"სკოლაში მისვლამდე, ჯობს, ეს ვასწავლოთ... პატარა ჯამში ქვიშა ჩავყაროთ და თითით დაწეროს" - დაჩი ნანობაშვილი წინასასკოლო პერიოდზე - მშობლები

"სკოლაში მისვლამდე, ჯობს, ეს ვასწავლოთ... პატარა ჯამში ქვიშა ჩავყაროთ და თითით დაწეროს" - დაჩი ნანობაშვილი წინასასკოლო პერიოდზე

2026-02-12 10:47:12+04:00

რამდენად რეკომენდებულია ბავშვს სკოლაში მისვლამდე წერა-კითხვა და ანგარიში ვასწავლოთ და რომელი უნარების გამომუშავებაზე უნდა იზრუნონ მშობლებმა წინასასკოლო ასაკში - თემაზე მათემატიკის მასწავლებელი, დაჩი ნანობაშვილი, გადაცემაში "ახალი დღე" საუბრობს:

- ადრეც არაერთხელ მითქვამს - თუ ბავშვი იჩენს ინტერესს, მან შეიძლება, უბრალოდ, ქუჩაში სიარულის დროს კითხვები დასვას და დაინტერესდეს, რა წერია, რომელი ასოა, თავად მიხვდეს, რა რას ნიშნავს და წაიკითხოს კიდევაც, შესაძლოა, პატარა სიტყვების კითხვა ისწავლოს. რა თქმა უნდა, ამაში ხელი უნდა შევუწყოთ და არ უნდა ვუთხრათ: "ახლა არ გეტყვი, სკოლაში რომ მიხვალ, იქ გეტყვიან." ანგარიშის შემთხვევაშიც, თუ ბავშვი თავად იჩენს ინიციატივას, რაღაცებს ალაგებს, კი ბატონო. ამაში ხელი შევუწყოთ, მაგრამ ჩვენ ნუ გამოვიჩენთ ინიციატივას. ჩვენ ნუ დავუწყებთ იმის სწავლებას, რაც მათ სკოლაში უნდა ისწავლონ. ბევრი სხვა რამ შეგვიძლია, ვასწავლოთ. მაგალითად: თავისი ნივთების მოწესრიგება, დამოუკიდებლად ჩაცმა, თასმის შეკვრა და ასე შემდეგ. ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ხშირად ბავშვი მე-2-მე-3 კლასშია, სკოლაში მოდის, ეკითხები კონკრეტულ ნივთზე, აქვს თუ არა და გპასუხობს, რომ არ იცის, იმიტომ, რომ ჩანთა მას არ ჩაულაგებია. მშობელი ნერვიულობს და ფიქრობს, მე თუ არ ჩავულაგებ, მას ეს დარჩება. მე თუ არ დავადგები თავზე, დავალებას ვერ გააკეთებს, შეეშლება... ბავშვი მუდმივად კონტროლის ქვეშაა. დამოუკიდებლობას ვართმევთ.

სკოლაში მისვლამდე, ჯობს, ეს ვასწავლოთ, ვიდრე ის მიმართულებები, რაც სკოლაში უნდა ისწავლოს. განსაკუთრებით, არ არის რეკომენდებული, წერა ვასწავლოთ. ხატვასა და ფერადი ფანქრებით რაღაცების კეთებას არ ვგულისხმობ. ვგულისხმობ იმას, როცა ბავშვი კონკრეტულ მონახაზს უნდა მიჰყვეს, ლამაზად უნდა დაწეროს... ხელი დაძაბული აქვს და თავადაც ძალიან იძაბება. ეს რეკომენდებული არ არის და არ უნდა გავაკეთოთ, არც ერთ შემთხვევაში. თავად როგორც უნდა, აკეთოს. მიმატება-გამოკლებასაც ჩვენ ნუ ვასწავლით. თუ თავად გვეკითხება, ვუპასუხოთ, მისი ინტერესები დავაკმაყოფილოთ, მაგრამ ჩვენ ნუ გავხდებით ინიციატორები. წერასთან დაკავშირებით, ადრეც მითქვამს, ძალიან კარგი მეთოდია - პატარა ჯამში ქვიშა ჩავყაროთ და თითით დაწეროს, თითით მოხაზოს, თუნდაც რიცხვები ან ასოები, ეს სხვა აქტივობაა. ზურგზე თითით დავაწეროთ და მიხვდეს, რა ასო ან რიცხვი დავაწერეთ. თამაშად ვაქციოთ, თუ მას ინტერესი აქვს, მაგრამ ჩვენ ნუ დავსვამთ და ნუ დავიწყებთ მასთან მუშაობას.

დაჩი ნანობაშვილი განმარტავს, რატომ არ უყვართ ბავშვებს მეცადინეობა და როგორ შევუწყოთ ხელი მოსწავლის მოტივაციას
ვეწინააღმდეგები, რომ მოსწავლემ წერა წინასწარ იცოდეს... ბაღიდან სკოლაში მისვლა გაცილებით უკეთესია, ვიდრე სახლიდან სკოლაში მისვლა. ბაღში იმ უნარებს, რაც სკოლისთვის გამოადგებათ, სწავლობენ - დაჩი ნანობაშვილი ბავშვების სასკოლო მზაობაზე