რუსეთში დაკარგული დების, ირინა და მარინა ჟვალევას ძებნა მოულოდნელ შედეგამდე მივიდა. ისინი 9 თებერვალს გაუჩინარდნენ: 11 წლის ირა იმ დილით სკოლაში წავიდა, ხოლო 18 წლის მარინას და უნდა გაეცილებინა, მაგრამ გოგონა არც გაკვეთილზე და არც სახლში არ გამოცხადებულა. ძებნაში მოხალისეები და პოლიცია ჩაერთნენ, მაგრამ არანაირი კვალი არ აღმოჩნდა. მხოლოდ 12 თებერვალს ალაპარაკდა დაკარგული გოგონების ბებია.
მარია დარწმუნებული იყო, რომ მისი შვილიშვილები ულიანოვსკის მახლობლად მდებარე სექტას შეუერთდნენ, რომელსაც მათი დედაც ეკუთვნის. ქალის თქმით, მისი რძალი ოთხი წლის წინ შეუერთდა „ცარისტულ იმპერიას“. კატერინა ძალიან რელიგიური ადამიანი იყო და მისმა ახალმა მენტორებმა ეს გამოიყენეს. მან თანდათან მიატოვა მართლმადიდებლური სარწმუნოება და სხვა სწავლების რწმენას შეუდგა. მას ანტიქრისტესი ეშინოდა და ახლობლებს არწმუნებდა, რომ ცივილიზაციის სიკეთეებზე უარი უნდა ეთქვათ და რომ სამყაროს აღსასრული 2028 წელს დადგებოდა. მხოლოდ ისინი გადარჩებოდნენ, ვინც „სქემა-მიტროპოლიტის“ ზოსიმას (ლეონიდ ვლასოვის) მცნებებს მიჰყვებოდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში გოგონების დედა სწავლების მიმდევარი იყო, რომელიც ხალხს მოუწოდებს უარი თქვან ტელეფონებზე, დოკუმენტებსა და ცივილიზაციის ყველა სიკეთეზე. სექტაში მიიჩნევენ, რომ საბუთები და საბანკო ბარათები ადამიანების სამართავადაა მოგონილი. ბებია ვარაუდობდა, რომ სახლიდან წასულმა დედამ შვილებიც გადაიბირა და სექტის მიმდევრებდ აქცია.
ბებია ამბობდა, რომ მათი სამივე ტელეფონი გათიშულია. შესაძლებელია, ისინი ულიანოვსკის ოლქისკენ მიემართებიან. ქალი შიშობდა, რომ თუ მისი შვილიშვილები სექტაში მოხვდებოდნენ, მათი დაბრუნება ძალიან გაუჭირდებოდათ.„იქ რაღაც რეჟიმია - სადღაც პიონერთა ბანაკსა და ციხის ბანაკს შორის“...
მართლაც, გუშინ გოგონები გამოჩნდნენ. მათ ვიდეომიმართვა გაავრცელეს.18 წლის მარინა, რომელიც კამერაში იყურება და შესამჩნევად აღელვებულია, ცდილობს თავისი გაუჩინარების ახსნას. ის ფურცლიდან კითხულობს და მამას ადანაშაულებს საბანკო ბარათების მიცემაში...
დედისა და ქალიშვილების შეხედულებები სწორედ ახალი ტექნოლოგიების წინააღმდეგაა მიმართული. ისინი უარს ამბობენ დოკუმენტებსა და მობილურ ტელეფონებზე, რადგან თვლიან, რომ ამით ადამიანებს აკონტროლებენ. საბანკო ბარათები სწორედ ერთ-ერთი ასეთი კონტროლის ინსტრუმენტია.

