ნიჭიერი გოგონა TASSO ქეთა თოფურიამ ორი წლის წინ ჯგუფ "ა-სტუდიოს" კონცერტზე წარუდგინა საზოგადოებას, ამავე კონცერტზე შედგა ტასოს კლიპის პრემიერა. სწორედ ქეთა გახდა მისი პროდიუსერი და აქტიურად უწყობს ხელს კარიერის განვითარებაში.
"ხანდახან ხდება ისე, რომ საუკეთესო გადაწყვეტილებებს ინტუიცია გკარნახობს. ასე მოხდა ჩემ შემთხვევაშიც. როცა დავინახე ეს გოგონა, ინტუიტიურად მივხვდი, რომ სწორედ ისაა, ვინც უნდა იყოს. მომხიბლა საოცარი ტემბრით, სიბრძნით, სინათლით. მაქსიმუმს დებს ნებისმიერ საქმეში", - აღნიშნა ქეთამ ტასოს წარდგენისას.
TASSO-ს ნამდვილი სახელი და გვარი ანასტასია სისაურია. 2004 წლის 6 აგვისტოს არის დაბადებული რუსეთში, ივანოვოში. ეროვნებით ქართველია. დედას კარგი ხმა და სმენა აქვს, მომღერლობაზე ოცნებობდა, თუმცა ვერ აისრულა ოცნება. სამაგიეროდ, შვილს ყველანაირად შეუწყო ხელი, რადგან ბავშვობიდან აღმოუჩინა მუსიკალური შესაძლებლობები. ტასო სწავლობდა მუსიკალურ სტუდიაში და ასევე ინდივიდუალურად - გამოცდილ ვოკალის პედაგოგებთან.
ტასო მუსიკის გარდა დადიოდა ცურვაზე, ცეკვაზე, ფიგურულ სრიალზე, ჩოგბურთზე და ყველგან წარმატებებს აღწევდა. ამბობს, რომ მშობლებმა ჩაუნერგეს, იყოს ყველგან პირველი და საუკეთესო.
"დედა არ გეგმავდა ჩემს მომღერლობას, უბრალოდ, ყველაფერზე დავყავდი და ჩემს განვითარებას უწყობდა ხელს. ძალიან ვიღლებოდი, ხან მანქანაში ვჭამდი. მაგრმა ახლა მისი მადლიერი ვარ. ის რომ არა, ვერც "ახალ ხმაში" მოვხვდებოდი და საერთოდაც, "ჩვეულებრივი" გოგო ვიქნებოდი", - ამბობს ტასო.
2019 წელს მიიღო მონაწილეობა რუსულ "ახალ ხმაში", სადაც თანამემამულე ვალერი მელაძემ აიყვანა თავის გუნდში და ყველანაირად უწყობდა ხელს მის წარმატებას.
გოგონა ფინალში გავიდა, თუმცა იმ წლის შოუ ხმაურიანი სკანდალით იყო გამორჩეული: გზავნილების მიხედვით, ალსუს ქალიშვილმა გაიმარჯვა. მაყურებელმაც და ჟიურიმაც ეს უსამართლობად მიიჩნიეს და პროექტის 9 ფინალისტი, ანასტასია სისაურის ჩათვლით, გამარჯვებულად გამოცხადდა.
პროექტის შემდეგ გოგონა სწავლაზე გადაერთო, თუმცა პარალელურად მუსიკითაც იყო დაკავებული და ესტრადის აკადემიაში დადიოდა. იქ მისი სიმღერა კიდევ ერთმა ქართველმა - პროდიუსერმა გიგა კვენეტაძემ გაიგო და მათი შემოქმედებითი თანამშრომლობაც დაიწყო. სწორედ გიგასთან ერთად გამოუშვა...
"თუ რაღაცას აკეთებ, პირველი უნდა იყო. თუნდაც მეეზოვე - მაგრამ საუკეთესო", - ამბობს მომღერალი.
დღეს ის ქეთას ფრთის ქვეშ არის, საკმაოდ წარმატებულად ითვლება ახალგაზრდა მომღერლებს შორის, საკუთარი არტისტული მანერით, გარეგნობით და სტილით.
კარიერის განვითარების პარალელურად, 2022 წლიდან მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ფაკულტეტზე სწავლობს.
პირად ცხოვრებაზე არ საუბრობს და არც ასაჯაროებს ამ კუთხით არაფერს. არ გამოუთქვამს ასევე პოლიტიკური პოზიცია, არც სოციალურ ქსელში და არც სხვა პლატფორმაზე.