"თუ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდებიან,ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ჩაირიცხონ პროფესიულ სასწავლებლებში" - გივი მიქანაძე 2028 წლის აბიტიროენთა გაორმაგებულ ნაკადზე - მშობლები

"თუ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდებიან, ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ჩაირიცხონ პროფესიულ სასწავლებლებში" - გივი მიქანაძე 2028 წლის აბიტურიენტთა გაორმაგებულ ნაკადზე

2026-01-29 18:16:09+04:00

2027-2028 სასწავლო წელს სკოლას მე-11 კლასის მოსწავლეები დაამთავრებენ. თუმცა, ამავე წელს სკოლას დაამთავრებენ ის მოსწავლეები, რომლებიც ახლა მე-10 კლასში არიან. 2028 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე გადის აბიტურიენტთა გაორმაგებული რაოდენობა - ამ მოცემულობით, რა ვარიანტებს განიხილავს სახელმწიფო, იქნება გაზრდილი კვოტები თუ მოსწავლეებს გაორმაგებული კონკურენციის დაძლევა მოუწევს, თემაზე გივი მიქანაძე გადაცემაში "დღის ქრონიკა" საუბრობს:

- ეს არის ის ერთი წელი, როდესაც მოსწავლეები დაამთავრებენ როგორც მე-11, ასევე მე-12 კლასს. რა თქმა უნდა, კონკურენცია უფრო მაღალი იქნება. მაგრამ, ჩვენ ამისთვის სრული მზაობა გვექნება. ამ საკითხზე აქტიური მუშაობა მარტო ახლა კი არ მიმდინარეობს, უკვე ნახევარ წელიწადზე მეტია, პროცესები დაწყებული გვაქვს. განსაკუთრებით ეს ეხება არა მარტო უმაღლესი განათლების მიმართულებას, არამედ პროფესიული განათლების მიმართულებასაც. ჩვენ პროფესიული განათლების მიმართულებით ვზრდით როგორც დაფარვის გეოგრაფიულ არეალს, ასევე იმ სპეციალობების შესაძლებლობებს, რომლებიც შეუძლიათ, ახალგაზრდებმა პარალელურ რეჟიმში აითვისონ. ისევე, როგორც სახელმწიფო უმაღლეს სასწავლებლებში მომავალი სასწავლო წლიდან სწავლა იქნება უფასო, პროფესიულ სასწავლებლებში სახელმწიფო უზრუნველყოფს სრულ ფინანსურ უზრუნველყოფას. ეს არის ვაუჩერული დაფინანსება, რომელიც დღესაც მოქმედებს. ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, იმ შემთხვევაში, თუ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდებიან, ჩაირიცხონ და გააგრძელონ სწავლა შესაბამისი პროფილური მიმართულებით პროფესიულ სასწავლებლებში. ამ პროცესზე, რა თქმა უნდა, ჩვენ ვფიქრობთ. ეს პროცესი, მარტო ერთი წლის კომპონენტით, სადაც გაზრდილი რაოდენობა იქნება აბიტურიენტებისა, არ განისაზღვრება. ეს მხოლოდ ერთი კონკრეტული წლის ფოკუსი არ არის. არამედ, მთლიანი ფოკუსია.

შემცირდება თუ არა მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შემდეგ - მინისტრის განმარტება