ობლობაში გაზრდილი, აქციებზე ნაპოვნი დედობილი, 4-წლიანი სასჯელი და ციხიდან იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება - პატიმარ არჩილ მუსელიანცის საოცარი ისტორია - მშობლები

ობლობაში გაზრდილი, აქციებზე ნაპოვნი დედობილი, 4-წლიანი სასჯელი და ციხიდან იურიდიულ ფაკულტეტზე ჩაბარება - პატიმარ არჩილ მუსელიანცის საოცარი ისტორია

2025-09-15 17:07:39+04:00

სასწავლო წელი დაიწყო, ახმაურდა ბაღები, სკოლები, უმაღლესი სასწავლებლები....

პირველკურსელები განსაკუთრებული მოლოდინით ელიან ამ დღეს... არანაკლები მოლოდინი აქვს ჩვენი სტატიის გმირს. ის გისოსებს მიღმა, ციხის საკნიდან დაიწყებს სტუდენტურ ცხოვრებას... მისთვის, ეს წელი დადებითი და უარყოფითი ემოციებით აღსავსე აღმოჩნდა.. თბილისის აქციებისას დაკავებულს (პროკურატურა რუსთაველის გამზირზე, პარლამენტთან არსებული სათვალთვალო ვიდეოკამერის კაბელებისთვის ცეცხლის წაკიდებას ედავებოდა, რა დროსაც სახელმწიფოს 534 ლარის ზიანი მიადგა) 22 აგვისტოს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. თუმცა, გახდა ტექნიკური უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი და რაც მთავარია, შეიძინა დედობილი, ადამიანი, რომელიც ზრუნავს და დარდობს მასზე, არადა, როგორი სანატრელი იყო ეს გრძნობა მისთვის....

პატიმარ არჩილ მუსელიანცსა და მის დედობილზე ცარო ოშაყმაშვილზე გვინდა გიამბობთ.

ცარო ოშაყმაშვილი: - პროტესტი როცა დაიწყო, მეც ვიღებდი მონაწილეობას, თუმცა აქციებში აქტიურად არ ვიყავი ჩართული. აქტიურად რუსულ კანონთან დაკავშირებით აღმოვჩნდი მომიტინგეების რიგში, როცა კობახიძემ განაცხადა, რომ "ქართული ოცნება" 2028 წლის ბოლომდე საქართველოს ევროკავშირში გაწევრებაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს დღის წესრიგში არ დააყენებს.

- თქვენს ოჯახზე მიამბეთ, როგორ ცხოვრობდით, სანამ არჩილს გაიცნობდით?

- მესამე წელია მეუღლე გარდამეცვალა, მყავს 2 შვილი, გოგონა და ბიჭი, დაოჯახებულები. არაჩვეულრბრივი შვილიშვილების ბებია ვარ. ნიჭიერი ჭკვიანი შვილები მყავს, მეუღლეც განათლებული და კარგი პიროვნება იყო. კომაროვის დამთავრების შემდეგ, თსუ-ის საინჟინრო ეკონომიკური ფაკულტეტი დავამთავრე. ჩვენს ოჯახში სწავლას დიდი მნიშვნელობა აქვს....

ვცხოვრობდით მეტ-ნაკლებად მშვიდად, ისე, როგორც შეეფერება ჩვენ ქვეყანას. მთელი ცხოვრება ვმუშაობდით, გამოვიარეთ 90-იანები წლები, აფხაზეთის ომი... მოკლედ, რთული პერიოდები უკეთესი მომავლის იმედით, მაგრამ... მტკივნეულად განვიცდი, რომ ბავშვებს შიათ, რომ მოხუცებს არაფრის შესაძლებლობა არ აქვთ და ფაქტობრივად მათხოვრებად არიან ქცეულები. მომავალიც ბუნდოვანი გვაქვს ჩვენც და ჩვენს შვილებსაც.

