„უოლ სტრიტის მგლის“ ვარსკვლავი და ათობით ჰიტის რეჟისორი ლოს-ანჯელესში საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს. მკვლელი უკვე იდენტიფიცირებულია.
ლეგენდარული რეჟისორი რობ რაინერი და მისი მეუღლე, მიშელ სინგერ რაინერი, გარდაცვლილები იპოვეს - ტრაგედიის შესახებ პირველი ინფორმაცია TMZ-მა გაავრცელა. წყვილის ცხედრები მათმა ქალიშვილმა აღმოაჩინა, რომელიც ახლოს ცხოვრობს.
„ეს ჩვენი ქალაქისა და ქვეყნისთვის დამანგრეველი დანაკარგია. რობ რაინერის წვლილი მთელ ამერიკულ კულტურასა და საზოგადოებაშია და მან თავისი შემოქმედებითი მოღვაწეობითა და სოციალური და ეკონომიკური სამართლიანობისთვის ბრძოლით უამრავი ადამიანის ცხოვრება გააუმჯობესა“, - განაცხადა ლოს-ანჯელესის მერმა კარენ ბასმა.
ორივე მათგანს სხეულზე ცივი იარაღით მიყენებული ათობით ჭრილობა ჰქონდა. ლოს-ანჯელესის პოლიციის დეპარტამენტი გამოძიებას აგრძელებს. თუმცა, როგორც ჟურნალი People იტყობინება, რამდენიმე წყარომ დარწმუნებით განაცხადა, რომ წყვილი მათმა 32 წლის ვაჟმა, ნიკმა, მოკლა.

ცნობილია, რომ ნიკი დიდი ხნის განმავლობაში ნარკოდამოკიდებულებით იტანჯებოდა. 2016 წელს ჟურნალ People-თან ინტერვიუში ნიკმა ისაუბრა ხანგრძლივ ბრძოლაზე, რომელიც მოზარდობის ასაკში დაიწყო, ბოლოს ქუჩაში გავიდა და ფაქტობრივად, მაწანწალობდა. 15 წლის ასაკიდან რეჟისორის ვაჟი პერიოდულად სარეაბილიტაციოდ დადიოდა, მაგრამ ამან არ უშველა - რამდენიმე წლის განმავლობაში რაინერ უმცროსი ქვეყნის სხვადასხვა შტატში ქუჩებში ცხოვრობდა.
2015 წელს რაინერმა ნიკის სცენარის მიხედვით დრამატული ფილმიც კი გადაიღო - „ჩარლი ყოფნა“. ფილმი, რომლის რეჟისორიც მოსიყვარულე მამაა, მისი შვილის ნარკოდამოკიდებულებასთან ბრძოლის რეალურ ისტორიას ეძღვნება. „მე უსახლკარო ვიყავი მენში. უსახლკარო ვიყავი ნიუ ჯერსიში. უსახლკარო ვიყავი ტეხასში. ღამეებს ქუჩაში ვათევდი. კვირებს ქუჩაში ვატარებდი. ეს სულაც არ იყო სახალისო... დიდი ხანია სახლში ვარ და, შეიძლება ითქვას, რომ ლოს-ანჯელესში ცხოვრებას და ისევ ოჯახთან ყოფნას შევეჩვიე“, - რამდენიმე წლის წინ თავდაჯერებულად განაცხადა ნიკ რაინერმა. თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც მაინც მოხდა...
შეგახსენებთ, რომ რობ რაინერი ლეგენდარული კინორეჟისორია, რომელმაც ათობით ჰიტი შექმნა, მათ შორის „პატარძალი პრინცესა“, „უბედურება“, „სურვილების სია“ და მრავალი სხვა. რობი თავის დროს გაცილებით უსწრებდა - მან გადაიღო ლეგენდარული რომანტიკული კომედია „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“ და ფსევდოდოკუმენტური ფილმებისთვის ტერმინი „მოკუმენტური“-ც კი შემოიღო.

რეჟისორმა თავისი ცხოვრების სიყვარული, მიშელი, „როდესაც ჰარი შეხვდა სალის“ გადაღებების დროს გაიცნო. წყვილი 1989 წელს დაქორწინდა და მოგვიანებით სამი შვილი შეეძინათ.
