როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თვლით, რომ ბუნებრივ აირზე ზედმეტად დიდი გადასახადი მოგივიდათ - მშობლები

როგორ უნდა მოიქცეთ, თუ თვლით, რომ ბუნებრივ აირზე ზედმეტად დიდი გადასახადი მოგივიდათ

2026-02-02 11:07:29+04:00

ბოლო რამდენიმე დღეა, სოციალურ ქსელებში მოქალაქეები წერენ, რომ ბუნებრივ აირზე გაორმაგებული გადასახადი მიუვიდათ და მათი თქმით, თანხა არასწორად დაეკისრათ.

საკითხს რამდენიმე დღის წინ ენერგოომბუდსმენიც გამოეხმაურა და გაზრდილი გადასახადის რამდენიმე მიზეზი დაასახელა:

"ბოლო რამდენიმე დღეა ენერგოომბუდსმენის სამსახურს მომხმარებლები აქტიურად მოგვმართავენ და გამოთქვამენ პრეტენზიებს ბუნებრივი გაზის მკვეთრად გაზრდილი გადასახადების გამო.

აღნიშნულთან დაკავშირებით, პირველ რიგში, დამცველის სამსახური განმარტავს, რომ ბუნებრივი გაზის ტარიფი არ გაზრდილა.

გაზრდილი ხარჯი შესაძლოა გამოწვეული იყოს სხვადასხვა მიზეზით, მათ შორის:

  • მრიცხველის ჩვენების არასწორად წაკითხვა
  • მრიცხველის ტექნიკური დაზიანება
  • კერძო სახლებში, სადაც გაზის ქსელი ეზოშია განთავსებული, დიდთოვლობისა და ძლიერი ყინვის პერიოდში შესაძლებელია, რომ ქსელის გარკვეული მონაკვეთები დაზიანდეს და წარმოიშვას გაზის გაჟონვა, რაც შესაძლოა გახდეს მოხმარებისა და გადასახადის ზრდის მიზეზი
  • ასევე სხვა ფაქტორებით, რაც თითოეულ შემთხვევაში ინდივიდუალური შესწავლის საგანია" - წერია განცხადებაში.

თემაზე "სემეკსაც" მივმართეთ, სადაც განგვიცხადეს, რომ მოქალაქეების განცხადებები ინდივიდუალურად შეისწავლება.

თუ თვლით, რომ ბუნებრივ აირზე ზედმეტად დიდი გადასახადი მოგივიდათ და დაკისრებულ თანხას არ ეთანხმებით, შეგიძლიათ, გაასაჩივროთ.

როგორც "სემეკში" განგვიცხადეს, მოქალაქეს შეუძლია, მათ ოფისებში ადგილზე მივიდეს ან განცხადება ელექტრონულად გადააგზავნოს. ასევე, განცხადების დაწერა შესაძლებელია იუსტიციის სახლებშიც.

განხილვის ვადა წინასწარ უცნობია, მაგრამ საქმის წარმოების მაქსიმალური ვადა 2 თვეა.

როდესაც მოქალაქე განცხადებით "სემეკს" მიმართავს, ისინი გაზმომარაგების შესაბამის კომპანიას აფრთხილებენ, რომ საქმე წარმოებაშია და მოქალაქეს ბუნებრივი აირით მომარაგება არ შეუწყდეს. ვიდრე მოქალაქეს "სემეკის" გადაწყვეტილება არ ექნება, კომპანია გადასახადს ვერ მოსთხოვს.

თუ დადასტურდა, რომ კომპანიამ მოქალაქეს შეცდომით დააკისრა დავალიანება, რა თქმა უნდა, მისი კორექტირება დაევალებათ და მოქალაქე შემცირებულ გადასახადს გადაიხდის.

შესაბამისი დეპარტამენტი, ვისაც ეს განცხადება ჩაბარდება, კომპანიიდან ინფორმაციას გამოითხოვს. თუ საჭირო გახდა, მრიცხველიც თავიდან შემოწმდება.

დამატებითი ინფორმაციისათვის შეგიძლიათ, მიმართოთ საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას ცხელ ხაზზე: 32 2420180

თამარ იაკობაშვილი