ფსიქოლოგი ზურაბ ვახანია "სალომე კასრაძის პოდკასტში" ბავშვის ერთ-ერთ ძლიერ და აუცილებელ უნარზე საუბრობს - ესაა წარმოსახვა, რომელსაც ხელის შეწყობა სჭირდება. ფსიქოლოგის თქმით, წარმოსახვისს განვიტარება ავიტარებს ინტუიციასაც, რომელიც ცხოვრებაში წარმატების მისაღწევად ძალიან ძლიერი საფუძველია. ზურაბ ვახანია მშობლებს ურჩევს, არ შეზღუდონ ბავშვების წარმოსახვის განვითარების პერიოდი ზედმეტად რეალისტური სათამაშოებით.
"მონტესორის და სხვა ფსიქოლოგების ერთ-ერთი რჩევა არის ის, რომ ბავშვს არ სჭირდება ძალიან ბევრი და ძვირად ღირებული სათამაშო. თუკი ჯანსაღი ბავშვის განვითარებას დავაკვირდებით, სულ უბრალო სათამაშოებით, კენჭებით, ძონძებით გატაცებით თამაშობს. ეს უფრო ავითარებს წარმოსახვას, რადგან თვითონ აგებს თავის სამყაროს. ხოლო როცა ბავშვს აძლევ მოძრავ რობოტს, ბავშვი პასიური ხდება. წარმოიდგინეთ, როცა კუბიკებით და რაღაც ნარჩენებით ბავშვმა სასახლე ააშენა, სადღაც ცუგა ჩასვა. თან ამ დროს ვალაპარაკოთ, თუ რას აკეთებს, ვკითხოთ, აბა ეს ცუგა რას შვრება? აქ ვინ ზის? იქ რა ხდება? ასე აგებს ბავშვი მთელ სამყაროს და ვითარდება მისი შემოქმედებითობა, აზროვნება, მეტყველება - ყველაფერი ერთად ვითარდება, განსაკუთრებით კი - წარმოსახვა. ეს არის უძვირფასესი უნარი, რომელიც სწორედ სკოლამდელ ასაკში უნდა განვითარდეს, რადგან მერე და მერე იზღუდება წარმოსახვის არეალი - მერე ბავშვმა უნდა ისწავლოს წერა, კითხვა, ანგარიში... სკოლაში რასაც გააკეთებს, 90% იქნება ნორმირებული. ხომ არ შეიძლება წარმოსახვით დაწეროს ასოები - როგორც საჭიროა, აუცილებლად ისე უნდა დაწეროს, მათემატიკაში ამოცანა ზუსტად ისე უნდა ამოხსნას, როგორც საჭიროა, უნდა მოიქცეს კლასში ისე, როგორც საჭიროა, ანუ ყველაფერი არის ნორმირებული და წარმოსახვის სარბიელი მცირეა. ამიტომ უნდა განვითარდეს სკოლამდელ ასაკში წარმოსახვა მაქსიმალურად. ამის წყალობით ბავშვი მრავალმხრივ ვითარდება, მისი ინტუიცია იქნება ძლიერი და ეს არის ის ძლიერი საფუძველი, რომ ცხოვრებაში წარმატებული იყოს - საქმეშიც და ყველაფერში," - ამბობს ზურაბ ვახანია.