ფსიქოლოგი ზურაბ ვახანია "სალომე კასრაძის პოდკასტში" ბავშვის ყველაზე ფუნდამენტურ მოთხოვნილებებზე საუბრობს და განმარტავს, როგორი უნდა იყოს ბავშვზე ორიენტირებული აღზრდის პროცესი.
"ბავშვი კი არ უნდა მოერგოს პრობლემებს, პირიქით, ყველაფერი უნდა მოერგოს ბავშვს. ეს არის ბავშვზე ორიენტირებული აღზრდა. იგივე უნდა იყოს სკოლაშიც - ბავშვზე ორიენტირებული სწავლება. ანუ მთელი სასწავლო პროცესი, მთელი სკოლა, შეფასების სისტემა - ყველაფერი უნდა მოერგოს ბავშვის ინტერესებს. ჩვენთან მსგავსი არაფერი ხდება არც ოჯახში და არც სკოლაში. იმიტომ არის ეს საშინელი მდგომარეობა. ჩვენი საზოგადოება არ არის ნორმალური საზოგადოება. მე სულაც არ ვამბობ, რომ ბავშვი ყველაფერში თავის ნებაზე მივუშვათ. არ შეიძლება არც ასე, მაგრამ რაც არის ბავშვის ძირეული, სასიცოცხლო მოთხოვნილება, იმის დაუკმაყოფილებლობა არ შეიძლება. რა არის ეს ძირეული მოთხოვნილებები? დედასთან სიახლოვე და მოუსვენარი აქტიურობა. ეს ორი რამ მაინც ბავშვს აუცილებლად უნდა ჰქონდეს ყოველთვის დაკმაყოფილებული. აქედან სულ არ გამომდინარეობს ის, რომ ყველა სურვილი აუსრულო. არ უნდა აუსრულო - უნდა მიეჩვიოს იმასაც, რომ ყველაფერი მის ჭკუაზე არ იქნება. ზომიერების ფარგლებში უნდა იყოს ყველაფერი," - განაცხადა ზურაბ ვახანიამ.