სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო, ერთხელ სიკვდილამდე სცემეს... მამა "იდიოტს" ეძახდა... დღეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია - ილონ მასკის ისტორია - მშობლები

სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო, ერთხელ სიკვდილამდე სცემეს... მამა "იდიოტს" ეძახდა... დღეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია - ილონ მასკის ისტორია

2025-12-10 10:59:42+04:00

მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანის, ილონ მასკის ძმამ, კიმბალ მასკმა, "The Times"-თან ინტერვიუში სამხრეთ აფრიკაში გატარებული რთული ბავშვობის შესახებ ისაუბრა.

კიმბალ მასკმა ის გარემო, სადაც ბავშვობა გაატარეს, "ძალადობრივად" აღწერა და გაიხსენა შემთხვევები, როდესაც ილონს სკოლაში სასტიკად სცემდნენ.

ilon-maski-2-1765350819.jpg
ილონ მასკი ბავშვობაში

"ცხადია, მან ისინი რაღაცით გაანაწყენა, მაგრამ არაფერია ისეთი, რაც სიკვდილამდე ცემას გაამართლებს. ისინი სწორედ ამას ცდილობდნენ, კინაღამ მოკლეს", - თქვა კიმბალ მასკმა. მან თქვა, რომ ამ გამოცდილებამ უმწეობის გრძნობა დაუტოვა.

ამის შესახებ ილონ მასკიც საუბრობს. ეშლი ვენსის მიერ 2015 წელს დაწერილ ბიოგრაფიაში "ილონ მასკი: Tesla, SpaceX და ფანტასტიკური მომავლის ძიება", მასკმა გაიხსენა, რომ მუდმივად ბულინგის მსხვერპლი იყო.

ilon-maski-3-1765350844.jpg
ილონ მასკი ბავშვობაში

"Times"-ის სტატია მათი ოჯახური ცხოვრების სირთულეებსაც გამოკვეთს, მათ შორის, საუბარია სავარაუდო ფიზიკურ და ემოციურ ძალადობაზე, რომელსაც დედა, მეი მასკი, მეუღლის - ეროლ მასკის მხრიდან განიცდიდა. ეროლი შვილებსაც ცუდად ექცეოდა. ილონს ის "იდიოტს" და "არარაობას" უწოდებდა.

მეი მასკი მოდელი და დიეტოლოგია და ხშირად საუბრობს იმ რთულ პერიოდზე, რომელიც მეუღლესთან განქორწინებისა და სამი შვილით მარტო დარჩენის შემდეგ შეხვდა. მას მიიჩნევენ სწორედ მთავარ ფაქტორად, რომ სამივე და-ძმა წარმატებული გაზარდა.

ილონ მასკის წარმატების ისტორია კი ნამდვილად არაერთი ადამიანისთვისაა შთაგონება. იგი 1971 წელს სამხრეთ აფრიკის ქალაქ პრეტორიაში დაიბადა. ადრეული ასაკიდანვე საკუთარი ნიჭით, ტექნოლოგიებისა და მეცნიერებისადმი სიყვარულით გამოირჩეოდა, კითხულობდა ზრდასრულთათვის განკუთვნილ სამეცნიერო წიგნებს და ბევრს შრომობდა.

ilon-maski-8-1765350904.jpg

ილონი 9 წლის იყო, როდესაც მისი მშობლები განქორწინდნენ. ის დროებით მამასთან დარჩა საცხოვრებლად. როგორც ცნობილია, მისი მამა ინჟინერი იყო. ეროლ მასკს სასტიკ, ცივ ადამიანად ახასიათებენ და ილონსაც ძალადობრივ გარემოში უწევდა ცხოვრება.

როგორც ცნობილია, მასკმა 12 წლის ასაკში ჯუნგლებში გადარჩენის ბანაკში, სახელწოდებით "ველდსკული" მიიღო მონაწილეობა, სადაც ბავშვებს ძალიან ცოტა საკვებსა და წყალს აძლევდნენ და ასწავლიდნენ, როგორ უნდა გადარჩენილიყვნენ რთულ პირობებში. თუმცა, ბანაკში უფროსი ბავშვები მათზე ასაკით პატარებს დაუნდობლად უსწორდებოდნენ. ილონმა ერთ კვირაში 4,5 კგ დაიკლო. როგორც თავად ამბობს, ეს გამოცდილება სულ ახსოვდა. ბულინგი მხოლოდ 15 წლის ასაკში შეწყდა, როდესაც ფიზიკურად გაიზარდა და თავის დასაცავად კარატე, ძიუდო და ჭიდაობა ისწავლა. იქამდე სკოლაში ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი არაერთხელ გამხდარა. მამა კი "მშიშარასა" და "უსარგებლოს" უწოდებდა.