თავის დროზე ბიძინა ივანიშვილს მივეცი ხმა, ვთვლიდი, რომ სიახლე და უკეთესობა უნდა... დიდხანს არავინ არ უნდა იყოს ხელისუფლებაში, რადგან ხომ ხედავთ, ადამიანის ბუნება როგორია... არჩევნებზე გავნერვიულდი, ჩემ თვალწინ რომ გააყალბეს.... დიდი იმედგაცრუება განვიცადე და გამოვედი აქციებზე.

- არჩილი როგორ გაიცანით?

- ნოემბრის დასაწყისი იყო. პოლიციის სამმართველოსთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობდა, ახალგაზრდები სტიკერებს აკრავდნენ, მე გაკვრაში ვეხმარებოდი, არჩილი პირველად იქ ვნახე. უფრო სწორად, მერე აღვიდგინე, რომ იქ ვნახე, დოლზე უკრავდა და დამამახსოვრდა, უფროსებს საშუალება მოგვცა დაკვრა გვესინჯა...

მოგვიანებით მელიქიშვილზე, უნივერსიტეტთან რომ დაარბიეს კარვები, გათენდა თუ არა, წავედი. წინადღის ამბებს ჰყვებოდნენ ახალგაზრდები. იქ გავიცანი არჩილი, თურმე გაზი შეუსხამთ, მოწამლულა. რატომღაც ჩემ გვერდით აღმოჩნდა და ვისაუბრეთ.

თავს გაუფრთხილდი-მეთქი, დავარიგე. მითხრა, უსამართლობას ბოლომდე შევეწინააღმდეგები, რამე რომც მომივიდეს, მომკითხავი მაინც არავინ მყავს - არც მშობლები და არც დედმამიშვილებიო...

არჩილი დაბა კაზრეთში დაიბადა. სკოლაც იქ აქვს დამთავრებული. მშობლები ადრე გარდასცვლია, ჯერ კიდევ თვეების რომ ყოფილა და უბნელ ქალბატონს გაუზრდია, რომელსაც ბებოს ეძახდა. თვითონ ეს ქალიც ბავშვთა სახლში ყოფილა გაზრდილი და მან ითავა ობოლზე ზრუნვა. ბებიაც 2 წლის წინ გარდაცვლილა.

მერე, როცა დაიჭირეს, მომწერა, ჩემი ბებო შენ გგავდა, შენნაირი იყო, ისეთივე კეთილი, სხვაზე მზრუნველი და სამართლიანიო.

ბებოს დიდი წვლილი მიუძღვის არჩილის გაზრდაში, ჩამოყალიბებაში, მან ასწავლა თანადგომა, თანაგრძნობა, ადამიანობა, სამშობლოს სიყვარული. არჩილისგან ვიცი, როდესაც კაზრეთში საყდრისი ააფეთქეს, მაშინ უფრო გააცნობიერა ქვეყანაში გამეფებული უსამართლობა და გაუჩნდა პროტესტი. მას შემდეგ ნელ-ნელა ჩაერთო უსამართლობის წინააღმდეგ ბრძოლაში.

- ციხეში მოხვედრამდე სად ცხოვრობდა არჩილი?

- სახლი არ აქვს. ქირით ცხოვრობდა, რომ დაიჭირეს, ბინა ჩააბარა... სანამ არჩილს მიუსჯიდნენ, ერთი კვირით ადრე პატიმრის მშობლებთან ერთად კაზრეთში წავედი, აქტივისტები, სხვა პატიმრების მშობლები გვერდში დამიდგნენ და გაზეთები წავიღე... არჩილმა გამაფრთხილა, რომ ადგილობრივები ქარხანაში არიან დასაქმებულები და ამიტომ სამსახურის დაკარგვის შიშით, თავს შეიკავებენ და კონტაქტზე არ გამოვლენო... ასეც მოხდა. ქუჩაში ერთი პედაგოგი გამოგველაპარაკა, გაზეთები გამოგვართვა, არჩილზე სითბოთი და სიყვარულით გვესაუბრა, ოღონდ გვთხოვა, რომ ინკოგნიტოდ დარჩენილიყო, თორემ მისი ოჯახი ულუკმაპუროდ დარჩებოდა.

- ახლა რამდენი წლისაა არჩილი?

