ნივთები, რომლებსაც ბავშვის სწორი განვითარებისთვის ყიდულობთ, მაგრამ სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს - მშობლები

ნივთები, რომლებსაც ბავშვის სწორი განვითარებისთვის ყიდულობთ, მაგრამ სარგებელზე მეტი ზიანი მოაქვს

2025-11-01 10:41:09+04:00

როცა ოჯახში პატარა ჩნდება, მის გარშემო თანდათან ათასგვარი ნივთი გროვდება. მშობლები სიხარულით ყიდულობენ ყველაფერს, რაც ბავშვს უკავშირდება — ჭურჭელს, სათამაშოებს, სატარებელ საშუალებებს, „განვითარების“ ხელსაწყოებს. მაღაზიები სავსეა ნაირ-ნაირი შეთავაზებებით, და სურვილი — პატარას გაბედნიერება — იმდენად ძლიერია, რომ ხშირად არავინ ფიქრობს, ყველა ეს ნივთი ნამდვილად საჭიროა თუ არა.

თუმცა სპეციალისტები გვაფრთხილებენ: ზოგიერთი მათგანი შეიძლება ბავშვს სარგებელზე მეტად ზიანს აყენებდეს.

ჭურჭელი და კოვზები სათამაშოს ფორმით

რისი გამო შეიძლება ავნოს: ბავშვს უფანტავს ყურადღებას ჭამის დროს და საკვებთან დაკავშირებით არასწორ ასოციაციებს აყალიბებს .

როცა პატარა ცუდად ჭამს, მშობლები ხშირად ცდილობენ „გააცურონ“ — აძლევენ საჭმელს თვითმფრინავის, მანქანის ფორმის კოვზით. თითქოს ამით კვება უფრო მხიარული ხდება, მაგრამ რეალურად ბავშვი იწყებს საკვების აღქმას როგორც თამაშის ნაწილს.ასეთი მიდგომა მშობელს დროებით შველის, მაგრამ ბავშვს აღარ აინტერესებს თავად საკვები. ჭამისას საკვები უნდა იყოს მისი ინტერესი და არა თამაში. წინააღმდეგ შემთხვევაში კვებისადმი ნორმალური ინტერესი არ ყალიბდება, რაც შემდგომში იწვევს ჭირვეულობასა და არასწორ კვებით ჩვევებს.

ხმაურიანი ან „მოლაპარაკე“ სათამაშოები

რისი გამო შეიძლება ავნოს: აშინებს პატარას და გადატვირთავს ნერვულ სისტემას.

ბევრ ჩვილს ჩუქნიან სათამაშოებს, რომლებიც ლაპარაკობენ, ანათებენ და ხმამაღლა უკრავენ. უფროსებს ეს შეიძლება მხიარულად ეჩვენოთ, მაგრამ ბავშვისთვის ეს ხშირად სტრესულია. პატარა, რომელიც ჯერ სიტყვებსაც ბოლომდე ვერ არჩევს, ვერ უკავშირებს ხმას რეალურ საგანს. ძლიერი ხმა ან შუქი მას აშინებს, განსაკუთრებით მაშინ, როცა მოულოდნელად ირთვება.

გარდა ამისა, ზედმეტად ხმაურიანი სათამაშოები ბავშვებს აჩვევენ მხოლოდ ძლიერ სტიმულზე რეაგირებას — ამიტომ მათთვის შემდეგ უფრო რთულია უბრალო, მშვიდი თამაშით გართობა.

მუსიკალური ან სათამაშოს ფორმის ქოთანი

რისი გამო შეიძლება ავნოს: შეიძლება ბავშვს დააფრთხოს ან არასწორი ჩვევები ჩამოუყალიბოს.

მშობლები ხშირად ფიქრობენ, რომ ფერადი ან მუსიკალური ქოთანი ბავშვს ქოთანზე ჯდომაში დაეხმარება, მაგრამ რეალობაში ეს იშვიათად მუშაობს. ბავშვი ქოთანს სათამაშოდ აღიქვამს და ვერ ხვდება მის მიზანს. ხმაურიანი მუსიკა ან კაშკაშა სინათლე ხშირად აშინებს, განსაკუთრებით ღამით, როცა ქოთანი მოულოდნელად ჩაირთვება.

ზოგჯერ პატარები იწყებენ ქოთანთან თამაშს — აჭერენ ღილაკებს, ასხამენ წყალს — რაც მათთვის სახალისოა, მაგრამ საბოლოოდ ქოთანი აღარ უკავშირდება ჰიგიენის ჩვევას, არამედ მხოლოდ თამაშს.

სახტუნაო მოწყობილობა (ჯამპერები)

ესაა ისეთი მოწყობილობა, რომელიც ზამბარაზე ან ელასტიურ თოკზეა მიმაგრებული, დამაგრებულია კარის ჩარჩოზე, შიგნით პატარა ზის და ასე ხტუნავს ზემოდან ქვევით.

რისი გამო შეიძლება ავნოს: იძლევა ზედმეტ დატვირთვას ზურგზე და ზრდის ტრავმის რისკს.

მშობლები ხშირად თვლიან, რომ ჯამპერი ბავშვს სიარულის სწავლაში ეხმარება, მაგრამ სპეციალისტები საპირისპიროს ამტკიცებენ.

ბავშვს, რომელიც ჯერ ფიზიკურად არ არის მზად დამოუკიდებლად დადგეს, ხტუნვა ზედმეტად უტვირთავს ზურგს და ტერფებს. გარდა ამისა, მოძრაობის თავისუფლება საშიშ ნივთებთან მოხვედრას ალბათობას ზრდის.

ფიზიოთერაპევტები ურჩევენ მშობლებს: არ იჩქაროთ. ბუნებრივი განვითარება — გადაბრუნება, ცოცვა, დგომა — ბევრად უფრო უსაფრთხო და ჯანსაღია, ვიდრე ხელოვნური დამხმარე მოწყობილობები.

ფსიქოლოგების რჩევები მშობლებს

  • ნუ შეცვლით კვებას თამაშით — ბავშვს სჭირდება ფოკუსირება, არა ყურადღების გადატანა.

  • მოერიდეთ ზედმეტად ხმაურიან, მბზინავ სათამაშოებს — მშვიდი გარემო ეხმარება სწავლებასა და კონცენტრაციაში.

  • ქოთანი არ უნდა იყოს გასართობი; ის ბავშვის რუტინის ბუნებრივი ნაწილი უნდა გახდეს.

  • ნუ „დააჩქარებთ“ სიარულს — პატარას სხეული თვითონ გეტყვით, როდის არის მზად.