მეტყველების თერაპევტი, ეკატერინე ჭავჭავაძე, გადაცემაში "ახალი დღე” საუბრობს, რომელი ასაკიდან უნდა ამეტყველდეს ბავშვი და რა დროს უნდა მიმართოს მშობელმა სპეციალისტს აუცილებლად:
- ამეტყველების ვადები გაზრდილია. თუ, მაგალითად, ჩემს ბავშვობაში პირველი სიტყვების გაჩენის ვადად გოგონებში 12 თვე და ვაჟებში რამდენიმე თვით უკან მიიჩნეოდა, დღეს ამ ყველაფერმა გადაიწია და მიჩნეულია, რომ 2 წლის ასაკში ბავშვი მარტივი, 2-სიტყვიანი წინადადებებით უნდა საუბრობდეს. ხოლო, პირველი სიტყვები, დაახლოებით 1,5 წლიდან უნდა გაჩნდეს. რა თქმა უნდა, ცოტა უფრო ადრეც, მაგრამ ძალიან ცოტა ბავშვი ვიცით, ვინც წლის ასაკში ერთეული სიტყვებით საუბრობს. 2 წლის ასაკში ძალიან მარტივი ფრაზებით უნდა საუბრობდეს. უნდა დავივიწყოთ ის "ყბადაღებული პოსტულატი", რომ 3 წლამდე, შეგვიძლია, ამეტყველებას დაველოდოთ. არავითარ შემთხვევაში, 3 წლამდე ლოდინი არ შეიძლება. პირველი, ელემენტარული ფრაზები, რომლებსაც პრაგმატული დანიშნულება აქვს და ამას ბავშვი მიზნობრივად იყენებს, 1,5-2 წლიდან უნდა გაჩნდეს.
მშობლებს ორი მიმართულებით გვევალება ყურადღების გამახვილება: პირველი, თუ რა ვადაზე იწყებს ბავშვი საუბარს, მეორე - უკვე ამეტყველებული ბავშვის ექსპრესიული ანუ გარეგანი მეტყველება როგორია, რას ვისმენთ მის მეტყველებაში.
"წითელი სიგნალი" უნდა გაჩნდეს მაშინ, როდესაც ბავშვი 2 წლის ასაკში არ საუბრობს. გარდა ამისა, არ იყენებს სიტყვებს მიზნობრივად. შესაძლოა, ბავშვს ლექსიკური მარაგი გააჩნდეს, ძალიან ბევრ საგანს ცნობდეს, ასახელებდეს, მაგრამ საჭიროების შემთხვევაში არ იყენებდეს. ამიტომ, უპირველეს ყოვლისა, აუცილებელია, ამ დროს სპეციალისტს მივმართოთ. ხოლო, მაშინაც, თუ დაახლოებით, 4-4,5 წლის ასაკის შემდგომ ბავშვს ბგერათა წარმოქმნის დარღვევები აღენიშნება. როდესაც ბავშვი გარკვეულ ბგერას ამახინჯებს, ჩვენ ეს ასაკობრივად შეგვიძლია, მივიჩნიოთ, დაახლოებით, 4 წლამდე. ხოლო, 4 წლის შემდგომ ბავშვმა თანდათან სწორად უნდა წარმოთქვას ბგერები. მაგალითად - გ,ქ,კ, რომელიც ხშირადაა პრობლემური. შემდეგ - რ, ლ. ბოლოს სისინა და შიშინა ბგერები, დაახლოებით, 5 წლის ასაკისთვის. ბავშვი, რომელიც სკოლაში მიდის, 6 წლის ასაკში, მშობლიურ ენაზე გამართულად, სწორი არტიკულაციით უნდა ამბობდეს ბგერებს.