"ახლოს არ მიიკაროთ, კატეგორიულად გაფრთხილებთ" - სპეციალისტი ორსულებს და ლაქტაციაზე მყოფ ქალბატონებს აფრთხილებს - მშობლები

"ახლოს არ მიიკაროთ, კატეგორიულად გაფრთხილებთ" - სპეციალისტი ორსულებს და ლაქტაციაზე მყოფ ქალბატონებს აფრთხილებს

2026-01-20 15:16:44+04:00

კოსმეტოლოგ-ესთეტისტი, საქართველოს კანის მოვლის ექსპერტთა ასოციაციის თანადამფუძნებელი ნინო ხაინდრავა გადაცემაში "კოტcast" საუბრობს, რატომ არ შეიძლება ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში რეტინოლის გამოყენება:

"რა აკნეც არ უნდა გქონდეთ, რა გამონაყარიც, ორსულობისა და ლაქტაციის დროს რეტინოლი ან რეტინოიდები კატეგორიულად არ გამოიყენოთ. ახლოს არ მიიკაროთ. კატეგორიულად გაფრთხილებთ. მიდით თქვენს გინეკოლოგთან და მისგანაც იგივე მოისმინეთ. არ გამოიყენოთ იმიტომ, რომ ჭიდილი მომიწია გოგოსთან, რომელიც ლაქტაციაზე იყო. მეუბნებოდა, იქნებ, პატარა დოზით გამოვიყენოო... ხალხნო, სისხლში გადადის. თქვენი თავი თუ არ გიყვართ, ბავშვზე მაინც იფიქრეთ, ძალიან გთხოვთ." - ამბობს ნინო ხაინდრავა.

რა არის რეტინოლი და რისთვის გამოიყენება

რეტინოლი არის A ვიტამინის აქტიური ფორმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე კვლევად და ეფექტურ ინგრედიენტად ითვლება კანის მოვლაში. მისი მთავარი მოქმედება ეფუძნება უჯრედების განახლების დაჩქარებას: რეტინოლი ხელს უწყობს მკვდარი უჯრედების მოცილებას და ახალი, ჯანსაღი უჯრედების წარმოქმნას. რეგულარული და სწორად შერჩეული გამოყენების შემთხვევაში ის ამცირებს წვრილ და ღრმა ნაოჭებს, აუმჯობესებს კანის ტექსტურას, ამცირებს გაფართოებულ ფორებს და ხელს უწყობს კოლაგენისა და ელასტინის გამომუშავებას. სწორედ ამიტომ რეტინოლი ხშირად გამოიყენება ანტიეიჯ, აკნეს საწინააღმდეგო და პიგმენტაციის შემამცირებელ პროდუქტებში.

ორსულობის პერიოდში რეტინოლის გამოყენება მკაცრად აკრძალულია. მიზეზი ის არის, რომ A ვიტამინის ჭარბი რაოდენობა, განსაკუთრებით მისი აქტიური ფორმები (რეტინოიდები), უკავშირდება ნაყოფის განვითარების სერიოზულ დარღვევებს. კვლევებმა აჩვენა, რომ პერორალურად მიღებულმა რეტინოიდებმა შეიძლება გამოიწვიოს თანდაყოლილი დეფექტები, რაც გავლენას ახდენს ნერვულ სისტემაზე, გულზე და სახის სტრუქტურებზე. მიუხედავად იმისა, რომ კოსმეტიკაში გამოყენებული რეტინოლი გარეგანი გამოყენებისაა და მისი შეწოვა ნაკლებია, რისკის სრულად გამორიცხვა შეუძლებელია. სწორედ ამიტომ ექიმები და დერმატოლოგები ურჩევენ ორსულებს, თავი შეიკავონ რეტინოლის შემცველი პროდუქტების გამოყენებისგან.

ლაქტაციის პერიოდში რეტინოლი ასევე სიფრთხილით უნდა გამოიყენებოდეს, რადგან არ არსებობს საკმარისი მტკიცებულება, რომელიც მის სრულ უსაფრთხოებას დაადასტურებდა. ამ პერიოდში უპირატესობა ენიჭება უფრო რბილ და უსაფრთხო ალტერნატივებს, როგორიცაა ნიაცინამიდი, აზელაინის მჟავა ან C ვიტამინი. (რედ)

მითები აკნესა და როზაცეას შესახებ და დერმატოლოგის რეკომენდაციები, როგორ ვმართოთ დაავადებები სწორად
აკნეს კვლევები არ სჭირდება, თუმცა ქალებში შესაძლებელია ზოგიერთი მათგანი გავითვალისწინოთ - რა იწვევს აკნეს გოგონებში და რა - ბიჭებში
კოსმეტიკური საშუალებებით აკნე არ იკურნება... ყველაზე სახიფათო აკნეს დროს ნაწიბურების გაჩენაა - რა უნდა იცოდეთ მოზარდებში აკნეს გამწვავებასა და მკურნალობაზე