"ძალიან ტრავმირებული ვიყავი ჩემი ძმის, დუდუს მკვლელობის გამო... იმ დროის საქართველოს მოვშორდი... სერიოზულად ვგეგმავთ დაბრუნებას" - დუდუ დადიანის დის აღიარება - მშობლები

"ძალიან ტრავმირებული ვიყავი ჩემი ძმის, დუდუს მკვლელობის გამო... იმ დროის საქართველოს მოვშორდი... სერიოზულად ვგეგმავთ დაბრუნებას" - დუდუ დადიანის დის აღიარება

2026-02-09 21:34:27+04:00

შვეიცარიაში მოღვაწე ქართველი მხატვარი, ყოფილი პიანისტი მაკა დადიანი რუსთავი 2-ის სიუჟეტის გმირია. მაკა დადიანი ტრაგიკულად დაღუპული და იმ დროის საქართველოში ძალიან პოპულარული ქართველი კალათბურთელის დუდუ დადიანის დაა.

"ძალიან ტრავმირებული ვიყავი ჩემი ძმის, დუდუს მკვლელობის გამო და ფაქტობრივად ეს იყო ჩემთვის შვება, რომ იმ პერიოდში, იმ დროის საქართველოს მოვშორდი.... იმდენად რთული იყო ჩემთვის დუდუს მკვლელობა, ამან მიბიძგა წავსულიყავი ევროპაში... მხატვარი თავისი ცხოვრებიდან გამომდინარე ქმნის ნამუშევარს. ჩემთვის ყოველი ტილო არის ძალიან ემოციური და ყოველთვის რაღაცასთან არის დაკავშირებული. რა თქმა უნდა, ის ტკივილი, რაც მე გადავიტანე, ჩემს ნამუშევრებშიც აისახა... დუდუს ამბიდან სამი თვის შემდეგ შევქმენი მისი პორტრეტი. არ მინდა ვაქო საკუთარი თავი, მაგრამ ამბობენ, რომ სასწაულად მაქვს დაჭერილი მისი სული, მისი სახე, მისი ბუნება. დღეს ის მამაჩემის სახლში კიდია, სადაც ნათელა მაჭავარიანთან ერთად ცხოვრობდა.

image-1-1770663318.png

სერიოზულად ვგეგმავთ დაბრუნებას საქართველოში...

მაკა დადიანი ამავე სიუჟეტში ძმასთან ერთად გატარებულ დღეებს უფრო ვრცლად იხსენებს:

- დუდუ ჩემი უდიდესი ტკივილია. რა ვთქვა, ჩემთვის, დუდუ ძმა, შვილი იყო. ვგრძნობდი, თითქოს, მის მიმართ დედობრივი სიყვარული მქონდა. არა მარტო, როგორც დას... დედა ადრე დაგვეღუპა. ჩემსა და დუდუს შორის 8 წელი იყო სხვაობა. სულ გვერდში მყავდა, ჩემთან მეწვინა და ვუვლიდი ისე, როგორც ჩემს შვილს. დუდუ საოცარი ძმა იყო, ყველა მხრივ. უთბილესი, უსაყვარლესი... არ გავიდოდა 2 საათი, ჩემთან რომ არ დაერეკა. მეკითხებოდა: "რას შვრები? სად ხარ? რას აკეთებ?“ სხვათა შორის, ძალიან ეჭვიანი იყო. თუ ვინმე მირეკავდა, ან ატყობდა, რომ ვინმე სიმპათიას, ყურადღებას გამოხატავდა, გაბრაზებული მეუბნებოდა: "რა უნდა ამას, თაფლი გასხია?“ ძალიან ეჭვიანი იყო. ლევანი არ არის. ის უფრო ტოლერანტულია. დუდუ ცოცხალი რომ ყოფილიყო, ყოველ კვირა აქ იქნებოდა. ჩემზე ბედნიერი, არავინ იქნებოდა ქვეყანაზე... ჩემზე გადაყოლილი ძმა იყო. მამაჩემისთვის სასწაული შვილი იყო.

