დარია ბულბა ახლა 29 წლის იქნებოდა. უკრაინელი ახალგაზრდა გოგონა ოდესიდან ჩინეთში, მოდელად სამუშაოდ წავიდა, თუმცა უკვალოდ გაქრა. მისმა ოჯახის წევრებმა დღემდე არაფერი იციან. ვერსია კი უამრავია.
შემთხვევა 2016 წლის 6 აგვისტოს მოხდა, ქალაქში, სადაც ქუჩების ყოველ სანტიმეტრს სათვალთვალო კამერები აკონტროლებს. დარიას გაუჩინარებიდან თითქმის 10 წელი გავიდა, მაგრამ არავინ იცის, სად შეიძლებოდა, ახალგაზრდა მოდელი წასულიყო.
დარია 1995 წლის 25 სექტემბერს, შავი ზღვის სანაპიროს საპორტო ქალაქში დაიბადა. კარგი ოჯახი ჰყავდა, თავად გიტარაზე უკრავდა და სიმღერაც უყვარდა.

2015 წელს მან ოდესის სასტუმროების მენეჯმენტის კოლეჯი დაამთავრა, სტუდენტობის პერიოდში კი მოდელობით დაინტერესდა. ოდესის სამოდელო სააგენტო "არტ-პოდიუმში" მივიდა და მალევე კატალოგებისა და ჟურნალებისთვის, მუსიკალურ ვიდეოებსა და რეკლამებში მოდელობა დაიწყო. სხვადასხვა ქვეყანაში მოგზაურობდა. მათ შორის, იტალიაში, საბერძნეთში, თურქეთში. ჩინეთსაც კი ორჯერ სტუმრობდა.
2016 წლის 7 აპრილს დარია შანხაიში დაფუძნებულ სამოდელო სააგენტო BYS Model Agency-თან კონტრაქტით კიდევ ერთი პროექტით ჩინეთში გაფრინდა. ახალგაზრდა გოგონა მშობლებსა და მეგობრებს ყოველდღიურად ესაუბრებოდა. თუმცა, 6 აგვისტოს მან კომუნიკაცია შეწყვიტა. 8 აგვისტოს ოჯახმა დარიასთან ერთად მცხოვრები გოგონასაგან საშინელი ამბავი შეიტყო. მისი თქმით, ახალგაზრდა მოდელი დაიკარგა. გოგონა ამბობდა, რომ დარია ნაცნობთან შესახვედრად წავიდა, თუმცა სახლში აღარ დაბრუნებულა...

ოჯახი საქმეში ძალიან სწრაფად ჩაერთო. სისხლის სამართლის საქმის აღძვრისა და ინტერპოლსა და ადგილობრივ ხელისუფლებასთან დაკავშირების შემდეგ, გაირკვა, რომ ამ იდუმალი გაუჩინარების გასაჯაროების დრო დადგა. დაშას მამამ უკრაინულ ტელევიზიებს მისწერა და შვილის ფოტოები გაუგზავნა, მაგრამ გამოხმაურება ვერ მოიპოვა. მამაკაცი ცდილობდა, არ დანებებულიყო და ყველაფერს აკეთებდა, რომ ქალიშვილის შესახებ რაიმე გაეგო.
ტრაგედიიდან პირველი ორი თვის განმავლობაში ოჯახი შანხაიში უკრაინის საკონსულოს თითქმის ყოველდღე უკავშირდებოდა. ისინი არწმუნებდნენ, რომ პოლიცია გულმოდგინედ იძიებდა დაშას გაუჩინარებას, თუმცა პროგრესი არ ყოფილა.
შანხაის პოლიციამ მაშინვე ივარაუდა, რომ დაშამ თავი მოიკლა; სხვა თეორიები არ განიხილეს. როდესაც მამამ ჩინეთში გამგზავრება მოინდომა, სამართალდამცავმა ორგანოებმა მისი გადარწმუნება სცადეს. ისინი ამტკიცებდნენ, რომ მგლოვიარე მშობელი გამოძიებას ხელს შეუშლიდა...

დაშას შესახებ თითქმის ორი თვის განმავლობაში ახალი ამბების ლოდინის შემდეგ, მამამისი საბოლოოდ შანხაიში გაფრინდა. აღმოჩნდა, რომ უბრალოდ გამომძიებელთან მისვლა და საქმის წარმოების გარკვევა შეუძლებელი იყო. პირველ რიგში, მას უკრაინის საკონსულოსთვის უნდა მიემართა და მხოლოდ ამის შემდეგ შეეძლო პოლიციას მისი ნახვა. საჭირო ბიუროკრატიული ნაბიჯების გადადგმის შემდეგ, ჰონგკოუს რაიონის პოლიციის დეპარტამენტის გამომძიებლებმა დარიას მამა მიიღეს. მათ აუხსნეს, რომ დაშა სანაპიროზე მიდიოდა და ორ ვიდეოკამერას შორის უხილავ ზონაში გაუჩინარდა. ისინი ვარაუდობდნენ, რომ დაშა დაიხრჩო, რადგან... არაფხიზელ მდგომარეობაში იმყოფებოდა. გამოძიება ამტკიცებდა, რომ გოგონა ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ იყო. კამერების ჩანაწერებში ჩანდა, რომ დარია ყურსასმენებით მუსიკას უსმენდა და თან ცეკვა-ცეკვით მიდიოდა.
იმიგრაციის სამსახურმა დააზუსტა, რომ დაშა ჩინეთიდან არსად წასულა. საინტერესოა ისიც, რომ დაშას ცხედარი ვერსად იპოვეს. პოლიციამ განაცხადა, რომ ყველა მორგსა და პოლიციის განყოფილებაში ჩამოიარეს, მაგრამ დარია იქ არ იყო. ცოცხალი რომ ყოფილიყო, მას სათვალთვალო კამერებზე დაინახავდნენ, რადგან მთელი შანხაი კამერებითაა დაფარული - ის ამ ბეტონის ჯუნგლებში უბრალოდ ვერ გაუჩინარდებოდა. პოლიცია ხან ამბობდა, რომ დაშა ცოცხალი იყო, ხან კი დახრჩობის ვერსიას განიხილავდა. თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ცხედარს ვერსად მიაკვლიეს.

