"თუ მაინცდამაინც ღამით მოგშივდათ, გეტყვით, რა უნდა ჭამოთ და რა არ უნდა მიირთვათ არავითარ შემთხვევაში" - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება - მშობლები

"თუ მაინცდამაინც ღამით მოგშივდათ, გეტყვით, რა უნდა ჭამოთ და რა არ უნდა მიირთვათ არავითარ შემთხვევაში" - გიორგი ღოღობერიძის გაფრთხილება

2026-02-23 10:14:38+04:00

ცნობილი ექიმი გიორგი ღოღობერიძე ღამით დანაყრების თემას ეხება და გირჩევთ, რით ჯობია საღამოს საათებში შიმშილთან ბრძოლა.

"სახლში ღამით მისული და დაღლილი ფიქრობთ, უცებ რამეს შევჭამ და დავიძინებ. თუ ძილის წინ საკვების მიღებას აპირებთ, გეტყვით, რისი მიღებაც არავითარ შემთხვევაში არ შეძლება და რა შეგიძლიათ მის ნაცვლად მიირთვათ.

არასდროს, გამონაკლისის სახითაც კი, არ მიირთვათ თეთრი პური ძილის წინ. ზოგადად თეთრი პური საღამოს საათებში ისედაც არ ვარგა და აი, რატომ: მას აქვს ძალიან მაღალი გლიკემიური ინდექსი. ანუ ჩვენს ორგანიზმში ძალიან სწრაფად იშლება. მიირთმევთ თუ არა, სხეული თითქმის ბოლომდე შლის. საბოლოო ჯამში, გლუკოზა ძალიან სწრაფად შეიწოვება, პანიკაში ჩავარდნილი თქვენი პანკრიასი გამოყოფს ძალიან ბევრ ინსულინს, რომელიც გლუკოზას მაშინვე "შეყრის" კუნთებში, ღვიძლში და სისხლში აღარაფერი დარჩება. შედეგად, ძილში გლუკოზა ძალიან ეცემა, თავის ტვინს შია, ეს ყველაფერი ნერვულ სისტემას ისე გიძაბავთ, ღამით გაღვიძებთ. ან შეიძლება არ გაგაღვიძოთ, მაგრამ ძილის ხარისხს მკვეთრად დაგირღვევთ. დილით ძალიან დაღლილი გაიღვიძებთ, რადგან უხარისხოდ გეძინათ და იქნებით ძალიან მშიერი. მოგიწევთ მაშინვე რაღაც მიირთვათ, რომ შიმშილის გრძნობა მოიკლათ. მთელი დღის განმავლობაში იქნებით მშიერი და დაღლილი.

აბა, რა შეიძლება მივირთვათ, თუ ღამით მოგშივდათ და ეს შიმშილის გრძნობა უნდა მოიკლათ? ეს არის იოგურტი. ბერძნული იოგურტი ჯობია. თუ დაამატებთ მიწის თხილს, ნიგოზს ან ჩვეულებრივ თხილს, იდეალური იქნება. ამ საკვებში ძალიან მაღალია ცილების შემცველობა, თითქმის არ არის ნახშირწყლები, გლიკემიური ინდექსი იმდენად დაბალი აქვს, რომ სისხლში ინსულინის ზრდას არ გამოიწვევს, დანაყრდებით და მშვიდად დაიძინებთ. ანუ თუ მაინცდამაინც ძილის წინ აპირებ მირთმევას, ჯობია ეს იყოს იოგურტი თხილთან ერთად", - ამბობს გიორგი ღოღობერიძე.

ხინკალი უფრო უსაფრთხოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის თუ მწვადი? - შეკითხვას გიორგი ღოღობერიძე პასუხობს
ვიტამინებით მდიდარი სასმელი, რომელიც ვირუსული ინფექციების დროს მალე გამოჯანმრთელებაში დაგვეხმარება - რეცეპტი გიორგი ღოღობერიძისგან