ნიუ-იორკელებმა ქალაქის ახალ მერად შტატის ასამბლეის წევრი ზოჰრან მამდანი აირჩიეს — 34 წლის დემოკრატ-სოციალისტი, რომელიც არა მხოლოდ ყველაზე ახალგაზრდა მერი გახდა ბოლო ას წელიწადში, არამედ პირველი მუსლიმი, რომელმაც ეს თანამდებობა დაიკავა. თუმცა საზოგადოების ყურადღება მალევე მიიპყრო მისმა მეუღლემ — ახალგაზრდა ხელოვანმა და აქტივისტმა რამა დუვაჯიმ, რომელიც უკვე ოფიციალურად იქცა ქალაქის ახალ პირველ ლედიდ.

რამა დუვაჯი 1997 წლის ივნისში, ტეხასის შტატში, ჰიუსტონში დაიბადა. მისი მშობლები სირიის დედაქალაქ დამასკოდან ემიგრირებულნი არიან. მამა პროგრამისტია, დედა — ექიმი. როცა რამა მხოლოდ ცხრა წლის იყო, ოჯახი საცხოვრებლად დუბაიში გადავიდა, სადაც დაამთავრა სკოლა და ხელოვნებით დაინტერესდა.

რამამ, მშობლების მხარდაჭერით, უმაღლესი განათლება ვირჯინიის თანამეგობრობის უნივერსიტეტის ხელოვნების ფაკულტეტზე ყატარში მიიღო, შემდეგ კი სწავლა ამერიკაში, ვირჯინიის ქალაქ რიჩმონდში გააგრძელა. 2019 წელს ბაკალავრიატი დაამთავრა, შემდეგ კი დროებით ოჯახთან დაბრუნდა დუბაიში.
2021 წელს რამა ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც School of Visual Arts-ში 2024 წელს ხელოვნების მაგისტრის ხარისხი მიიღო ილუსტრაციის მიმართულებით.
დღეს ის მუშაობს ილუსტრატორად, ანიმატორად და კერამიკის მასწავლებლად. მის პორტფოლიოში შედის თანამშრომლობა ისეთ ცნობილ მედიაპლატფორმებთან, როგორებიცაა Spotify, The New Yorker, The Washington Post, BBC, Apple, The Cut და სხვები.

რამას ხელოვნება ყოველთვის ასახავს მის გამოცდილებას, კულტურულ ფესვებსა და საზოგადოებრივ საკითხებს. „მჯერა, რომ ხელოვნება მნიშვნელოვანია, მაგრამ არ შეიძლება დაველოდოთ, რომ ყველა ერთნაირად აღიქვამს მას,“ — ამბობს ის. „ახლა ვქმნი იმ თემებზე, რაც ჩემთვის პირადად მნიშვნელოვანია — ქალი, მიგრანტი, აღმოსავლელი, ხელოვანი. თუ ჩემი ნამუშევარი ვინმეს შთააგონებს და ჩართავს საუბარში პოლიტიკაზე ან სოციალურ თემებზე — ეს სასიამოვნო ბონუსია, მაგრამ არა მთავარი მიზანი.“

ზოჰრან მამდანი და რამა დუვაჯი ერთმანეთს Tinder-ის საშუალებით შეხვდნენ, როცა მამდანი ჯერ მხოლოდ შტატის დეპუტატი იყო. მათ მალე იპოვეს საერთო ინტერესები — სოციალური სამართლიანობისა და კულტურის ირგვლივ. წყვილი 2024 წელს დაინიშნა და 2025 წლის დასაწყისში დაქორწინდა.
რამა თავიდან ერიდებოდა საჯარო ცხოვრებას. მამდანიც იცავდა მეუღლის პირად სივრცეს, თუმცა მოგვიანებით, როცა ამომრჩევლების ნაწილმა პოლიტიკოსის პირადი ცხოვრება ზედმეტად დაფარულობის გამო გააკრიტიკა, ზოჰრანმა რამას თანხმობით მისი ფოტოების სოციალურ ქსელებში გამოქვეყნება დაიწყო. რამამ სწრაფად მოიპოვა პოპულარობა — არა მხოლოდ როგორც პოლიტიკოსის მეუღლემ, არამედ როგორც ახალგაზრდა, თანამედროვე, განათლებულმა და პროგრესულმა ქალმა.
წყვილს ორი ქორწილი ჰქონდა — ერთი ნიუ-იორკში, მეორე კი დუბაიში. ოფიციალურად რამა პირველი ლედი 2026 წლის 1 იანვარს გახდება, როცა ზოჰრანი ოფიციალურად დაიკავებს მერის თანამდებობას.

რამა დუვაჯის Instagram-ზე ათიათასობით გამომწერი ჰყავს. მისი პროფილი აერთიანებს ხელოვნებას, აქტივიზმსა და ყოველდღიურობას. ფოლოვერები მას ხშირად უწოდებენ „ზუმერების პირველ ლედის“ — ქალს, რომელიც თანაბრად ახერხებს იყოს მხატვარი, აქტივისტი და სტილის მაგალითი. სოციალური ქსელის მომხმარებლები აღნიშნავენ მის უნიკალურ გემოვნებასა და ბუნებრივ მომხიბვლელობას. ერთ-ერთმა კომენტარით დაწერა: „ყოველთვის ენდე იმ მამაკაცს, რომელსაც ასეთი მაგარი ცოლი ჰყავს.“
რამა ღიად საუბრობს ქალთა უფლებების, სხეულის პოზიტიურობისა და მიგრანტების თემებზე. იგი ხშირად მონაწილეობს შემოქმედებით პროექტებში, რომლებიც მიზნად ისახავს კულტურათა შერწყმასა და ქალთა მხარდაჭერას.

სხვადასხვა ინტერვიუში ის ხაზს უსვამს, რომ მისი ამოცანა არ არის პოლიტიკურ ველზე ჩართვა, არამედ — ხელოვნების მეშვეობით იმ თემებზე საუბარი, რომლებიც პოლიტიკაზე მეტად ადამიანურია.
მამდანი, რომელიც დაიბადა უგანდაში, გაიზარდა სამხრეთ აფრიკაში და შემდეგ გადავიდა აშშ-ში, მიიჩნევს, რომ მისი ცხოვრება მრავალფეროვნების მაგალითია. ახალ მერს გეგმაში აქვს:
საზოგადოება დიდ მოლოდინებს ამყარებს ახალ წყვილზე, რომელიც თითქოს სიმბოლოა „ახალი თაობის ნიუ-იორკის“ — ქალაქის, სადაც კულტურები, თაობები და იდეალები ერწყმის ერთმანეთს.

28 წლის რამა დუვაჯი უკვე XXI საუკუნის პირველი ლედის ახალი სახე გახდა — ახალგაზრდა ქალი, რომელიც არ ემორჩილება ტრადიციულ ჩარჩოებს. ის არ არის მხოლოდ „მერის ცოლი“ — ის არის დამოუკიდებელი ხელოვანი, კულტურული ხიდი აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის და მაგალითი იმისა, რომ თანამედროვეობაში საზოგადოებრივ გავლენას ქმნის არა მხოლოდ პოლიტიკა, არამედ შემოქმედებაც.