ბავშვები, სანამ გამართულ საუბარს ისწავლიან, ბგერებს ხშირად ამახინჯებენ. ამის მიზეზი ჩამოუყალიბებელი მეტყველების აპარატია, რომელსაც ისევე სჭირდება წვრთნა და განვითარება, როგორც თავად ბავშვს. სამეტყველო აპარატის სრულყოფაში პატარების დახმარება მშობლებსაც შეუძლიათ. ელაპარაკეთ ბავშვს ხშირად და მკაფიოდ. ასაკის შესაბამისად გამოიყენეთ მოკლე სიტყვები ან წინადადებები. ლოგოპედთან გაქცევას ნუ იჩქარებთ.
სპეციალისტების თქმით, მეტყველების განვითარების სამი ეტაპი არსებობს. 2-დან 4 თვის ასაკში ბავშვი ღუღუნს იწყებს. 7 თვის ასაკისთვის ღუღუნი ინტონირებულ ფორმას იღებს და მარცვლებს ემსგავსება. ეს განვითარების პირველი ეტაპია. მეორე ეტაპი სენსორულია, როდესაც 7 თვის ასაკიდან 1 წლამდე ასაკში ბავშვი უკვე რამდენიმე წინადადებას აღიქვამს და ესმის, რაზე მივუთითებთ. მესამე ეტაპი კი მეტყველების მოტორული განვითარებაა. 1 წლის ბავშვი, დაახლოებით, 10-12 სიტყვას უნდა ფლობდეს. შესაძლოა, გამართულად ვერ ამბობდეს, მაგრამ ვხვდებოდეთ, რას ამბობს. 2 წლისთვის მას უკვე 30-40 სიტყვის მარაგი უნდა გააჩნდეს და 2-3-სიტყვიან წინადადებასაც ამბობდეს. ხოლო, 2,5-3 წლის ასაკისთვის 3-4-სიტყვიანი წინადადებების თქმა უნდა შეეძლოს. თუ 3 წლის ასაკისთვის ბავშვი არ მეტყველებს, ეს უკვე საგანგაშო ნიშანია და აუცილებელია, მშობელმა სპეციალისტს მიმართოს. მეტიც, როდესაც ბავშვი 3 წლის ასაკში არ ლაპარაკობს, ეს უკვე მეტყველების განვითარების შეფერხების მძიმე ფორმად ითვლება. ასეთ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია, რომ ნევროლოგთანაც გაიარონ კონსულტაცია და მეტყველების თერაპევტთანაც. შემდეგ შესაძლოა, ფსიქოლოგის ჩართულობაც გახდეს აუცილებელი.