პედიატრი, პროფესორი, ივანე ჩხაიძე, გადაცემაში "ახალი დღე" სეზონური ვირუსების შესახებ საუბრობს და ამბობს, რომ გრიპის პიკმა გადაიარა და ახლა წამყვანი რესპირაციულ-სინციტიური ვირუსია:
- ჯერ თებერვალი არ დამთავრებულა, მარტი წინ გვაქვს. გრიპის პიკმა გადაიარა. მოლოდინი იმისა, რომ მარტში უფრო დიდი მაჩვენებელი იქნება, ვიდრე დეკემბერში გვქონდა, ნამდვილად არ გვაქვს, მაგრამ ჯერჯერობით გრიპის აქტიური სეზონი გრძელდება. მიმდინარე წლის მე-6 კვირის ბოლო მონაცემი, რასაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი გვაძლევს, ზუსტად ამ ტენდენციას ასახავს. ქვეყანაში გრიპი უპირატესი ვირუსი აღარაა. ახლა უფრო მეტად აქტუალურია რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი. ეს პედიატრებისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაციაა. განსაკუთრებით, იმ პედიატრებისათვის, რომლებიც სტაციონარში მუშაობენ. ვინაიდან, სტაციონარში უკვე წამყვანი რესპირაციულ-სინციტიური ვირუსი გახლავთ. ორი გართულება უნდა გავითვალისწინოთ: გრიპი ფილტვების ანთებასთან ასოცირდება. მაღალი სიცხე, ძლიერი ხველა, ყელის ტკივილი ახასიათებს. მაღალი სიცხისა და ფილტვების ანთების ფონზე მიმდინარეობს გართულება.
აქ მაღალი სიცხე შეიძლება, საერთოდ არ იყოს. უფრო მეტად მას სუბფებრილური, 38.5-მდე ტემპერატურა ახასიათებს. მაგრამ, აქ უკვე წამყვანი სიმპტომი უჩვეულოდ გახშირებული სუნთქვაა, რომელსაც თან სპეციფიკური, მსტვინავი ხმა ახლავს. სტვენის ხმა ბრონქიოლიტისთვისაა დამახასიათებელი. ბრონქიოლიტი წვრილი ბრონქების ანთებაა. ანთებითი პროცესისა და შეშუპების გამო, ჰაერი უფრო რთულად მოძრაობს, რაც სტვენის მსგავს სუნთქვას იწვევს.
გახშირებულ სუნთქვასთან ერთად, ყველაზე საყურადღებო და ამავდროულად, საშიშია, როდესაც დედა ხედავს, რომ ბავშვის სუნთქვის სინქრონულად ნეკნთაშუა არეების მოძრაობა ჩანს და მონაწილეობა დამხმარე კუნთების სუნთქვის აქტში. ეს შეიძლება, იყოს გულ-მკერდის ჩადრეკა, ნეკნთაშუა არეების ჩადრეკა - ეს უკვე ნიშანია, რომ პირდაპირ, დაუყოვნებლივ უნდა მივმართოთ სტაციონარს. ვინაიდან, აქ შეიძლება, ჟანგბადის დამატებით მიწოდება და სხვა დამხმარე ღონისძიებების ჩატარება იყოს საჭირო. ასეთი ბავშვი სახლში ნამდვილად არ უნდა იყოს.
კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა - ბრონქიოლიტს თავისი სპეციფიკური ასაკი აქვს. 2 წლამდე ასაკზეა საუბარი. განსაკუთრებით საშიშია პირველი ექვსი თვე. ამიტომ, თუ 6 თვემდე ბავშვთან ბრონქიოლიტი გვაქვს, რეკომენდაცია ძალიან კატეგორიულია - აუცილებლად მიმართეთ სტაციონარს.