასეთი პოპულარული.

დაახლოებით, 8-9 წლის ვიყავი, როდესაც დედაჩემი მავალებდა, რომ მჭადი გამომეცხო და სამსახურიდან რომ დაბრუნდებოდა, მისთვის დამეხვედრებინა. წლების შემდეგ დედა თბილისში ჩამოვიყვანე, მასთან სასაუბროდ ბევრი დრო მქონდა და ვკითხე, ამას რატომ მაკეთებინებდა. გავეხუმრე კიდევაც და ვუთხარი, ახლანდელ დროში ამის გამო, ალბათ, ბავშვთა უფლებების დარღვევისთვის დაგსჯიდნენ-თქო. მითხრა, იმ მჭადს სულ არ შევჭამდი ან თავად გამოვაცხობდი, მაგრამ მინდოდა, შენ ვინმეზე ზრუნვა გესწავლაო... მინდოდა, სხვაზე მოფიქრალი ყოფილიყავი და გაგეგო, რომ მარტო შენ არ ხარ ქვეყანაზეო.

რამდენიმე დღის წინ ერთ-ერთი მწერლის სიტყვებს ვკითხულობდი. მშობლებს მიმართავს, რომ მაქსიმალურად გაანებივრონ თავიანთი შვილები, შეარგონ ბავშვობა, საწოლიც დაულაგონ, ოთახიც მოუწესრიგონ, შეუსრულონ სურვილები, რადგან, მისი თქმით, პასუხისმგებლობები დიდობაშიც ეყოფათ. განა იმას ვამბობ, რომ ადამიანი დიდობაში ვერ ისწავლის რაიმეს, თუკი მოინდომებს?! ამ ფრაზებმა სწორედ ჩემი მაგალითი და დედაჩემის სიტყვები გამახსენა, რომელიც ცდილობდა, ჩემთვის დავალებული პატარ-პატარა საქმეებით საკუთარ თავსა და სხვებზე ზრუნვა, სიყვარული ესწავლებინა. ხშირად, როდესაც ოჯახში რაღაცას ვამზადებდით ან მე ვცდილობდი რაიმეს გაკეთებას, მეუბნებოდნენ, რომ მეზობლისთვის, ნათლიაჩემისთვის გადამეტანა, მათთვისაც გამესინჯებინა. ეს ურთიერთობის ფორმა იყო და არ ვთვლი, რომ დაჩაგრული ვიყავი. მიუხედავად იმისა, რომ ბევრი მიდგომა შეიცვალა, ჩემთვის ეს მოგონებები ძალიან ძვირფასია.

9-1756305887.jpg

- გურიაზე საუბრობთ ხშირად. გურიაში დაიბადეთ?

- ქობულეთში დავიბადე და გავიზარდე. სკოლა რომ დავამთავრე, თბილისში წამოვედი. მაგრამ, გურიაში სოფელი გვაქვს და სულ ამ გარემოში ვტრიალებდი. გურიაზე ხშირად ვლაპარაკობ, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ სხვა რომელიმე კუთხეს ვაკნინებ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეზე ვგიჟდები. საბედნიეროდ, ჩემმა პროფესიამ მომცა შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის ყველა კუთხეში ჩავსულიყავი. მაგრამ, გურიაზე ბევრად მეტი რამ ვიცი და საუბარიც უფრო თავისუფლად შემიძლია. ვაკეთებ იმას, რაც ძალიან მიყვარს და უბედნიერესი ვარ, რომ ეს ადამიანებმა ასეთი სითბოთი მიიღეს.

ტომატის საწებელი ნინო კვაჭანტირაძის რეცეპტით, რომელმაც საზოგადოებაში ძალიან დიდი მოწონება და გამოხმაურება გამოიწვია:

აი, ვინც ზამთარში ამ საწებლის რეცეპტს მთხოვთ, ახლა გეუბნებით, ამის გაკეთების სეზონი ახლაა და არ დაიზაროთ, უადვილესია :

10 კილო პომიდორს ამოაჭერით ყუნწები, გადაჭერით შუაზე და ჩაყარეთ ქვაბში + 1 კილო გასუფთავებული სტაფილო, 2 კილო გათლილი, დაჭრილი ვაშლი, 2 კილო ბულგარული წიწაკა, 500 გრამი მწარე წითელი წიწაკა, 1 კილო გაფცქვნილი ხახვი, 3 თავი ნიორი, ყველაფერი ერთად უნდა მოიხარშოს. რომ გაგრილდება დავაბლენდერებთ, დაუმატებთ მარილს გემოვნებით და 10 გრ ( 20 აბი) ასპირინს, ჩავასხამთ დამდუღრულ ქილებში ან ბოთლებში და ვინახავთ გრილ ადგილზე. ( გამოდის 20-22 ნახევარლიტრიანი )

მოკლედ, ეს საწებელი გემრიელია ხორცთან, კარტოფილთან და წიწიბურასთანაც კი. ასევე აგემრიელებს წვნიანებს და ბოლო-ბოლო პურთან ერთადაც შეგიძლიათ მიირთვათ, განსაკუთრებით მარხვაში.

თამარ იაკობაშვილი