რამდენ ხანს შეიძლება მაიონეზიანი კერძების შენახვა მაცივარში და რამდენ ხანში იწყებს სუფრაზე კერძებში ბაქტერიები გამრავლებას... - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტისგან - მშობლები

რამდენ ხანს შეიძლება მაიონეზიანი კერძების შენახვა მაცივარში და რამდენ ხანში იწყებს სუფრაზე კერძებში ბაქტერიები გამრავლებას... - რჩევები სურსათის უვნებლობის ექსპერტისგან

2025-12-25 11:30:49+04:00

ხშირად კერძს, რომელიც სადღესასწაულო სუფრაზე დიდი ხნის განმავლობაში გვიდევს, ისევ მაცივარში ვინახავთ ხოლმე და რამდენიმე დღე მივირთმევთ. თუმცა, ცოტამ თუ იცის, რეალურად, რამდენ ხანს ინარჩუნებს საკვები უვნებლობას და როგორ უნდა დავიცვათ თავი მოწამვლისაგან. გადაცემაში "დღის პოსტი" სურსათის უვნებლობის ექსპერტი, ირაკლი არაბული, საკვების უვნებლობის შესახებ საუბრობს და სადღესასწაულო დღეების წინ, მოსახლეობას რეკომენდაციებს უზიარებს:

- საახალწლო სუფრის უვნებლობა ძალიან მნიშვნელოვანია. ის პროდუქტი, რომელიც სუფრაზეა და რასაც ვამზადებთ, ჩვენი ჯანმრთელობისათვის უვნებელი უნდა იყოს.

საცივი ახალ წელს, ალბათ, ყველას აქვს. როდესაც საცივს სუფრაზე მოვათავსებთ, 2 საათის განმავლობაში შეგვიძლია, სუფრაზე დავტოვოთ. შემდეგ კი მაცივარში შევინახოთ. თუ 4 საათის განმავლობაშია სუფრაზე, შეგვიძლია, მივირთვათ. მაცივარში შენახვა აღარ შეიძლება. თუ სუფრაზე 6 საათის განმავლობაშია გაჩერებული, არც საცივის და არც სხვა კერძების მირთმევა უკვე აღარ შეიძლება.

2 საათის შემდეგ ბაქტერიები ოთახის ტემპერატურაზე გამრავლებას იწყებენ. რაც უფრო მაღალია ოთახის ტემპერატურა, უფრო მარტივად ხდება მათი გამრავლება. ამიტომ, 2 საათია ის ზღვარი, რა დროშიც ბაქტერიები არ მრავლდებიან. ბაქტერიების გარკვეული რაოდენობაა საჭირო, რომ ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში გახდეს. რაც უფრო მეტი დრო გადის, რაოდენობაში მით მეტად იზრდება. შესაბამისად, დიდი რაოდენობით ბაქტერიები ადამიანის ჯანმრთელობისათვის საზიანოა.

თუ საცივი სუფრაზე 6 საათი და მეტი გვაქვს დაყოვნებული, აღარ უნდა გამოვიყენოთ

მაიონეზიანი კერძები, ასევე ნიგვზიანი პროდუქტები, მალფუჭებადი კერძების კატეგორიაში გადის. აქაც 2-4-6 საათის პრინციპი მოქმედებს. უბრალოდ, მაცივარში შეიძლება, შენახვის უფრო ნაკლები ვადა ჰქონდეს. მაიონეზიანი საკვები მაქსიმუმ 48 საათი შეგვიძლია, მაცივარში შევინახოთ. ნიგვზიანზეც 48 საათია მაქსიმუმი. ნებისმიერ კერძს, რომლებსაც სახლის პირობებში ვამზადებთ, მაცივარში შენახვის მაქსიმალური ვადა შეიძლება, 72 საათი ჰქონდეს. 72 საათიდან არის ნაწილი, რომლებსაც შენახვის ვადა 24, 36 ან 48 საათი აქვს. ყოველ შემთხვევაში, 3 დღეზე მეტი პლიუს-განყოფილებიან მაცივარში კერძები არ უნდა შევინახოთ.

