"ერთადერთი მიზანი კონტროლია..." "საუკუნოვანი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო კერების ბედი ერთ დღეში გადაწყვიტეს ისე, რომ არავისთვის უკითხავთ აზრი...." - როგორ აფასებენ ექსპერტები და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას - მშობლები

"ერთადერთი მიზანი კონტროლია..." "საუკუნოვანი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო კერების ბედი ერთ დღეში გადაწყვიტეს ისე, რომ არავისთვის უკითხავთ აზრი...." - როგორ აფასებენ ექსპერტები და აკადემიური საზოგადოების წარმომადგენლები თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებას

2026-01-30 11:50:01+04:00

გუშინ გამართულ ბრიფინგზე გივი მიქანაძემ განაცხადა, რომ ორი უნივერსიტეტი - ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ტექნიკური უნივერსიტეტი გაერთიანდება.

"ეს იქნება საწინდარი, რომ ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი გახდეს რეგიონში აკადემიური და სამეცნიერო განვითარების წამყვანი ცენტრი და მნიშვნელოვნად გაიუმჯობესოს საერთაშორისო რეიტინგები", აღნიშნავს გივი მიქანაძე.

ორი უნივერსიტეტის გაერთიანების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას სტუდენტებსა და აკადემიურ საზოგადოებაში დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ლექტორები აღნიშნავენ, რომ გადაწყვეტილების შესახებ გუშინ, მოულოდნელად გაიგეს და ეს მათთან არავის შეუთანხმებია. გუშინვე რამდენიმე საპროტესტო აქტია გაიმართა და პროფესორთა ნაწილმა საკუთარი პოზიცია საჯაროდ დააფიქსირა.

საკითხის შეფასებისათვის Mshoblebi.ge განათლების ექსპერტს, სიმონ ჯანაშიას დაუკავშირდა:

simon-janashia-1769760009.jpeg

- რეალურად, ის მიზანი, რის ფარგლებშიც ორი უნივერსიტეტი გააერთიანეს, პრობლემურია. კერძოდ, განათლების რეფორმას, რომელიც ქართულმა ოცნებამ დაიწყო, სამი მიზანი აქვს:

პირველი, პოლიტიკური კონტროლის დამყარებაა. ამას ირაკლი კობახიძე არ მალავს და ინტერვიუებში ამბობს, რომ, მისი აზრით, პროფესორები პოლიტიკურად მიკერძოებულები არიან.

მეორე, იმ შენობების მიმართ, რომლებსაც უნივერსიტეტები ფლობენ, კომერციული ინტერესი აქვთ. არც ამას მალავენ. კობახიძემ თქვა, რომ შენობები უნდა გაიყიდოს.

მესამე, ისე გამოიყურება ეს რეფორმა, ცდილობენ, გადაარჩინონ ბიძინა ივანიშვილის დაარსებული უნივერსიტეტი იმ წარუმატებლობისაგან, რომლებიც ამ წლების განმავლობაში ჰქონდა. თავდაპირველად, დაგეგმილი იყო, რომ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში ჯერ 60 ათასი, შემდეგ კი 30 ათასი სტუდენტი მიეღოთ. სინამდვილეში, იქ გაცილებით ნაკლები სტუდენტი სწავლობს. ცდილობენ, აღნიშნული რეფორმით, სტუდენტები იქით გადაიყვანონ.

რეალურად, უნივერსიტეტების გაერთიანება სწორედ ამ სამ მიზანს ემსახურება და არც ერთ მათგანს სწავლების ხარისხის ამაღლებასთან კავშირი არ აქვს. თუ პოლიტიკური კონტროლი დამყარდება, მაშინ უნივერსიტეტი სამოქალაქო ფუნქციას დაკარგავს. პარტიული ფუნქციების შემსრულებელი იქნება. თუ შენობები გაიყიდება, მაშინ სტუდენტებისთვის მნიშვნელოვანი სივრცეები გაქრება და მერე ამის მობრუნებაც შეუძლებელი გახდება. შენობების უკან დაბრუნება, განსაკუთრებით, დანგრეული შენობების, შეუძლებელი იქნება და დიდი სასამართლო დავები და უამრავი დრო და რესურსი დასჭირდება.

