სუპერმარკეტ „სპარის“ ორი თანამშრომლის მიმართ განხორციელებულ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეებიდან ერთ-ერთი, მომღერალმამუკა ჩარკვიანის შვილი, ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი,სამართალდამცავებს ჩაბარდა.
ინფორმაცია მისმა მამიდამ, პოლიტიკოსმა თაკო ჩარკვიანმა დაუდასტურა. საქმე, რომლის ირგვლივაც საზოგადოებრივი ინტერესი განსაკუთრებით მაღალია, ჯგუფურ ძალადობასა და მის ორგანიზებას გულისხმობს.
ფაქტი 2 ნოემბერს, გვიან ღამით, სუპერმარკეტ "სპარში“ მოხდა, რა დროსაც ორ თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ. სამართალდამცავებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ფაქტზე უკვე დააკავეს მანანა გიორგობიანი.
შსს-ს ცნობით, სწორედ მანანა გიორგობიანი დაუკავშირდა ჯაკო ჯანსუღ ჩარკვიანს, რომელიც ადგილზე თანმხლებ პირებთან ერთად მივიდა. მათ სუპერმარკეტის ორი თანამშრომელი ძალის გამოყენებით გაიყვანეს გარე ტერიტორიაზე და ჯგუფურად ფიზიკურად გაუსწორდნენ.
მამიდამ, თაკო ჩარკვიანმა "ინტერპრესნიუსთან" ისაუბრა ინციდენტის დეტალებზე და განაცხადა, რომ მისი ძმისშვილი რამდენიმე საათის წინ თავად ჩაბარდა პოლიციას.
ვინ არის ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი? - მამუკა ჩარკვიანის მეორე ქორწინება და შვილის ოჯახი
ჯაკო (ჯანსუღ) ჩარკვიანი ცნობილ მომღერალსა და კომპოზიტორს, მამუკა ჩარკვიანს, მეორე ქორწინებიდან შეეძინა. ჯაკოს დედა გახლავთ ირმა დოლიძე, რომელიც მომღერალმა საკუთარ ეზოში გაიცნო და შეუყვარდა.
რაც შეეხება თავად ჯაკო ჩარკვიანის პირად ცხოვრებას, მედიაში არსებული ინფორმაციით, ის დაოჯახებულია და ჰყავს ერთი გოგონა. ძმისშვილის ქორწილის და შვილის შეძენის შესახებ სხვადასხვა დროს, მამიდის, თაკოს სოციალური ქსელიდან გახდა ცნობილი, რადგან თავად ჯაკო სოციალურ ქსელში არ აქტიურობს.
ჯაკო ჩარკვიანის სახელი მედიის ყურადღების ცენტრში არაერთხელ მოხვდა მძიმე კრიმინალურ ინციდენტებთან დაკავშირებით:
2016 წელს 19 წლის ჯაკო ჩარკვიანი ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს. მას სამი ჭრილობა ჰქონდა მიყენებული, მათ შორის ერთი - ყელში, ორი კი - ფეხებში. ოპერაციის შემდეგ სხეულიდან ტყვიები ამოუღეს.როგორც მოგვიანებით გახდა ცნობილი, ჩარკვიანი პოლიტიკოს ეკა ხერხეულიძის ვაჟმა დაჭრა. ამ კონფლიქტს წინ უძღოდა ინციდენტი ბათუმში, როცა ხერხეულიძის უმცროსი ბიჭი დაჭრეს.