სილვესტერ სტალონეს მეუღლე, მსახიობი, მოდელი და ბიზნესვუმენი ჯენიფერ ფლავინი კეტი მილერის პოდკასტში იყო სტუმრად. სწორედ იქ გააკეთა საკმაოდ მკვეთრი განცხადებები ჰოლივუდის ვარსკვლავების ტრანსგენდერ შვილებზე, რასაც აჟიოტაჟი მოჰყვა.
მან ცნობილი სახეები გააკრიტიკა და მოუწოდა მათ „საღი აზრის მოხმობისკენ“. მან ჩამოთვალა მიზეზები, რის გამოც ცნობილი ადამიანების შვილები უფრო მეტად არიან მიდრეკილნი ტრანსგენდერებად იდენტიფიცირებისკენ.
„ჰოლივუდი, მოგეხსენებათ, თვითგამოხატვას მიესალმება. თუ დღეს თავს კატად გრძნობ, კატა ხარ. და ეს ყველაფერი ასე მარტივად და ძალისხმევის გარეშეა წარმოდგენილი. მაგრამ მე ვფიქრობ, ჩვენ ბოლომდე არ გვესმის, რომ ბავშვები აქსესუარები არ არიან. ისინი პატარა ადამიანები არიან, რომლებსაც სჭირდებათ ჩარჩო, სისტემა, რაც მათ ტვინს დაეხმარება სამყაროს გაცნობიერებაში“, - თქვა მან.
ფლავინის თქმით, ცნობილი მშობლების სიმდიდრეც თამაშობს როლს, რადგან ეს ასევე იწვევს მათი შვილების ცხოვრებაში უსისტემობას. „მათ ცხოვრებაში ყველაფერი მეტისმეტია. ეს ნამდვილად დამთრგუნველია პატარა ადამიანისთვის“, - განმარტა ჯენიფერმა.
„არა უშავს, როგორი იქნება ზრდასრულ ასაკში, მაგრამ გაზარდე ისინი საღი აზროვნებით“, - ხაზგასმით აღნიშნა მან. მაგალითად მან მოიყვანა საკუთარი გამოცდილება, მისი და სტალონეს სამი ქალიშვილის აღზრდიდან. „ჩემი ქალიშვილები საკმაოდ ცელქები და ბიჭურები იყვნენ. შარვლის ტარება ერჩივნათ და უყვარდათ სპორტი. მაგრამ მე არასდროს მითქვამს: „ო, აი ახლა ბიჭი ხარ“. მე უბრალოდ ვამბობდი: „გიყვარს სპორტი, გიყვარს ბიჭებთან დროის გატარება? შესანიშნავია“, - თქვა მან და მოუწოდა ჰოლივუდს, დაიწყონ „ბავშვები ისე აღზარდონ, რომ საღი აზრით იხელმძღვანელონ“.
57 წლის ფლავინი და 79 წლის სტალონე 28 წელია დაქორწინებულები არიან. წყვილი 2022 წელს სკანდალურად დაშორდა, თუმცა მალევე შერიგდნენ. მათ სამი ზრდასრული ქალიშვილი ჰყავთ: 29 წლის სოფია, 27 წლის სისტინი და 23 წლის სკარლეტი.