გარდა ამისა, სტუდენტების ქუთაისში გადამისამართება არ მუშაობს. ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი ახალგაზრდებისათვის მიმზიდველი არ არის. ამას რამდენიმე მიზეზი აქვს. მაგალითად, ტექნიკური უნივერსიტეტისაგან განსხვავებით, ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტს აკრედიტაცია არ აქვს. სახელმწიფომ ასე გადაწყვიტა, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტს აკრედიტაცია არ სჭირდება და მისი არსებობა უკვე აკრედიტაციად ითვლება. ეს პრობლემას უქმნის ახალგაზრდებს, რომ საზღვარგარეთ წავიდნენ და განათლების მიღება უცხოურ უნივერსიტეტებში განაგრძონ.

ასევე, გადაწყვეტილება, რა ფორმითაცაა მიღებული, ცალკე პრობლემაა. ეს პროცესი აჩვენებს, რომ აღნიშნულ უნივერსიტეტებში ამ გადაწყვეტილებას მომხრეები არ ჰყავს. რეალურად, ყველაფერი დამალულად და შეფარულად გადაწყვიტეს.

როდესაც გივი მიქანაძე ამბობს, რომ მისაღები კვოტები არ შემცირდება, არ დავუჯერებდი. ამ ორ უნივერსიტეტში პარალელური მიმართულებებია. მაგალითად, საერთაშორისო ურთიერთობები, სამართალი და ასე შემდეგ. იმ ფონზე, როდესაც კობახიძე ამბობს, რომ იმაზე მეტ იურისტს უშვებს ქართული უნივერსიტეტები, ვიდრე ბაზარს სჭირდება, მაშინ გაუგებარი გახდება, სტუდენტების რაოდენობა რატომ არ შემცირდება. გივი მიქანაძის ლოგიკით, ლექტორების რაოდენობაც შემცირდება. ამას დიდი ფიქრი და მიხვედრა არ სჭირდება. ეს შეეხება ყველას.

სტუდენტების კვოტების შემცირებაზე როდესაც ამბობენ, რომ არ შეიცვლება, მცდარია. ის, რომ შემცირებას აპირებენ, სამუშაო მასალებითაა დადასტურებული, რომლებიც, მაგალითად, სამხატვრო აკადემიას გაუზიარეს. სამხატვრო აკადემიას 400 სტუდენტის ნაცვლად, ცდილობენ, რომ მხოლოდ 80 სტუდენტი მიაღებინონ. 5-ჯერ ნაკლები... ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტში შარშან 400 ადამიანი მიიღეს, წელს უნდათ, რომ 10 000 მიიღონ. კობახიძემ თქვა, რომ ქუთაისში 30 ათას სტუდენტს გადაიყვანენ.

დარჩება თუ არა თბილისში ტექნიკური მიმართულებები არ ვიცი. ჯერჯერობით, კონკრეტულად არაფერი ვიცით. ისე მიიღება ეს გადაწყვეტილებები, შეუძლებელია იმის გაგება, იქნება თუ - არა. ზოგადად, საუბარია იმაზე, რომ სახელმწიფო უნივერსიტეტები თბილისის გარეთ უნდა გაიტანონ და ძირითადად, ეს რუსთავსა და ქუთაისში უნდა იყოს. ამ პროგრამების ფიზიკურად გადალაგებას ძალიან დიდი დაგეგმვა და ძალისხმევა სჭირდება. ტექნიკური დისციპლინებისათვის ლაბორატორიების არსებობა აუცილებელია. ლაბორატორიების აწყობა უზარმაზარ ენერგიას, დროსა და ფულს მოითხოვს. ზოგ შემთხვევაში, გადატანა ვერც ხერხდება იმიტომ, რომ ადგილზეა დამონტაჟებული.

პარალელურად, უნივერსიტეტებში ცდილობენ, 4-წლიანი პროგრამები 3-წლიან პროგრამებზე გადაიყვანონ. 3-წლიან პროგრამაზე გადასვლისთვისაც გაცილებით მეტი დროა საჭირო, ვიდრე ფიქრობენ. თან იმ პირობებში, როდესაც დემოტივირებული პროფესორები ჰყავთ. პროფესორებმა იციან, რომ მათ არაფერს ეკითხებიან. მათ აზრს არ ითვალისწინებენ მაშინ, როდესაც ამ ცვლილებას არ ეთანხმებიან. მაგალითად, როდესაც ფიზიკის მიმართულების პროფესორი ამბობს, რომ პროგრამის დაძლევა სტუდენტებს 4 წელიწადში უჭირთ, ავალდებულებენ, რომ 3 წელზე გადააკეთოს, თან სტუდენტი 1 წლით ნაკლები განათლებით უნდა მივიდეს იმიტომ, რომ მე-12 კლასს აუქმებენ, მაშინ ძალიან რთულია იმის წარმოდგენა, რომ ეს ყველაფერი ვინმემ ხალისითა და ენთუზიაზმით გააკეთოს.

