ბრიტანეთის სამეფო ოჯახის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი კერძო ქონება, კორნუოლის საჰერცოგო ყოველწლიურ ფინანსურ ანგარიშს აქვეყნებს. თუმცა ამჯერად საზოგადოების და ტაბლოიდების ყურადღება ერთმა კონკრეტულმა ციფრმა მიიპყრო: ტახტის მემკვიდრემ, პრინცმა უილიამმა, აღნიშნული საკუთრების შემოსავლებიდან დაახლოებით 30 მილიონი დოლარი მიიღო.
ეს თანხა არ წარმოადგენს პირად ხელფასს ჩვეულებრივი გაგებით. იგი განკუთვნილია მემკვიდრის ოფიციალური, საქველმოქმედო და პირადი ხარჯების დასაფარად, ასევე მისი ოჯახის — ქეით მიდლტონისა და მათი სამი შვილის — უზრუნველყოფისთვის. მედიის ინფორმაციით, ეს ამბავი მტკივნეულად შეეხო უილიამის უმცროს ძმას, პრინც ჰარისა და მის მეუღლეს, მეგან მარკლს, რომლებიც, ინსაიდერების თქმით, ამ ინფორმაციის გაცნობის შემდეგ გაღიზიანდნენ.
კორნუოლის საჰერცოგო სამეფო ოჯახის ფინანსური სისტემის საყრდენად მიიჩნევა. ის 1337 წელს დაარსდა მეფე ედუარდ მესამის მიერ, რათა ტახტის მემკვიდრის ფინანსური დამოუკიდებლობა უზრუნველეყო. დღეს ქონების ღირებულება მილიარდ დოლარს აღემატება და დაახლოებით 130 000 აკრ მიწას მოიცავს ინგლისისა და უელსის 23 საგრაფოში, მათ შორის ფერმებს, საცხოვრებელ და კომერციულ უძრავ ქონებას.
უილიამმა ქონების მართვა 2022 წელს მამამისის, მეფე ჩარლზ მესამის ტახტზე ასვლის შემდეგ ავტომატურად გადაიბარა.
ეს მემკვიდრეობა, რომელიც დაბადების უფლებით თაობიდან თაობას გადაეცემა, მომავალი მეფეს სტაბილურ და კოლოსალურ შემოსავალს უზრუნველყოფს სპონსორების ძიების გარეშე.

ანგარიშის თანახმად, უილიამი მიღებულ თანხაზე ნებაყოფლობით იხდის საშემოსავლო გადასახადს, ბიზნეს-ხარჯების გამოკლებით, თუმცა ზუსტი გადასახადის ოდენობა საჯაროდ არ სახელდება. ეს ნაწილობრივ განსხვავდება სრული ფინანსური გამჭვირვალობის პრაქტიკისგან, რომელსაც ჩარლზ მესამე უელსის პრინცის სტატუსში ყოფნისას იცავდა.
ინსაიდერების თქმით, სწორედ ამგვარი უპირობო ლეგიტიმურობა აღიზიანებთ ყველაზე მეტად სასექსის ჰერცოგებს.
2020 წელს სამეფო ოჯახიდან ნებაყოფლობით წასვლის შემდეგ, პრინცი ჰარი და მეგან მარკლი დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყობენ კალიფორნიაში. მიუხედავად მსხვილი კონტრაქტებისა Netflix-სა და Spotify-სთან, რომელთა საერთო ღირებულება დაახლოებით 100 მილიონ დოლარად ფასდებოდა, მათი ფინანსური მდგომარეობა, წყაროების ცნობით, სულ უფრო არასტაბილურად გამოიყურება.
მათი მედია-პროექტი Archewell, რომელიც საქველმოქმედო ფონდსა და პროდიუსერულ კომპანიას აერთიანებს, სერიოზულ სირთულეებს აწყდება. ბოლო პერიოდში ორგანიზაცია რამდენიმე მნიშვნელოვანმა თანამშრომელმა დატოვა, მათ შორის ფონდის ხელმძღვანელმა და კომუნიკაციების დირექტორმა. პროდიუსერულ მიმართულებაში შტატი 80–85%-ით შემცირდა. ინსაიდერები სიტუაციას „Archewell-ის ბრენდის დაშლის პროცესს“ უწოდებენ.

ამ ფონზე უილიამის სტაბილური 30 მილიონი დოლარი — მიღებული დაბადებისა და სტატუსის გამო — განსაკუთრებით მტკივნეულად გამოიყურება. წყაროების თქმით, სასქსელ წყვილს შურის გრძნობა აქვს, რადგან თვლის, რომ საკუთარ პროექტებზე „არანაკლებ, თუ არა მეტადაც“ შრომობენ, თუმცა ფინანსური ანაზღაურება შედარებას ვერ უძლებს.
„ჰარისა და მეგანის თვალსაზრისით, დისბალანსი აშკარაა. ყოველი მსხვილი კომერციული შეთანხმების შემთხვევაში მათ სწრაფად და მტრულად აკრიტიკებენ, თითქოს სამეფო სტატუსს ბოროტად იყენებენ. ხოლო უილიამი 30 მილიონს იღებს და ამას თითქმის არავინ აყენებს ეჭვქვეშ,“ — აღნიშნა ერთ-ერთმა ინსაიდერმა.
უილიამის შემოსავლის შესახებ ცნობამ, როგორც ირკვევა, ძველი დაპირისპირებები კვლავ გააღვივა. ჰარისა და მეგანის გარემოცვის ინფორმაციით, წყვილი ბევრჯერ დაფიქრებულა იმაზე, როგორ განვითარდებოდა მათი ცხოვრება, „მოქმედ“ სამეფო წევრებად რომ დარჩენილიყვნენ.
თუმცა ერთი გარემოება უცვლელი რჩება: როგორც მეორე შვილსა და არა პირდაპირ მემკვიდრეს, ჰარის არასოდეს ექნებოდა უფლება კორნუოლის საჰერცოგოს ქონებაში მილიარდიან წილზე.
ამგვარად, ფინანსური ანგარიში მხოლოდ ციფრები არ აღმოჩნდა — ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს განსხვავებას დაბადებით მინიჭებულ სტატუსსა და საკუთარი ძალებით შექმნილ კარიერას შორის.