"გახდი ბესტსელერი 2025 წლის" გამარჯვებულთა წიგნები უკვე ხელმისაწვდომია - გაეცანი ახალ ავტორებს - მშობლები

"გახდი ბესტსელერი 2025 წლის" გამარჯვებულთა წიგნები უკვე ხელმისაწვდომია - გაეცანი ახალ ავტორებს

2025-10-23 16:21:50+04:00
მკითხველს უკვე შესაძლებლობა აქვს, „პალიტრა L-ის“ ტრადიციული კონკურსის „გახდი ბესტსელერის ავტორის“ გამარჯვებული ავტორების ნამუშევრებს გაეცნოს.

2025 წლის კონკურსის გამარჯვებული ავტორების წიგნები უკვე ხელმისაწვდომია როგორც გამომცემლობის ვებგვერდზე და აპლიკაციაში, ასევე „ბიბლუსის“ წიგნის მაღაზიებში მთელი საქართველოს მასშტაბით.

გაიცანით ახალი ქართველი ავტორები, რომლებიც სულ ახლახან გამოჩნდნენ ლიტერატურულ ასპარეზზე:

  • ტატო მოდებაძე - „ქორწილამდე წასაკითხი“
  • ალექსანდრე ელოშვილი - „რომანი.GE… ანუ ჟამი კლასტერობისა“
ტატო მოდებაძე პროფესიით ეკონომისტია, მას ბევრი ჰობი აქვს: პოლიტიკა, ისტორია, მუსიკა, ლიტერატურა, სპორტი. თუ აქამდე მის მოთხრობებს ნაცნობები კითხულობდნენ, დღეს დღის სინათლეზე გამოვიდა და ფართო საზოგადოებას შეუძლია მისი იუმორით დაწერილი, ცოცხალი და ამაღელვებელი ტექსტების წაკითხვა, რომელიც გულგრილს არავის დატოვებს. ტატოს იუმორისა და თვითირონიის გამორჩეული შეგრძნება აქვს, რაც მის ტექსტებშიც აისახა.

თავად ავტორი და მისი მენტორი, დავით გაბუნია გვიზიარებენ მოლოდინებს წიგნის გამოცემის შემდეგ:

ტატო მოდებაძე, ავტორი:„შთაგონება, რა თქმა უნდა, რეალური ადამიანები არიან, თუმცა არცერთმა მათგანმა არ იცის, რომელ გმირს გამოსახავს. ხუმრობები ნამდვილია და მათ პერიოდულად ვიმახსოვრებდი ჩემი მეგობრებისგან, ახლობლებისგან, როდესაც მომწონდა ხოლმე მათი ნათქვამი. მე გპირდებით, რომ ვინც ამ წიგნს წაიკითხავს, აუცილებლად იპოვის შიგნით რაღაცას, რაზეც მუცლის ატკივებამდე იცინებს, ეს გარანტირებულია. ვფიქრობ, ეს პროექტი მნიშვნელოვანია დამწყები მწერლებისთვის, რადგან მათ აძლევს შესაძლებლობას, თავიანთი ნოველები, რომანები თუ მოთხრობები წიგნად გამოიცეს და მკითხველმა შეძლოს მათი გაცნობა“.

დავით გაბუნია, მენტორი:„როცა ამ წიგნის ჟანრზე ვსაუბრობთ, ბევრნაირად შეიძლება მისი აღწერა, თუმცა ვფიქრობ, რომ ერთდროულად არის იუმორი, სატირა, სარკაზმი და პროტესტი. როდესაც გესმით სიტყვა იუმორი, რაც თავში მოგდით, ყველაფერი ერთადაა ამ წიგნში, თუმცა რასაკვირველია, ამ იუმორსა და ხალისს მიღმა, როგორც ყოველთვის არის მწარე საფუძველი, სხვანაირად ტექსტები სასაცილო არ გამოდის ხოლმე“.

რაც შეეხება „რომანი.GE-ის“ ავტორს, სანდრო ელოშვილს, ის სცენარისტი, ქოფირაითერი, ბლოგერი, მწერალი და ინფლუენსერია. საზოგადოების ფართო წრეები მას თავისი საქმიანობით აქამდეც იცნობდნენ.

ახლა უკვე წიგნის ავტორმა თეატრალური სარდაფის სცენაზე მსახიობობით დაიწყო და დღეს უკვე თავად დგამს სპექტაკლებს მარჯანიშვილიდან რეგიონულ თეატრში. დაწერილი აქვს პიესებიც. პანდემიის პერიოდში კი სცენარების წერის პროცესმა სრულიად ახალი ფორმა მიიღო ასე დაიბადა „რომანი.ge“, ლიტერატურული სერიალი, რომელიც პოპულარული ჯერ ონლაინ სივრცეში გახდა, მოგვიანებით კი გამომცემლობა „პალიტრა L”-ის ლიტერატურულ კონკურსში - „გახდი ბესტსელერის ავტორი 2025-იც“ გაიმარჯვა და უკვე მკითხველისთვის მისი სრული ვერსიაა ხელმისაწვდომი.

სანდრო ელოშვილი, ავტორი:„ესაა ამბები და ადამიანები, რომლებიც მინახავს, მათზე მსმენია, ან გამიფიქრია. შეიძლება სხვანაირად იყო ყველაფერი, მაგრამ მე ასე დავინახე, მე ასე დამამახსოვრდა. სხვა მხრივ გამოგონია ყველაფერი, ასე კონკრეტული ისტორია და პერსონაჟი არ გადმომიტანია, მიუხედავად იმისა, რომ ბევრი სახელი და გვარი ჩემი მეგობრებისაა. ქრთამებსაც ვიღებდი, ვინც ჩემთან მოდიოდა სტუმრად, თუკი კოლოფ სიგარეტს წამომიღებდა, მის სახელს ან გვარს რომანში მოვახვედრებდი. შეიძლება პერსონაჟს სახელი ერთი ადამიანის ჰქვია, ხასიათი მეორესი აქვს და წარმოსახვითი ვიზუალი მესამესი. მოკლედ თავში დაგროვილი კადრების კრებულია“.

ავტორები ელიან მკითხველისგან უკუკავშირს თავიანთ პირველ წიგნებთან დაკავშირებით. მათი თქმით, წერა მათთვის საინტერესო აღმოჩენა და მნიშვნელოვანი პროცესია და შესაძლოა, სამომავლოდაც გააგრძელონ.

გაეცანით თანამედროვე ქართველი ავტორების ნამუშევრებს და თვალი მიადევნეთ ჩვენი ქვეყნის ლიტერატურულ პროცესებს „პალიტრა L-თან“ ერთად.

R