გადაწყვეტილებას განათლების მკვლევარი, ქეთი ცოტნიაშვილი, სოციალურ ქსელში ეხმაურება და წერს:

"სამი საკითხი თსუ-სა და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანებაზე:

  1. უნივერსიტეტის მმართველობა თავისი არსით და კანონით კოლეგიურ და წარმომადგენლობით პრინციპს ეფუძნება. ამიტომ უნივერსიტეტების მმართველ რგოლებს აკადემიური და წარმომადგენლობითი საბჭოები წარმოადგენენ, რომლებიც თავის მხრივ, ყველა ფაკულტეტის აკადემიურ პერსონალსა და სტუდენტებს წარმოადგენენ, მათ ინტერესებს იცავენ და ემსახურებიან. გადაწყვეტილებებიც კოლეგიურ და წარმომადგენლობით პრინციპებზე დაფუძნებით მიიღება.

მიქანაძე მხოლოდ ორ რექტორთან მოლაპარაკებულ საკითხს გადაწყვეტილებად გვასაღებს. ეს არის მთლიანად აკადემიური საზოგადოების, სტუდენტების და თუნდაც, აკადემიური ტრადიციის უპატივცემულობა და ფეხქვეშ გათელვა. 3-5 ან საერთოდ ერთი კაცი იღებს თურმე გადაწყვეტილებას უნივერსიტეტების მომავალზე.

  1. განცხადებაში რომ ჩამოთვალა მიქანაძემ, თუ როგორ ანალიზს ეფუძნება ეს გადაწყვეტილება, ეგ ტექსტი ჩვენი მიწერილი განცხადებიდან აიღეს, ანუ ჩვენი განცხადებით მიხვდნენ სინამდვილეში რა კვლევები უნდა ჩაეტარებინათ და ურცხვად დაწერეს რომ ვითომ მაგას დააფუძნეს. ცხადია, ამ განცხადებაზე, რომლითაც კვლევების და ანალიზის წარმოდგენას ვითხვოთ პასუხი არ მიგვიღია.
  2. იქამდე, სანამ ჩათვლით რომ "არაფერს აზრი არ აქვს," 1 და მისი მორჩილი 3-5 არაკომპეტენტური კაცი მიიღებს გადაწყვეტილებას ჩვენს მომავალზე."

სამართლის დოქტორი, პროფესორი და სამოქალაქო განათლების ლექტორთა ასოციაციის დამფუძნებელი, კახა უარდმყოფელი, სოციალურ ქსელში ორი უნივერსიტეტის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების შესახებ წერს:

"თსუ - 108 წლისაა,

სტუ - 104 წლის.

საუკუნოვანი ისტორიის მქონე საგანმანათლებლო კერების ბედი ერთ დღეში გადაწყვიტეს ისე, რომ არავისთვის უკითხავთ აზრი.

არაფრად აგდებენ ათასობით სტუდენტის აზრს.

არაფრად აგდებენ იმ პროფესორებს, მეცნიერებს და ადმინისტრაციის თანამშრომლებს - ათწლეულები რომ აკავშირებთ ამ სივრცეებთან.

ასე არ ხდება დემოკრატიულ სახელმწიფოებში და თვით ავტორიტარული სახელმწიფოებიც კი ვერ ბედავენ ამდენს.

ასე ხდება მხოლოდ დიქტატურებში."

