ვიტამინებით მდიდარი სასმელი, რომელიც ვირუსული ინფექციების დროს მალე გამოჯანმრთელებაში დაგვეხმარება - რეცეპტი გიორგი ღოღობერიძისგან - მშობლები

ვიტამინებით მდიდარი სასმელი, რომელიც ვირუსული ინფექციების დროს მალე გამოჯანმრთელებაში დაგვეხმარება - რეცეპტი გიორგი ღოღობერიძისგან

2026-01-06 10:11:38+04:00

ექიმი გიორგი ღოღობერიძე სოციალურ ქსელში ვიტამინებით მდიდარი სასმელის რეცეპტს გვიზიარებს, რომელიც რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს მალე გამოჯანმრთელებაში დაგვეხმარება:

- ახლა რესპირატორული ვირუსული ინფექციები ძალიან გახშირდა. ვიცი, რომ ბევრ თქვენგანს მედიკამენტებისა და დანამატების მიღება არ უყვარს და ეძებს რაღაც ბუნებრივს, რომ სახლში, მარტივად გამოჯანმრთელდეს. ასე მოიქეცით:

აიღეთ ჯინჯერი. ის თუთიის ძალიან კარგი წყაროა. ჯინჯერი კარგად დახეხეთ და 1 ჩაის კოვზი ერთ ჭიქაში მოათავსეთ. ამის შემდეგ მას 3-5 ცალი პიტნის ფოთოლი დაამატეთ. შემდეგ 100 გრადუსამდე ადუღებული წყალი დაამატეთ. დაახლოებით, 5-7 წუთი გააჩერეთ. მხოლოდ ამის შემდეგ დაამატეთ თაფლი და ლიმონი. გახსოვდეთ, რომ თაფლი და ლიმონი თავიდანვე არ უნდა დაამატოთ. თუ თაფლსა და ლიმონს თავიდანვე დაამატებთ, 100 გრადუსზე ადუღებული წყალი უბრალოდ მას გაანადგურებს და იქიდან არაფერი დაგრჩებათ. იქნება მხოლოდ ნახშირწყლები და მომჟავო გემო, მეტი არაფერი.

ასე რომ, თაფლი და ლიმონი ყოველთვის 5-7 წუთის შემდეგ დაამატეთ, როცა წყლის ტემპერატურა 50 გრადუსამდე ჩამოვა. ეს არის არაჩვეულებრივი C ვიტამინის, თუთისა და კიდევ ბევრი სხვა ვიტამინის წყარო, რომლებიც მოგეხმარებათ, რომ რესპირატორული ვირუსული ინფექციები შედარებით მარტივად დაამარცხოთ და უფრო მარტივად გამოჯანმრთელდეთ. მიიღეთ რამდენიმე დღის განმავლობაში.