ყოველწლიურად, აბიტურიენტებისათვის ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაცია მარტში იწყება. განათლების სისტემაში მიმდინარე ცვლილებების გათვალისწინებით, ჯერჯერობით, კონკრეტული ვადები უცნობია. აბიტურიენტებს კი უამრავი შეკითხვა აქვთ.
მათ აინტერესებთ, როდის შეძლებენ გამოცდებზე რეგისტრაციას, როდის გამოქვეყნდება აბიტურიენტთა ცნობარი, თსუ-და და ტექნიკური უნივერსიტეტის შემთხვევაში, როგორ აირჩევენ პროგრამებს და ასე შემდეგ.
შეკითხვებით შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრს მივმართეთ, თუმცა, როგორც ცენტრში განგვიცხადეს, აბიტურიენტთა ცნობართან და რეგისტრაციასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ და საკითხზე მუშაობენ.
აღსანიშნავია, რომ რამდენიმე დღის წინ, განათლების მინისტრის მოადგილემ, ზვიად გაბისონიამ, პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დაადასტურა, რომ აბიტურიენტები ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციას მარტის თვეში შეძლებენ. თუმცა, დეტალებზე არ უსაუბრია და აღნიშნა, რომ ინფორმაციას თებერვალში გამოაქვეყნებენ:
"თებერვალში იქნება მთავრობის გადაწყვეტილება კვოტირებასთან და პროგრამების განსაზღვრასთან დაკავშირებით. ამას მოჰყვება ანკეტა-კითხვარების გახსნა. შესაბამისად, ვადების დარღვევა ამ ნაწილში არ ხდება. აბიტურიენტები დარეგისტრირებას მარტში შეძლებენ. მანამდე, თებერვალში საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილება იქნება, შესაბამისი პროგრამების განსაზღვრასთან დაკავშირებით. ამ საკითხებზე მთავრობა მუშაობს და ძალიან მალე ოფიციალურად გამოვაქვეყნებთ", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
განათლების მინისტრის მოადგილის, ზვიად გაბისონიას განცხადებით, მიმდინარე წელს, აბიტურიენტებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების გარდა, დამატებით 3პროფესიულიკოლეჯისა და პროგრამის შემოხაზვის საშუალება ექნებათ.
როგორც მან პლენარულ სხდომაზე კანონპროექტის განხილვისას აღნიშნა, აბიტურიენტებს, გასული წლების მსგავსად, წელსაც არ ექნებათ უმაღლესი სასწავლო დაწესებულებების არჩევისას შეზღუდვა.
"არანაირი შეზღუდვა ამ ნაწილში წელს არ იგეგმება. რამდენი უმაღლესი სასწავლო დაწესებულებაც აქვს სურვილი სტუდენტს, შეუძლია ის შემოხაზოს, "ერთი ქალაქი ერთი ფაკულტეტის პრინციპით". გასაგებია, რომ იმუნივერსიტეტსდა პროგრამას, რაც არ იქნება, ფიზიკურად ვერ შემოხაზავს.
ასევე, ჩვენი სურვილია, რომ დამატებით, გარდა ამ პროგრამების შემოხაზვისა, სტუდენტს ჰქონდეს შესაძლებლობა, სამი სავალდებულო წესით, დამატებით პროფესიული კოლეჯები და პროფესიული პროგრამაც შემოხაზოს და ამით თავი დაიზღვიოს იმ შემთხვევისთვის, თუ უმაღლეს სასწავლო დაწესებულებაში ვერ მოხვდა, არ აღმოჩნდეს სასწავლო პროცესის გარეთ. მათ შეეძლებათ პროფესიული პროგრამა შემოხაზონ. სამომავლოდ გადაწყვეტილება როგორი იქნება, ვერ გეტყვით, მაგრამ წელს ეს გადაწყვეტილება შემიძლია გითხრათ, რომ მიღებულია. არანაირი შეზღუდვა არ იგეგმება", - განაცხადა ზვიად გაბისონიამ.
საინტერესოა ისიც, რომ 2026 წლის 27 იანვარს გამოქვეყნდა მინისტრის ბრძანება, "ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩატარების დებულების დამტკიცების შესახებ" საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის 2011 წლის 18 თებერვლის №19/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე.
ინფორმაციაში ვკითხულობთ, რომ უნივერსიტეტებმა, აბიტურიენტების დარეგისტრირების მიზნით, 2026 წლის 2 მარტიდან 2026 წლის 10 მარტის ჩათვლით უმაღლესი განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ელექტრონული ფორმით ანკეტა უნდა შეავსონ. ეს ანკეტა კი, 16 მარტამდე, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემამ გადაამოწმოს.
შესაბამისად, აბიტურიენტთა ერთიან ეროვნულ გამოცდებზე რეგისტრაციის ვადა, სავარაუდოდ, მინიმუმ მარტის შუა რიცხვებამდე გადაიწევს.
აღსანიშნავია ისიც, რომ, მინისტრის განმარტებით, ერთიანი ეროვნული გამოცდების ფორმატი არ იცვლება და აბიტურიენტები წინა წლების მსგავსი პრინციპით ჩააბარებენ გამოცდებს.
თამარ იაკობაშვილი