„მე მარინა ჟვალევა ვარ და რელიგიური მიზეზების გამო, უარი ვთქვი დოკუმენტებზე და არ ვიყენებ მათ. მაგრამ მამაჩემი გვაიძულებს, რომ ავიღოთ ისინი, გამოვიყენოთ. იყო დრო, როდესაც მამა გაბრაზდა ჩვენზე, როდესაც ბარათზე უარი ვთქვით. როდესაც ჩემმა დამაც უარი თქვა ბარათებზე, არ გვინდოდა მათი აღება...“ - ამბობს გოგონა ყოყმანით.
„რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია - ცარისტული იმპერიის“ კულტის დამაარსებელი (რომელიც რუსულ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან არანაირი კავშირში არაა) ლეონიდ ვლასოვი, არაერთხელ ნასამართლევი, რომელიც საკუთარ თავს „პატრიარქს, მეფეს, წინასწარმეტყველს“ უწოდებს. მის მრევლში ის ცნობილია, როგორც „სქემა-მიტროპოლიტი“ ზოსიმა. მიუხედავად „ყველაფერ ამქვეყნიურზე უარის თქმის“ მოწოდებებისა, თავად ზოსიმა აქტიურად ქადაგებდა სოციალურ მედიაში და ახალ მიმდევრებს იზიდავდა.

კულტის წევრები ულიანოვსკის რეგიონში, მიტოვებულ სოფელში დაბანაკდნენ. მიმდევრებს მოეთხოვებოდათ უარი ეთქვათ ყველა ამქვეყნიურ სიკეთეზე, არ მიეღოთ პენსია და არ ჰქონოდათ ოფიციალური სამსახური, არამედ რეგულარულად ელოცათ და ემუშავათ. არსებობდა კიდევ ერთი პირობა: ვლასოვის მოწაფეებს უნდა გაეწყვიტათ ყველა კავშირი საყვარელ ადამიანებთან, რომლებიც მათ ულიანოვსკის რეგიონში გადასვლაში ხელს უშლიდნენ. ასეთი მიმდევრები „შავ სიაში“ შეიყვანეს....
2024 წლის თებერვალში ვლასოვი მეოთხედ დააკავეს, ამჯერად ტერორიზმის ხელშეწყობისა და ორგანიზაციის შექმნისთვის, რომელიც არღვევს ინდივიდის და მოქალაქეების უფლებებს. თუმცა, მისი მიმდევრები მაინც აგრძელებენ თავიანთ საქმიანობას.
სწორედ ვლასოვის სახის გამოსახულებიანი ხატებიდან მიხვდა დაკარგული გოგონების მამა, რომ ისინიც სექტის წევრები იყვნენ. მან სცადა ქალიშვილების ფსიქოლოგებთან წაყვანა და გარკვეულ წარმატებასაც მიაღწია: უმცროსმა თანდათან დაიწყო ნორმალურ ცხოვრებასთან ადაპტაცია. მაგრამ უფროსმა უარი თქვა დათმობაზე; მას მტკიცედ ჰქონდა ჩანერგილი რწმენა ზოსიმას სწავლებების მიმართ.
„ის მათი მეფეა, ღმერთი, მამა, გმირი; მისი გამოსახულება ხატებზეა, როგორც წმინდანის სახე...“, - ყვება ბებია.

ვიდეოში მარინა ხაზს უსვამს, რომ არავინ აიძულებს მას რწმენის არჩევას: „მე მაქვს თავისუფლება ვიცხოვრო სადაც მინდა და ვისთან ერთადაც მინდა“.
სექტის ლიდერი ამჟამად სამარის რეგიონში სასამართლოშია ტერორისტული საქმიანობის საჯაროდ მოწოდებისა და ტერორიზმის გამართლებისთვის. შესაძლებელია, თავად სექტა ექსტრემისტულად გამოცხადდეს და აიკრძალოს. მაგრამ ახლა ის არსებობს და მისი მიმდევრები იზრდებიან.სავარაუდოდ, დედა და გოგონები სექტის ერთ-ერთ „შტოს“ შეუერთდნენ, თუმცა თავიანთ ადგილსამყოფელს არ ამხელენ.