- 17 ოქტომბერს 30 წლის ხდება. როდესაც არჩილის ცხოვრების შესახებ შევიტყვე, აღმომხდა, მე მაინც არ გამეცანი, რა დაგიშავე-მეთქი; ის ჩემი შვილების ტოლია და რომ გავიაზრე, უდედმამოდ როგორ ცხოვრობდა და რა დღეები ჰქონდა გამოვლილი, გული დამეწვა... მას მერე სოციალურ ქსელში დავმეგობრდით, სულ თვალს ვადევნებდი, რამდენჯერმე მივწერე, როგორ ხარ, სახლში თუ მიხვედი უკვე-მეთქი?..

რამდენიმე დღე არ ჩანდა, მერე აქციაზე მოვიკითხე და გავიგე, რომ დაუკავებიათ. მას შემდეგ ყველა სასამართლოს ვესწრებოდი... მერე გავიცანი მისი მეგობრები, ადვოკატი. რადგან ვიცოდი, ობოლი იყო, პლაკატი მისი ფოტოთი დავამზადებინე და სხვა პატიმრის მშობლებთან ერთად აქციებს უკვე აქტიურად შევუერთდი. ვიცოდი, არჩილი ტელევიზიით რომ დაინახავდა, ხელში როგორი რუდუნებით მეჭირა მისი სურათი, გაიხარებდა, რომ მარტო არ არის, რომ ახსოვთ და ელოდებიან!

არჩილი ძალიან თბილი და საოცარი იუმორის მქონე ბიჭია. სითბოთი სავსე წერილებს მწერდა. მადლობას მიხდიდა, რომ არ მივატოვე, ახლა ვიცი, რომ გარეთ გულშემატკივარი მყავს, რომელიც ჩემზე ფიქრობს და მელოდება, ამიტომ ვეღარაფერი მომერევაო.

მეგობრებისგან ვიცოდი, ნიჭიერი ბიჭი იყო და რომ გავიგე, უმაღლესი განათლება არ ჰქონდა, გამიკვირდა. ამიტომ შევთავაზე, ხომ არ იფიქრებდი ჩაბარებაზე-მეთქი? მის მეგობარ გოგონებსაც ვთხოვე, თქვენც ურჩიეთ-მეთქი. ცოტა ხნის შემდეგ არჩილი მირეკავს და მეუბნება, - თანახმა ვარო. რაზე-მეთქი? - ჩაბარებაზეო. ვკითხე, რა საგნებით დამერეგისტრირებინა. გოგონები მომეხმარნენ და დავარეგისტრირეთ.

წიგნები შევუგზავნე და ისიც ციხის საკანში მეცადინეობას შეუდგა. სამართლის ფაკულტეტი აირჩია. ბადრაგს დაჰყავდა გამოცდებზე, ჩვენ გარედან ვამხნევებდით...

მერე მომწერა, მე ხელი მქონდა ჩაქნეული და ახლა მიზანი დავისახე, რაშიც შენ დამეხმარეო. წარმატებით ჩააბარა, ციხეში სტუდენტი გახდა, რაც ჩემთვის ძალიან საამაყოა.

ყველა წერილში მადლობებს მიხდის. რომ მიუსაჯეს, მაშინ მომწერა: "შენ ჩემი ღირსეული დედა ხარ..."“

იმის გამო, რომ მისი ახლო ნათესავიც კი არ ვარ, ციხეში მისი მონახულების უფლება არა მაქვს, ჰოდა, ერთ დღესაც მომწერა: ცარო, იქნებ მიშვილო, რომ ციხეში შემოგიშვანო.

სიმართლე გითხრათ ამაზე მანამდეც მიფიქრია. ამ ფორმალობისთვის ბევრი პროცედურაა გასავლელი, თუმცა რა მნიშვნელობა აქვს ფარატინა ქაღალდს. ის ჩემი შვილია, მესამე შვილი. ღმერთმა ინება, რომ ამდენ ხალხში არჩილი მე შემხვდა, მე ამირჩია ამ ჭკვიანმა და კეთილმა ბიჭმა. ყველაფერს გავაკეთებ მისთვის.