მომღერალი ნოდიკო ტატიშვილი ეკა ჩხეიძეს სტუმრობდა გადაცემაში და მისი ცხოვრების მთავარ ამბავზე - ქალიშვილის დაბადებაზე ისაუბრა. როგორც ცნობილია, ნოდიკო ტატიშვილს და მის მეუღლეს - ექიმ თათია ერქვანიძეს ცოტა ხნის წინ შეეძინათ ქალიშვილი, რომელსაც კესანე დაარქვეს. როგორ დაიწყო მათი ურთიერთობა, რატომ დაარქვეს ეს სახელი, როგორი მამაა ნოდიკო, ამაზე მან გულწრფელად ისაუბრა:
- მე და თათიამ თითქმის ორი წლის წინ გავიცანით ერთმანეთი, ერთ-ერთ ფარმაცევტულ ივენთზე... მერე კიდევ ერთ ივენთზე შევხვდით, მერე სოცქსელში მიწერა და ასე მოვედით აქამდე... რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, ძალიან კარგი ადამიანია, სწორი ღირებულებებით, რაც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვნია. რაღაცნაირად ძალიაან მოგვეწონა ერთმანეთი, თან პატარები არ ვართ. ჩვენ შემთხვევაში იყო ემოციაც და რაღაც გააზრებული ნაბიჯიც...

ჯერ კარგად გავიცანით ერთმანეთი, მერე ამერიკაში რომ ვიყავი, ყოველდღიურად ვკონტაქტობდით... მერე მოვიდა ეს ურთიერთობა, თავისთავად მოხდა... არ დამიგეგმავს...
მე და თათიას გვინდოდა, რომ ჩვენი ურთიერთობის შესახებ არავის სცოდნოდა... იცოდა ოჯახმა და ვიწრო წრემ. ჩვენმა უახლოესმა ადამიანებმა დაგვიმტკიცეს ძალიან დიდი ერთგულება და მართლა არავის არსად არაფერი არ უთქვამს. ორსულობის პროცესი არ არის მარტივი, ყველაფერს მოფრთხილება უნდა, თან თათია ემოციურია, ემოციებს მოფრთხილება უნდა და მოვილაპარაკეთ, რომ არსად არ გვეთქვა და გამოგვივიდა...
...სახელზე ბევრი ვიფიქრეთ, თათიას თავისი ვერსიები ჰქონდა, განვიხილავდით... რომ გავიგეთ, გოგო იყო, ზაფხულშივე ვიცოდით, რას დავარქმევდით. მომწონს ძალიან ეს სახელი - კესანე.


...ჩემს ცხოვრებაში გამოჩნდა პატარა კესანე, რომელმაც თავდაყირა დააყენა ყველაფერი, ოღონდ ამ სიტყვის ყველაზე პოზიტიური აღქმით. ვერ აგიხსნით რა შეგრძნებაა... ხშირად რომ უყურებ და გული გიჩუყდება.... შენს შვილს რომ უყურებ... მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რომ მე და თათია გაგვაბედნიერა ისე, ჩვენი თავები გადმოვდეთ მეორე ადგილას და ახლა ჩვენი მთელი ცხოვრება, ყოველი დღე, ყოველი წუთი და წამი კესანეა. ჩემი ცხოვრების მთავარი ამბავიც კესანეა და ყველა მშობლისთვის ასე იქნება.