შოუბიზნესში ხშირია შემთხვევა, როცა ვარსკვლავებს თაყვანისმცემლები ალოდინებენ, მაგრამ მოდის ინდუსტრიაში ბოლო წლებში ყველა ცდილობს ერთმანეთს დროს პატივი სცეს — ყველა, სასექსის ჰერცოგინიას გარდა
4 ოქტომბრის საღამოს პარიზის მოდის კვირეულზე სეზონის ერთ-ერთი მთავარი დებიუტი გაიმართა — პიერპაოლო პიჩოლიმ თავისი პირველი კოლექცია წარმოადგინა Balenciaga-სთვის. კრიტიკოსები ჯერ კიდევ ვერ წყვეტენ, მოეწონათ თუ არა ნანახი, მაგრამ ერთ რამეზე ყველა შეთანხმდა — მთელი საათით დაგვიანება მათ ნამდვილად არ ესიამოვნათ. შოუ ისედაც გვიან იწყებოდა — 21:00 საათზე, როცა სტუმრებს უკვე თორმეტ საათზე მეტი ჰქონდათ ფეხზე გატარებული. დაგვიანების მიზეზი? — მეგან მარკლი.
მისი გამოჩენა სრულიად მოულოდნელი იყო. მართალია, პრინცი ჰარის მეუღლეს ყოველთვის უყვარდა დიზაინერული სამოსი, მაგრამ ის არასოდეს იყო აქტიური მოდის წრეებში — უფრო მეტად კინო და პოლიტიკა აინტერესებდა. და აი, მოულოდნელად — Balenciaga, ისიც პარიზში! ეს, უდავოდ, ბრენდის გუნდის პიარსვლა იყო, თუმცა წარმატებულად ჩაითვლება თუ არა, კიდევ საკითხავია.
ერთი საათის დაგვიანების შემდეგ მეგანი თეთრ პალტოში, ფართო შარვლით და თავისუფალი სტილის პერანგით გამოჩნდა — ყველაფერი პიერპაოლო პიჩოლის დიზაინით გახლდათ. ხელში ეჭირა ქლაჩი, თმა მჭიდროდ ჰქონდა შეკრული. იგი სცენაზე პრინც ჰარის გარეშე გამოცხადდა.
მაყურებელი, რომელიც სოციალურ ქსელებში ჩვეულებრივ ყველა თემას ხალისით განიხილავს, ამჯერად დუმილს ამჯობინებს. მხოლოდ მოდის სამყაროს გადაღლილი თანამშრომლები გამოხატავენ უკმაყოფილებას.
მიუხედავად ამისა, ეს საღამო აშკარად მეგანის ვარსკვლავური მომენტი იყო. მის გამოჩენას ტაშით შეხვდნენ ცნობილი სტუმრები: ლორენ სანჩეს-ბეზოსი, იზაბელ იუპერი, შეილინ ვუდლი, როზი ჰანტინგტონ-უაიტლი, კრისტინ სკოტ ტომასი, ენ ჰეთეუეი და ანა ვინტური. შოუს შემდეგ დიზაინერთან ტრადიციული შეხვედრა შედგა, ხოლო მოგვიანებით მეგანმა სამოსი გამოიცვალა და ჩაიცვა შავი კაბა პიჩოლის კოლექციიდან, რომელიც პოდიუმზე ცოტა ხნით ადრე სხვა ფერში იყო ნაჩვენები.
ეს ევროპული ვიზიტი მეგან მარკლისთვის პირველი აღმოჩნდა ბოლო ორი წლის განმავლობაში. „Invictus Games“-ის შემდეგ, რომელიც 2023 წელს დიუსელდორფში ჩატარდა, ის აშშ-ის ფარგლებს გარეთ აღარ გასულა. მიზეზად ბევრი ბრიტანულ სამეფო ოჯახთან დაძაბულ ურთიერთობას მიიჩნევს და იმასაც, რომ უინძორები უარს ამბობენ სასექსებისათვის სახელმწიფო დაცვის უზრუნველყოფაზე დიდი ბრიტანეთის ტერიტორიაზე. თუმცა პარიზში მეგანი თავს მშვიდად და თავდაჯერებულად გრძნობდა — მან სოციალურ ქსელში რამდენიმე ვიდეო ატვირთა: „აი, როგორ მივდივარ სასტუმროს მარმარილოს იატაკზე ლამაზი ფეხსაცმელებით… აი, ღამის პარიზი ჩემი მანქანის ფანჯრიდან.“