რაც წლები გადის, ამ ნოსტალგიას უფრო და უფრო ვგრძნობ. მინდა, გითხრათ, რომ საქართველოში დაბრუნებას სერიოზულად ვგეგმავთ. მე სხვანაირად არ შემიძლია. რაღაც გარკვეული პერიოდი იყო, შვეიცარიაში ცხოვრება ძალიან დამეხმარა ჩემს საქმიანობაში, ბევრს მივაღწიე, მაგრამ მე ქართველი ვარ და ჩემი მეგობრების, ახლობლების, ნათესავების გარეშე არ შემიძლია. მინდა ვთქვა, რომ აქ ძალიან კარგი ხალხია, ძალიან თბილი, ყურადღებიანი ადამიანები არიან. თავს დაცულად ვგრძნობ, მაგრამ ის, რომ მეგობარს უცებ დავურეკო და ვუთხრა, რომ მასთან ავდივარ, რასაკვირველია, ეს მომენტი არ არის. ყველაფერი წინასწარ, თვეებით, წლებით ადრე იგეგმება.

დუდუ დადიანი

დუდუ (დავით) დადიანი 2002 წლის 22 იანვარს სპორტის დეპარტამენტის კიბეზე მოკლეს. წარსულში ცნობილი კალათბურთელი, საქართველოს ხუთგზის ჩემპიონი, "ვითას" და საქართველოს ნაკრების კაპიტანი მაშინ კალათბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი იყო. დუდუს ბოროტმოქმედმა ოთხი ტყვია ესროლა, 3 ხელში მოხვდა, 1 - გულში. ამ გახმაურებული და ბურუსით მოცული მკვლელობის გამოძიება ორჯერ დაიწყო, მაგრამ ახალი არაფერი თქმულა, არც დუდუს მკვლელი დასჯილა. მკვლელობის შესახებ დღემდე უამრავი ვერსიაა. გავრცელდა ჭორები, რომ მოკლეს ცნობილი ქალბატონის სიყვარულის გამო, კაზინოში ფული წააგოო, რაღაც წილებს ემსხვერპლაო... გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მკვლელობა დადიანსა და უცნობ ადამიანს შელაპარაკების შედეგად მოხდა. მკვლელი დაუდგენელია.

dudu-dadiani-w-h-1770661314.jpeg

2002 წლიდან საქართველოს კალათბურთის ფედერაციის მიერ დაწესებულია „დუდუ დადიანის თასი“.

dudu33-1770661889.png

დუდუ და მისი ოჯახის წევრები ცნობილი დადიანების შთამომავლები არიან - ოდიშის მთავრის ოტია დადიანის პირდაპირი მემკვიდრეები. არისტოკრატული წარმომავლობის გამო დუდუს პრინცსაც ეძახდნენ ხოლმე.

snapinst-1742302470-1770661314.app_97546931_248196099953686_38018812671558264_n_1080.jpg

დუდუს და მაკა, რომელმაც უფროს ძმასთან ერთად დუდუ გაზარდა, ყოფილი პიანისტია და ცნობილი მხატვარი. მისი ნამუშევრები გამოფენილი და დაცულია სხვადასხვა ფონდსა და კერძო კოლექციაში. 2004 წლიდან ციურიხში, შვეიცარიაში, სადაც დღემდე ცხოვრობს და მუშაობს. იქვე შექმნა ოჯახი, მისი მეუღლეც მხატვარია - პიერ შვარცენბახი.

maka-dadianii-1770832353.jpg

თბილისში დარჩა დუდუს ძმა ლევანი, რომელიც მოგვიანებით დუდუს ბურუსით მოცულ მკვლელობაზე და მკვლელობის შემდგომ ოჯახის ცხოვრებაზე გულახდილად საუბრობდა.