ანი ბებია და ილო ბეროშვილი ვიკა ბუკიას იუთუბ-გადაცემას - ვიკასთან - სტუმრობდნენ და ისაუბრეს პირველ შეხვედრაზე, სირთულეებზე, ურთიერთობებზე, ხასიათის თავისებურებებზე.
ანიმ აღნიშნა, რომ ისინი ძალიან განსხვავდებიან ერთმანეთისგან ხასიათით, ტემპერამენტით და ერთგვარად, ავსებენ ერთმანეთს. ერთმანეთს ეხმარებიან რთულ სიტუაციებში, როგორიც იყო, მაგალითად, ილოს დამოკიდებულების პრობლემები თუ ანის მშობიარობის შემდგომი დეპრესია. ისიც აღნიშნა, რომ მისი შეხედულებით, ილო ძალიან კარგი მამაა.
ილომ აღნიშნა, რომ გარეგნობის გარდა, ანის ხასიათით მოიხიბლა, მისი პირდაპირობით, გულწრფელობით და სიმშვიდით.
ანი:
- ძალიან გვიყვარს ერთმანეთთან საუბარი, რაც არ უნდა სხვადასხვა შეხედულება გვქონდეს რაღაც საკითხებზე... ბევრჯერ გვიჩხუბია.
ილო:
- ჩვენი სხვაობა ტემპერამენტში ეგეც არის. ანისგან მაცოფებს ხოლმე ის, რომ შეუძლია იყოს ჩუმად.
ანი:
- მე მიყვარს მშვიდად საუბარი, ახსნა პრობლემის. რა გვაწუხებს. სიმშვიდეში მინდა ეს გავიაზრო. მინდა, რომ ავუხსნა, გავაგებინო. ილოს ხმის ტემბრი რომ ეცვლება, მე ვჩუმდები.
ილო:
- როგორც ლოკოკინა შეყოფს ხოლმე თავს და მე ამისგან ვცოფდები, რომ არ მელაპარაკება.
ანი:
- ერთმანეთს ვაძლევთ პირად სივრცეს, შეიძლება მთელი დღე ორივე სახლში ვიყოთ, მაგრამ ჩვენს საქმეებს ვაკეთებდეთ. მეორე დღეს კი საუბარში გავათენოთ... ოღონდ, როცა ფიზიკურად ერთად არ ვართ, მე პირადად ძალიან ცუდად ვხდები, არ შემიძლია. სამი დღე რომ გადაებას ისე, რომ ილო სახლში არ არის, უკვე დეპრესიაში ვარ.
ილო:
- მეც ეგრე ვარ. ერთხელ მშობლებთან დარჩნენ ბავშვები და ანი და მე მარტო დავრჩი სახლში. თითქოს სხვა სახლში ვიყავი... ცარიელი იყო თითქოს სახლი, ცივი. ჩვენ ყველანი ერთად რომ ვართ, თითქოს ფაზლები რომ აიღო და ერთი მთლიანი ხდება.