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი, ირინა გოცირიძე, "პუბლიკასთან" საუბრისას აღნიშნავს, რომ ორი უნივერსიტეტის ხელოვნური გაერთიანება საუკუნეობით ნაშენები სტაბილურობის, ცოდნისა და გამოცდილების დანგრევას გამოიწვევს:

"ეს გადაწყვეტილება ძალიან დიდი მოულოდნელობა იყო. მე ვიტყოდი, რომ სტრესი ტექნიკური უნივერსიტეტის სტუდენტების, პროფესორ-მასწავლებლებისთვის და მეტიც, ტექნიკური უნივერსიტეტის 500 ათასი კურსდამთავრებულისთვის. საქართველოში ტექნიკური უნივერსიტეტი ტექნიკური და ტექნოლოგიური განათლების ფლაგმანია, რომელსაც 104 წელზე მეტი ისტორია აქვს. ჯერ კიდევ 1917 წელს, დიდი ქართველების, ჯავახიშვილის თაოსნობით, გადაწყდა, რომ საქართველოს ტექნიკური განათლების უმაღლესი სისტემა უნდა ჰქონოდა. ეს იყო დიდი ქართველების გადაწყვეტილება, რომლებიც ხედავდნენ იმას, რომ საქართველოს განვითარებისთვის, პირველ რიგში, ტექნიკური განათლების განვითარება იყო აუცილებელი.

ტექნიკური უნივერსიტეტი ტექნიკურ და ტექნოლოგიურ ფლაგმანად უნდა დარჩეს. უნივერსიტეტად, რომელსაც აქვს თავისი პროგრამების განხორციელების მრავალწლიანი ისტორია და ასევე, თანამედროვე დონეზე, საერთაშორისოდ აღიარებული და აკრედიტირებული პროგრამები, რომელთა განხორციელება არა მარტო საქართველოს მასშტაბით ხდება, არამედ რეგიონშიც ეს არის ერთადერთი, თავისი ისტორიული მემკვიდრეობის და თავისი განუმეორებელი აწმყოსი და მომავლის უნივერსიტეტი. მისი ხელოვნური გაერთიანება სხვა უნივერსიტეტთან საუკუნეობით ნაშენები სტაბილურობის დანგრევას გამოიწვევს", - აღნიშნავს ირინა გოცირიძე.

თსუ-ს პროფესორი, ლევან გორდეზიანი, მედიასთან საუბრისას აღნიშნავს, რომ ორი უნივერსიტეტის გაერთიანების იდეას მხოლოდ კონტროლის მიზანი აქვს:

"არ შეიძლება, ასეთი მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები უნივერსიტეტებთან და აკადემიურ საზოგადოებასთან დათათბირების გარეშე მიიღებოდეს. ერთადერთი მიზანი კონტროლია. როგორც ჩანს, არსებული ადმინისტრაციების პირობებში, "დრაკონული" ცვლილებების გატარება არ მოხერხდა. შესაბამისად, ორი უნივერსიტეტი ერთიანდება, დროებითი მმართველობა ინიშნება, რომელმაც, სავარაუდოო, ნაჯახით უნდა გაჩეხოს.

გზადაგზა გამოჩნდა მთელი სისრულით ის მავნებლობა, რაც ჩადებულია. საწყენია, რომ "ქართული ოცნება" გვიყურებს, როგორც საკუთარ აქტივს, საკუთრებას. როგორც ეჩვენებათ, რომ გამოადგებათ, ისე განგვკარგავენ. ეს არის საწინააღმდეგო იმის, თუ რას ნიშნავს განათლების სისტემა დღეს. განათლება უნდა გვაძლევდეს განათლებულ, თავისუფლად მოაზროვნე ადამიანს, ისინი კი ამას უპირისპირდებიან. ამ ფარგლებში, რაც არ უნდა კარგად დაალაგონ, ეს მიდგომა მიუღებელია. რაღაცები არ იციან, დეტალებიც არ ესმით და ბევრს სცოდავენ. ცალკეულ დეტალს თავისი უარყოფითი შედეგი ექნება, თუ მოესწრო განხორციელება", - აღნიშნა ლევან გორდეზიანმა.

ჯერჯერობით, განათლების სამინისტროს არ დაუსახელებია დეტალები და კონკრეტული ვადები, როდესაც მიღებული გადაწყვეტილება განხორციელდება.

თუ უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდებიან, ახალგაზრდებს ექნებათ საშუალება, ჩაირიცხონ პროფესიულ სასწავლებლებში - გივი მიქანაძე 2028 წლის აბიტურიენტთა გაორმაგებულ ნაკადზე
შემცირდება თუ არა მისაღებ სტუდენტთა რაოდენობა თსუ-ს და ტექნიკური უნივერსიტეტის გაერთიანების შემდეგ - მინისტრის განმარტება