"ძალიან ტრავმირებული ვიყავი ჩემი ძმის, დუდუს მკვლელობის გამო... იმ დროის საქართველოს მოვშორდი... სერიოზულად ვგეგმავთ დაბრუნებას" - დუდუ დადიანის დის აღიარება - მშობლები

"ძალიან ტრავმირებული ვიყავი ჩემი ძმის, დუდუს მკვლელობის გამო... იმ დროის საქართველოს მოვშორდი... სერიოზულად ვგეგმავთ დაბრუნებას" - დუდუ დადიანის დის აღიარება

2026-02-09 21:34:27+04:00

შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მხატვარი, ყოფილი პიანისტი მაკა დადიანი რუსთავი 2-ის სიუჟეტის გმირია. მაკა დადიანი ტრაგიკულად დაღუპული და იმ დროის საქართველოში ძალიან პოპულარული ქართველი კალათბურთელის დუდუ დადიანის დაა.

"ძალიან ტრავმირებული ვიყავი ჩემი ძმის, დუდუს მკვლელობის გამო და ფაქტობრივად ეს იყო ჩემთვის შვება, რომ იმ პერიოდში, იმ დროის საქართველოს მოვშორდი.... იმდენად რთული იყო ჩემთვის დუდუს მკვლელობა, ამან მიბიძგა წავსულიყავი ევროპაში... მხატვარი თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე ქმნის ნამუშევარს. ჩემთვის ყოველი ტილო არის ძალიან ემოციური და ყოველთვის რაღაცასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ის ტკივილი, რაც მე გადავიტანე, ჩემს ნამუშევრებშიც აისახა... დუდუს ამბიდან სამი თვის შემდეგ შევქმენი მისი პორტრეტი. არ მინდა ვაქო საკუთარი თავი, მაგრამ ამბობენ, რომ სასწაულად მაქვს დაჭერილი მისი სული, მისი სახე, მისი ბუნება. დღეს ის მამაჩემის სახლში კიდია, სადაც ნათელა მაჭავარიანთან ერთად ცხოვრობდა.

სერიოზულად ვგეგმავთ დაბრუნებას საქართველოში...

დუდუ დადიანი

დუდუ (დავით) დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. წარსულში ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, "ვითას" და საქართველოს ნაკრების კაპიტანი მაშინ კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში. ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ ახალი არაფერი თქმულა, არც დუდუს მკვლელი დასჯილა. მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა. გავრცელდა ჭორები, რომ მოკლეს ცნობილი ქალბატონის სიყვარულის გამო, კაზინოში ფული წააგოო, რაღაც წილებს ემსხვერპლაო... გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა დადიანსა და უცნობ ადამიანს შელაპარაკების შედეგად მოხდა. მკვლელი დაუდგენელია.

dudu-dadiani-w-h-1770661314.jpeg

2002 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ დაწესებულია „დუდუ დადიანის თასი“.

dudu33-1770661889.png

დუდუ და მისი ოჯახის წევრები ცნობილი დადიანების შთამომავლები არიან - ოდიშის მთავრის ოტია დადიანის პირდაპირი მემკვიდრეები. არისტოკრატული წარმომავლობის გამო დუდუს პრინცსაც ეძახდნენ ხოლმე.

snapinst-1742302470-1770661314.app_97546931_248196099953686_38018812671558264_n_1080.jpg

დუდუს და მაკა, რომელმაც უფროს ძმასთან ერთად დუდუ გაზარდა, ყოფილი პიანისტია და ცნობილი მხატვარი. მისი ნამუშევრები გამოფენილი და დაცულია სხვადასხვა ფონდსა და კერძო კოლექციაში. 2004 წლიდან ციურიხში, შვეიცარიაში, სადაც დღემდე ცხოვრობს და მუშაობს. იქვე შექმნა ოჯახი, მისი მეუღლეც მხატვარია - პიერ შვარცენბახი.

თბილისში დარჩა დუდუს ძმა ლევანი, რომელიც მოგვიანებით დუდუს ბურუსით მოცულ მკვლელობაზე და მკვლელობის შემდგომ ოჯახის ცხოვრებაზე გულახდილად საუბრობდა.