საფრანგეთის ექსპრეზიდენტს ნიკოლა სარკოზის 5-წლიანი პატიმრობა მიესაჯა. ქვეყნის ყოფილი მეთაური 100 ათასი ევროს ჯარიმის სახითაც გადაიხდის. ბრალდებები საკმაოდ სერიოზულია: სასამართლომ იგი დამნაშავედ ცნო კრიმინალურ შეთქმულებაში, რომელიც უკავშირდება გარდაცვლილი ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფისგან მიღებულ უკანონო თანხებს. ამავდროულად, სარკოზი გაამართლეს სხვა წარდგენილ ბრალდებებში - სახელმწიფო სახსრების მითვისებასა და კორუფციაში. არსებული ცნობებით, ყოფილი პრეზიდენტი შესაძლოა უახლოეს კვირებში რეალურად აღმოჩნდეს ციხეში.
70 წლის სარკოზი პარიზის სასამართლოში მეუღლესთან, 57 წლის მოდელ და მომღერალ კარლა ბრუნისთან ერთად გამოცხადდა. ეს წყვილი ერთად ყოფნის პირველივე დღიდან იქცევს საზოგადოების ყურადღებას. სარკოზის განაჩენის გასაჯაროების შემდეგ ბრუნიმ მათი ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა წარწერით: "პასუხი - სიყვარულია".
საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი და ცნობილი იტალიელი სუპერმოდელი და მომღერალი კარლა ბრუნი ერთ-ერთ ყველაზე გახმაურებულ წყვილად იქცნენ არა მხოლოდ საფრანგეთში, არამედ მთელ მსოფლიოში. მათი ურთიერთობა წლების განმავლობაში მუდამ მედიის ყურადღების ცენტრში იყო, თუმცა სიყვარულის ისტორია იმაზე უფრო გულწრფელი და ემოციური აღმოჩნდა, ვიდრე უბრალოდ პოლიტიკოსისა და სელებრითის ამბავი.
ნიკოლა სარკოზი 2007 წელს პრეზიდენტად არჩევის შემდეგ პირად ცხოვრებაში რთულ პერიოდს გადიოდა. როცა პრეზიდენტად აირჩიეს, ოფიციალურად განქორწინდა სესილია სარკოზისთან, რომელიც მისი მეორე მეუღლე იყო. მათი ურთიერთობა დიდი ხნის დაძაბულობის შემდეგ დასრულდა და ეს გახდა პირველი შემთხვევა საფრანგეთის ისტორიაში, როცა მოქმედი პრეზიდენტი განქორწინდა. სწორედ ამის შემდეგ, იმავე წლის ბოლოს, ერთ-ერთ კერძო საღამოზე სარკოზიმ კარლა ბრუნი გაიცნო. რამდენიმე თვეში მათი რომანი გასაჯაროვდა, ხოლო 2008 წლის თებერვალში ისინი ოფიციალურად დაქორწინდნენ.
კარლა უკვე ცნობილი იყო როგორც მოდელი, რომელიც პოდიუმზე ყველაზე პრესტიჟულ ბრენდებთან თანამშრომლობდა, და როგორც მომღერალი, რომელმაც სოლო ალბომებით დიდი წარმატება მოიპოვა.
მათ შორის თითქოს მყისიერი ქიმია გაჩნდა. ბრუნიმ მოგვიანებით ერთ-ერთ ინტერვიუში აღნიშნა, რომ სარკოზისთან საუბრისას იგრძნო, თითქოს მას უკვე დიდი ხანია იცნობდა. ნიკოლა კი საჯაროდ ხშირად ამბობდა, რომ კარლამ მისი ცხოვრება „განაახლა და სიცოცხლეს ახალი ფერები შესძინა“. მათი რომანი მალევე გახდა საზოგადოების განხილვის მთავარი თემა, რადგან პრეზიდენტისა და სუპერმოდელის ურთიერთობა გასაოცარ ინტერესს იწვევდა.
სარკოზიმ და ბრუნიმ ელისეს სასახლეში იქორწინეს. ცერემონია სიმბოლურად ასახავდა არა მხოლოდ ორ ადამიანის გაერთიანებას, არამედ სხვადასხვა სამყაროს – პოლიტიკისა და ხელოვნების – შერწყმას.
მათმა სიყვარულმა წლების განმავლობაში ბევრ გამოცდას გაუძლო. სარკოზის წინააღმდეგ არაერთი სკანდალი და სასამართლო პროცესი გაიმართა, თუმცა კარლა ყოველთვის მის გვერდით იდგა. ხშირად სწორედ ბრუნის სიტყვები და თანადგომა ხდებოდა იმ მიზეზი, რის გამოც საზოგადოება სარკოზის უფრო რბილად უყურებდა.
2011 წელს წყვილს შეეძინათ ქალიშვილი ჯულია, რომელიც დღეს უკვე მოზარდია და ხშირად ხდება მედიის ყურადღების საგანი თავისი თამამი სტილით.