ilon-maski-10-1765350924.jpg
ილონ მასკი და-ძმასთან ერთად

17 წლის ასაკში ის კანადაში გადავიდა საცხოვრებლად. ილონის დედა, მეი მასკი, სწორედ კანადიდან იყო და გამგზავრების საკითხების მოგვარება არ გასჭირვებია. იმ პერიოდში მას სამხრეთ აფრიკაში სავალდებულო სამხედრო სამსახური უწევდა, მასკი კი საკუთარი კარიერის აწყობაზე ოცნებობდა. თუმცა, ეს მოგზაურობა მარტივი არ აღმოჩნდა. ილონს ფული თითქმის არ ჰქონდა და წინასწარ ნაყიდი ჰოთ-დოგებითა და ფორთოხლით ირჩენდა თავს.

ilon-maski-11-1765350956.jpg
ილონ მასკი დედასთან და და-ძმასთან ერთად

მისი კარიერა სტარტაპებით დაიწყო. 1990-იან წლებში, ძმასთან ერთად, პირველი კომპანია, Zip2, შექმნა. კომპანია 1999 წელს გაიყიდა, რამაც მასკს მნიშვნელოვანი საწყისი კაპიტალი მოუტანა. შემდეგ დააარსა X.com, რომელიც მოგვიანებით PayPal-ად გარდაიქმნა და გლობალური ონლაინგადახდების სისტემად იქცა. 2002 წელს მან SpaceX შექმნა და ადამიანების მარსზე გაყვანა დაისახა დაისახა მიზნად. თავდაპირველი წარუმატებლობების მიუხედავად, SpaceX დღეს ერთ-ერთი წამყვანი კოსმოსური კომპანიაა და NASA-სთან აქტიურად თანამშრომლობს. 2004 წლიდან მასკი Tesla-ს განვითარებაში ჩაერთო.

31 წლის ასაკში მასკს 180 მილიონი დოლარი ჰქონდა და შეეძლო, მუშაობა შეეწყვიტა, მაგრამ ოცნებებისკენ სვლა განაგრძო.

ilon-maski-9-1765350992.jpg
ილონ მასკი დედასთან და და-ძმასთან ერთად

2008 წელს მასკი თითქმის გაკოტრდა. საწყისი 180 მილიონი დოლარიდან მხოლოდ 40 მილიონი დოლარი ჰქონდა დარჩენილი. SpaceX-ს რაკეტის გაშვების რამდენიმე წარუმატებელი მცდელობა ჰქონდა. იმ პერიოდისათვის, მასკს მხოლოდ ერთი რაკეტის გაშვებისთვის ჰქონდა საკმარისი რესურსი და თუ ის ჩავარდებოდა, ყველაფერი დამთავრდებოდა…. Tesla კი თანამშრომლებს ხელფასებს ვეღარ უხდიდა.

მან გადაწყვიტა, 40 მილიონი დოლარი ორ კომპანიას შორის გაეყო და ან ორივე დაეკარგა ან ორივე ერთად შეენარჩუნებინა. 2008 წლის სექტემბერში Falcon 1-ის მეოთხე გაშვება საბოლოოდ წარმატებით განხორციელდა და ისტორიაში პირველი კერძო რაკეტა გახდა, რომელიც ორბიტაზე გავიდა. რამდენიმე დღის შემდეგ, NASA-მ SpaseX-თან 1.6 მილიარდი დოლარის ღირებულების კონტრაქტი გააფორმა. საბოლოოდ, Tesla-ს განვითარებაც განაგრძო და თანამშრომლებს ხელფასებიც გადაუხადა.

ilon-maski-12-1765351032.jpg

დღეს ილონ მასკის წმინდა ქონება 496 მილიარდ დოლარადაა შეფასებული, რაც მას უმდიდრეს ადამიანად აქცევს. Tesla-მ, რომლის ღირებულება 1.43 ტრილიონ დოლარს შეადგენს, გლობალურ საავტომობილო ინდუსტრიაში რევოლუცია მოახდინა. SpaseX-მა კი, რომლის ღირებულებაც 400 მილიარდ დოლარს შეადგენს, ამერიკელი ასტრონავტები კოსმოსში გადაიყვანა. ილონ მასკს ეკუთვნის Neuralink, The Boring Company და X (ყოფილი Twitter).

ilon-maski-15-1765351045.jpg

ბიჭი, რომელიც სკოლაში ბულინგის მსხვერპლი იყო, რომელსაც სამეცნიერო ფანტასტიკა აინტერესებდა და მთელი ძალით ცდილობდა, საკუთარი ოცნებები აესრულებინა, დღეს პლანეტის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ადამიანია.

ილონ მასკის ტრანსგენდერი შვილი, რომელიც მან უარყო და მემკვიდრეობის გარეშე დატოვა, ქირით ცხოვრობს და მოდელობით ირჩენს თავს
მოკრძალებული ყოფა, შრომის სიყვარული, მეორადი სამოსი... - მეი მასკი მომავალი მილიარდერის აღზრდის მთავარ წესებს ამხელს