ყველამ, ვინც ჩინეთში ყოფილა, იცის, რომ კამერები ყველგანაა. კადრების შემოწმება და უკრაინელი მოდელის გაუჩინარების საქმის გახსნა რთული არ უნდა ყოფილიყო. გასაკვირია, რომ შანხაის პოლიცია კადრებს გოგონას მამას დიდი ხნის განმავლობაში არ აჩვენებდა. მხოლოდ უკრაინის გენერალურ საკონსულოსთან დაკავშირების შემდეგ მამაკაცს კამერები გაუხსნეს. კადრებში ხელშესახები არაფერი ჩანს. ირკვევა, რომ დარია ყურსასმენებით მუსიკას უსმენს, თან ცეკვავს და შემდეგ სანაპირო კამერების თვალთახედვიდან ქრება.
დაკარგული გოგონას ეს საქმე, რომელიც საიდუმლოებითა და შეუსაბამობებითაა სავსე, გამუდმებით ახალ, შემზარავ დეტალებს ავლენს. მოგვიანებით გაირკვა, რომ დარიას ტელეფონზე უამრავი ზარი ჰქონდა მიღებული უცნობი პირისგან, რომელმაც მასთან სასტუმროში პაემანი დანიშნა, მაგრამ არ მისულა. მეზობლებმა მოგვიანებით ისიც თქვეს, რომ ახალგაზრდა გოგონას უთვალთვალებდნენ.

დარიას გაუჩინარების შემდეგ ვიღაცამ მისი VKontakte გვერდი გახსნა. ბოლო აქტივობა 2019 წლის 25 აგვისტოს, 16:45 საათზე იყო. მისი მშობლები ამტკიცებდნენ, რომ სოციალურ მედიაზე წვდომა მხოლოდ მათ გაუჩინარებულ ქალიშვილსა და მეზობელს ჰქონდათ და რომ მეზობელი მისი მეგობრის პროფილზე არ შესულა. რაღაც მომენტში გავრცელდა ინფორმაცია, რომ დარია საბედისწერო საღამოს მოსკოვიდან უცნობ მეგობარს შეხვდა.
მთელ ამ ამბავში საშიშია არა მხოლოდ შანხაის პოლიციის უმოქმედობა, ხელისუფლების აშკარა დუმილი და დაკარგული გოგონას ბედის უცნობი მდგომარეობა, არამედ ის სპეკულაციები, რომლებიც ამბავს თან ახლდა.
ჩინეთში ორთვიანი უშედეგოდ ყოფნის შემდეგ, დაშას დამწუხრებულმა მამამ სახლში დაბრუნება გადაწყვიტა. მოგვიანებით მას დაუკავშირდა კაცი, სახელად პაველი. მან მისწერა, რომ იცოდა, ვინ იყო დაშას გაუჩინარებაში ჩართული და ფულის სანაცვლოდ, მზად იყო, ესაუბრა. მამაკაცმა მოვლენების საკუთარი ვერსია გააზიარა. მან დაწერა, რომ მის ჩინელ შეყვარებულს ჰყავდა უფროსი ძმა, რომელიც შანხაიში პოლიციელად მუშაობდა და დაშას გატაცებას ორგანიზება სწორედ მან გაუწია. როდესაც ჰკითხეს, თუ რატომ გააკეთა ეს, პაველმა განაცხადა, რომ მის ყოფილ შეყვარებულს შურდა, დაშაზე ეჭვიანობდა და ამ გზით მასზე შური იძია. მოგვიანებით, მამაკაცი შანხაიში დაბრუნდა, ოჯახს მისწერა, რომ დარიას შესახებ არაფერი იცოდა და თქვა, რომ ეს ამბავი მოიგონა... დაშას ოჯახმა მიმოწერა შანხაიში კონსულს გადასცა და უკრაინაში პოლიციას აჩვენა, სადაც გამოძიება მიმდინარეობდა. თუმცა, სამართალდამცავებმა ამ ინფორმაციაზე თვალის დახუჭვა გადაწყვიტეს. შანხაის პოლიციამ პაველი დაკითხვაზეც კი არ დაიბარა.

უცნაურობები ამით არ მთავრდება - ცნობილია, რომ მარკუს რიგიმ, მილანში დაფუძნებული Monster Management Model Agency-ის აგენტმა, სადაც დარია მუშაობდა, მხარზე მისი პორტრეტი ამოისვირინგა. ახსნა უცნობია. თუმცა უცნაურია, რომ მამაკაცმა, რომელიც ამდენ მოდელთან მუშაობდა, დაკარგული გოგონას ასე გამოყოფა გადაწყვიტა...
უკრაინელ გოგონას ჯაშუშობაშიც კი დასდეს ბრალი. მოკლედ, მრავალი შესაძლო თეორია განიხილებოდა, მაგრამ დღემდე არ არსებობს ინფორმაცია, დარია გარდაიცვალა თუ ცოცხალია.

