ჩვენდაუნებურად უტაქტო კითხვებსაც ვსვამთ ყველას უნდა, ახალბედა დედის მიმართ თავაზიანობა გამოიჩინოს და ყურადღების ნიშნად გამოკითხოს კიდეც საქმეები. სწორედ ამ დროს ჩვენდაუნებურად უტაქტო კითხვებსაც ვსვამთ. ამით ძალიან ვაღიზიანებთ ისედაც გადაღლილ დედას.
მაინც რომელი შეკითხვები არ სიამოვნებთ ახალბედა დედებს?
"ვერ ამჩნევ, მგონი ბავშვს სცივა/სცხელა/წაიქცა/მოშივდა?"
ეს ბრალდებითი ტონი დედას ძალიან აღიზიანებს. მან უკეთ იცის, რა არის საჭირო მისი შვილისთვის. თუ ჯერ არ იცის, თანდათან ნაბიჯ-ნაბიჯ აითვისებს. ასეა მოწყობილი ბუნება. ყოველ შემთხვევაში, ნუ მოისურვებთ, რომ ჭკუა ასწავლოთ.
"ბავშვს ღამით ნორმალურად სძინავს?"
თქვენ როგორ გგონიათ? თუ ხედავთ, რომ თქვენი მეგობარი ხალისიანი გოგოდან ზომბის მაგვარ არსებად იქცა, ესე იგი გამოძინებას ვერ ახერხებს. ცეცხლზე ნავთს ნუღარ დაასხამთ.
"ქმართან ინტიმური ურთიერთობა როგორ გაქვს?"
რა ურთიერთობა ექნებათ, როცა ჯერ ორგანიზმი მშობიარობის შემდეგ სრულად არ აღმდგარა. ორივე მშობელი ბორბალში მორბენალ ციყვებს ჰგვანან, ისე არიან დაქანცულნი. ეს შეკითხვა ჯობია არ დასვათ. და პრინციპში, არც არის ეს თქვენი საქმე.
"როგორ ხარ, რაღაც ცუდად გამოიყურები?"
დედას თავისიც ჰყოფნის, როცა სხეულში მიმდინარე ცვლილებებს აკვირდება. განსაკუთრებით უჭირს ძველ ფორმაში დაბრუნება. ეს კითხვა ნამდვილად ეწყინება და გასაკვირიც არ იქნება.
"როგორ მეცოდები, სახლში რომ ჩაჯექი"
ასე როგორც წესი, გაუთხოვარი მეგობრები საუბრობენ, რომლებსაც შვილები არასოდეს ჰყოლიათ. ახალგაზრდა დედას თანაგრძნობა კი არა, დახმარება სჭირდება. შესაცოდი არაფერი სჭირს - ანგელოზივით შვილი ჰყავს.
რისი გაგონებაც ყველაზე მეტად გაუხარდება:
მაღაზიაში ვარ, რა გიყიდო?
პარკში ვაპირებ წასვლას არ გინდა ბავშვი გავასეირნო?
შენთან მოვდივარ და მოიფიქრე, რაში დაგეხმარო.
ასევე იხილეთ: დედებისთვის ყველაზე ნერვების მომშლელი და უვარგისი რჩევების რეიტინგი