საახალწლო სუფრაზე ძალაუნებურად ყველაზე ნოყიერი და კალორიული კერძები იყრის თავს. ეს ტრადიცია ხშირად გადაჭარბებული კვებით, კუჭ-ნაწლავის პრობლემებით და ზედმეტი კილოგრამებით დაგვირგვინდება ხოლმე. არადა დღესასწაული საყვარელ კერძებსა და მათგან გამოწვეულ სიამოვნებასაც გულისხმობს. საკმარისია რამდენიმე მარტივი პრინციპის დაცვა, რომ გემოც შეინარჩუნოთ, მაგგამ მენიუ უფრო ჯანსაღი და მსუბუქი გახდეს.
ალკოჰოლი მარილიან და ცხიმიან საკვებთან ერთად ძლიერ ტვირთად აწვება ღვიძლს და კუჭ-ნაწლავის სისტემას. თუ გიჭირთ ერთ-ორ ჭიქაზე შეჩერება, სჯობს ალკოჰოლზე უარი თქვათ და ის ალტერნატიული სასმელით ჩაანაცვლოთ. გაზიანი სასმელების ნაცვლად შეგიძლიათ მოამზადოთ სახლის ლიმონათი — მანდარინის, მარწყვის, ტარხუნის სიროფით, ანანასის და ქოქოსის რძით. მსგავსი სასმელები გემრიელიცაა და ბევრად მსუბუქიც ორგანიზმისთვის.
ბევრი ჩვენგანი ახალ წელს იმავე სცენარით ხვდება, როგორც ბავშვობაში: რამდენიმე დღე მაცივარში შეგროვებულ პროდუქტებს არ ვეხებით, 31 დეკემბერს კი თითქმის შიმშილობთ, რათა ღამით ყველაფერი ერთდროულად მივირთვათ. სინამდვილეში ახალი წელი არ არის მიზეზი, სრულად დაარღვიოთ რეჟიმი, მით უმეტეს მაშინ, როცა წინ რამდენიმე დღე უკონტროლო კვება გელოდებათ. ენდოკრინოლოგები გვირჩევენ, 31 დეკემბერს აუცილებლად მივირთვათ ნოყიერი საუზმე, დღის განმავლობაში კი — ცხელი კერძი ან საყვარელი თუნდაც მაიონეზიანი სალათი არაუგვიანეს 21:00 საათისა. თავად შუაღამისას კი უმჯობესია შემოვიფარგლოთ მსუბუქი წასახემსებლებითა და ხილით.
ბოჭკო საჭმლის მონელების პროცესში ერთ-ერთი მთავარი დამხმარეა. ამიტომ სუფრაზე მეტი ადგილი დაუთმეთ ხილსა და ბოსტნეულის სალათებს. შეარჩიეთ რეცეპტები, სადაც ნაკლებია ფქვილი, ხოლო მაიონეზის ნაცვლად გამოიყენეთ მსუბუქი სოუსები. ცილა მიიღეთ მცირე რაოდენობით და ადვილად მოსანელებელი სახით — ზღვის პროდუქტები, ქათამი.
საცივზე ან ოლივიეზე უარის თქმა აუცილებელი არ არის. თუ გინდათ რამდენიმე კერძის გასინჯვა, უბრალოდ მცირე ულუფებით მიირთვით. ცდუნების თავიდან ასაცილებლად სალათები თავიდანვე პორციებად მოამზადეთ — დაახლოებით 100 გრამი სალათი ერთ ადამიანზე და თითოეული სახის 1–2 წასახემსებელი სტუმარზე. გაითვალისწინეთ, რომ დიდი რაოდენობით დარჩენილი საჭმელი კარგი ნიშანი არ არის: ბევრ კერძს 12 საათზე მეტხანს შენახვა არ უხდება, რადგან გემოსაც კარგავს და ბაქტერიების გამრავლებაც იწყება.
თუ ცხელი კერძის მირთმევას შუაღამის შემდეგ გეგმავთ, უპირატესობა მიანიჭეთ თევზსა და ფრინველს. იდეალური არჩევანია კალმახი, ორაგული, ვირთევზა, ასევე ქათამი ან ინდაური — შედარებით ნაკლებკალორიული და ადვილად მოსანელებელი ვარიანტები.
ტორტები, ნამცხვრები და შოკოლადი სჯობს ახალწლის ღამეს გვერდზე გადადოთ — წინ კიდევ არაერთი დღე გექნებათ მათი დასაგემოვნებლად. შუაღამეს ყველაზე ოპტიმალური დესერტი ხილია: ვაშლი, მანდარინი, ანანასი. მცირე რაოდენბით ჩურჩხელა და გოზინაყი.