გოზინაყი შედარებით მარტივი პროდუქტია, მით უმეტეს, თხილითა და თაფლითაა. ოთახის ტემპერატურაზე 2-3 კვირა თავისუფლად შეგვიძლია, დავტოვოთ. გოზინაყს მაცივარში შენახვა არ სჭირდება.

სუფრაზე დადებული საკვების მაცივარში შენახულ კონტეინერში ჩაბრუნებით რისკს ვქმნით. როგორც ვთქვით, შესაძლოა, კერძში ბაქტერიები გამრავლდეს და შესაძლოა, ის პროდუქტი, რომელიც მაცივარშია, დავაბინძუროთ. ამიტომ, უნდა ვეცადოთ, ან პორციებად დავაფასოოთ ან უკან, მთლიან შეფუთვაში აღარ ჩავაბრუნოთ.

გაყინვა ერთ-ერთი სწორი მეთოდია. გაყინვის დროს ბაქტერიები ვერ მრავლდებიან. ამიტომ, თუ გვსურს, რომელიმე კერძს უფრო ხანგრძლივი ვადა შევუნარჩუნოთ, გაყინვა ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა. დაახლოებით, 1 თვის განმავლობაში შეგვიძლია, გამოვიყენოთ.

უმჯობესია, ისეთი კერძები გავყინოთ, რომლებიც შემდგომ თერმულ დამუშავებას გადის. რომ გავაცხელებთ, გემოვნური თვისებები შეენახება. სალათების გაყინვა რეკომენდებული არ არის. როდესაც გალღვება, გემოვნური თვისებები დაეკარგება.

კერძის გაცხელება მხოლოდ ერთხელ შეიძლება. არ არის აუცილებელი, რომ ავადუღოთ და ხელახლა ვხარშოთ. რაც უფრო ხშირად გავაცხელებთ, სასარგებლო კომპონენტები, უფრო და უფრო დაიკლებს.

სოკოს ჩაქაფულის გაცხელება შეიძლება. უბრალოდ, სოკოს განსაკუთრებული მოპყრობა სჭირდება. დარწმუნებულები უნდა ვიყოთ სოკოს სახეობაში, რადგან შეიძლება, ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდეთ. შემოდგომაზე სოკოზე "ბუმი" იყო. ყველა ტყეში მიდიოდა, კრეფდა. წელს ყველაზე მეტი კვებითი ინტოქსიკაცია დაფიქსირდა იმიტომ, რომ სოკოს გარჩევა ყველას არ შეუძლია. სოკოს სახეობასა და უვნებლობაში დარწმუნებულები უნდა ვიყოთ.

არის კერძები, რომლებსაც უმად მივირთმევთ და ის არანაირ თერმულ დამუშავებას არ გადის. შეიძლება, დამარილებული იყოს, მაგრამ დამარილება უბრალოდ ბაქტერიების გამრავლებას ხელს უშლის. მაგრამ, თუ დაბინძურებულია, ვერ კლავს. ამიტომ, განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ

როდესაც კერძი ან ინგრედიენტი გაფუჭებულია, სუნი აქვს, იქ ბაქტერიების გამრავლების პროცესი უკვე დიდი ხნის დაწყებულია. თავიდან ეს საერთოდ არ ეტყობა. შეიძლება, კერძი ძალიან კარგად გამოიყურებოდეს და ადამიანის ჯანმრთელობისათვის საშიში ბაქტერიებით იყოს დაბინძურებული. რასაც ეტყობა, იქ უკვე ეს პროცესი დიდი ხნის დაწყებულია და საშიშ ზღვარზეა.

რატომღაც, საახალწლოდ ძალიან ბევრ რამეს ვყიდულობთ, ძალიან ბევრ კერძს ვაკეთებთ და მათგან უმეტესობას ნაგავში ვყრით. მაქსიმალურად ვეცადოთ, რომ შესაბამისი რაოდენობის მოვამზადოთ და პორციებად შევინახოთ. ერთხელ გამოტანილი პროდუქტი უკან იმავე კონტეინერში არ დავაბრუნოთ და თუ გვინდა, რომ დიდი ხნის განმავლობაში შევინახოთ, საყინულეში მოვათავსოთ, რომ ვადა გავუხანგრძლივოთ.