ამ ქალბატონთან ჩემი პირველი ინტერვიუ 1990-იან წლებში გავიდა საქართველოს რადიოს პირველი არხის ეთერში, მას მერე კიდევ ორჯერ ჩავწერე მასთან ინტერვიუ, რომლებიც ჟურნალ „გზაში“ დაიბეჭდა. ჩვენ შორის ისეთი თბილი ურთიერთობა ჩამოყალიბდა (ის იყო საოცრად კეთილი, უშურველი და სიყვარულით სავსე ადამიანი), რომ მასთან სახლში არაერთხელ ვყოფილვარ და სხვადასხვა ღონისძიებაზე დასასწრებად ხშირად ერთადაც მივდიოდით. თავის უმცროს მეგობარს მეძახდა, რაც ნამდვილად მეამაყება.
ასმათ ქანდაურიშვილიგახლდათ მსახიობი, ჟურნალისტი, ხელოვნებათმცოდნე, გალერისტი.
ამ წერილით მინდა გავიხსენო ეს არაჩვეულებრივი ქალბატონი, რომელიც სამი წლის წინ, 89 წლის ასაკში გარდაიცვალა.
1950 წლის ზაფხულია, რუსთაველის თეატრი გასტროლებზე ჩადის ყვარელში. ერთ დღეს, თეატრის წარმომადგენლებს სახლში უმასპინძლა რაიკომის თანამშრომელმა - გრიგოლ ქანდაურიშვილმა. მისი 17 წლის ქალიშვილი ასმათი (სკოლა იმ წელს დაამთავრა), როიალს მიუჯდა - დაუკრა და იმღერა. გოგონამ დამსწრეთა ტაში დაიმსახურა და მაშინ უთქვამს დოდო ალექსიძეს: ეს ბავშვი ჩვენთან, თეატრალურში უნდა წავიყვანოო... ასეც მოხდა და ასმათ ქანდაურიშვილი ინსტიტუტში ჩაირიცხა. მარტო დოდო ალექსიძე არ ყოფილია მისით მოხიბლული. როგორც ქალბატონი ასმათის ჯგუფელი, ლეო ანთაძე ამბობს, ლამაზი გოგო იყო და ლექტორებიც ეარშიყებოდნენო.
თუ როგორ გაგრძელდა მისი სამსახიობო გზა, ამაზე თავად მიამბობდა:
- გიგა ლორთქიფანიძე მარჯანიშვილის თეატრში დგამდა ლევან გოთუას ლირიკულ კომედიას „თუთის პატარძალი“, სადაც მთავარი როლი მომცა. რეპეტიციებზე დაძაბული ვიყავი იმიტომ, რომ კორიფეების გვერდით აღმოვჩნდი - გიორგი შავგულიძე, სესილია თაყაიშვილი, კოტე დაუშვილი, ალექსანდრე ომიაძე. მაგრამ ისინი ძალიან თბილად მექცეოდნენ და მამხნევებდნენ. ჯერ კიდევ მაგიდასთან ვმუშაობდით, როცა ერთ დღეს, კინოსტუდიიდან მოვიდნენ ჩემთან და მთხოვეს გავყოლოდი მათ, თენგიზ აბულაძეს ჩემი გაცნობა უნდოდა. ისინი უარით გავისტუმრე. ჩემთვის თეატრი და ის პარტნიორები, რომელთა გვერდით მუშაობის ბედნიერება მერგო, ძალიან ძვირფასი იყო.
კინოსტუდიიდან კიდევ ორჯერ მომაკითხეს და ბოლოს, წამიყვანეს. შუა გაზაფხული იდგა, სტუდიის ეზო და კორპუსიც ხალხით იყო სავსე. გზად ხანში შესულმა მამაკაცმა გამაჩერა... მიხეილ ჭიაურელმა გამომკითხა, ვინ ვიყავი და უცბად შემომთავაზა თავის კინო-ჯგუფში მისვლა („ოთარაანთ ქვრივს“ იღებდა), მეორე დღისთვის დროც დამინიშნა. რაღაც მანძილის შემდეგ ისევ შემაჩერეს, ნიკოლოზ სანიშვილმა ფილმში „ქალის ტვირთი“ სინჯების გარეშე მიმიწვია. მივედით იმ ოთახთან, სადაც აბულაძის ჯგუფი მუშაობდა, კარზე ეწერა „დედინაცვალი“ (შემდეგ დაერქვა „სხვისი შვილები“).
ყველა თბილად შემხვდა, მათ შორის თენგიზიც. გრიმი გამიკეთეს და სინჯი გადამიღეს. მომცეს სცენარი, რომელიც სახლში მისვლისთანავე წავიკითხე. მეორე დღეს ისევ თეატრიდან წამიყვანეს კინოსტუდიაში. ბატონმა თენგიზმა ამიხსნა: სცენარზე მუშაობის დროს მითხრეს, რომ თელავის თეატრში არის ახალგაზრდა მსახიობი, რომელიც კარგი იქნებოდა თეოს როლში. მაგრამ მე არჩევანს გთავაზობ - თეოს როლი გინდა თუ ნატოსიო? კინოსცენარში თეოს როლი იყო გაცილებით საინტერესო, მას ჰქონდა დრამატიზმით სავსე ბიოგრაფია და ამიტომ ის ავირჩიე. თეატრში მუშაობის პარალელურად, გავაგრძელე გადაღებები. ვიგრძენი, რომ ბატონ თენგიზს არ მოეწონა ჩემი აქტიურობა და ერთ დღესაც გამომიცხადა: უნდა დატოვოთ თეატრში რეპეტიციები და უარი უთხრათ ორივე კინორეჟისორს. თქვენ ჯერ ჩემს ფილმში უნდა გამოჩნდეთ და მერე შეგიძლიათ სხვასთან იმუშაოთო.განაგრძეთ კითხვა