სწორი და არასწორი რეაქციები ბავშვის აგრესიაზე: "როცა ყვირის და გვეჩხუბება, მშობლის რეაქციაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ყველაფერი მომავალში" - მშობლები

სწორი და არასწორი რეაქციები ბავშვის აგრესიაზე: "როცა ყვირის და გვეჩხუბება, მშობლის რეაქციაზეა დამოკიდებული, როგორ გაგრძელდება ყველაფერი მომავალში"

2026-02-27 09:58:46+04:00

როდესაც ბავშვი ბრაზდება, სათამაშოებს ისვრის ან ყვირის, რა თქმა უნდა, მშობელი მაშინვე ცდილობს მის დამშვიდებას. თუმცა პრობლემაა ის, რომ ბრაზის აკრძალვა ან ჩახშობა ბავშვს არ ასწავლის, როგორ გაუმკლავდეს ემოციას — ის მხოლოდ მის ჩახშობას სწავლობს. ჩახშობილი აგრესია კი არსად ქრება: ის გროვდება და ერთ დღეს შეიძლება გაცილებით მწვავე ფორმით იფეთქოს.

როგორ ვუპასუხოთ ბავშვის აგრესიულ აფეთქებებს ისე, რომ არც გრძნობები დავუხშოთ და არც მიუღებელი ქცევა წავახალისოთ?

რა არის აგრესია?

აგრესიის გამოხატვის სამი ძირითადი მექანიზმი არსებობს:

ფიზიკური აგრესია — ბავშვი ჩხუბობს, ისვრის ნივთებს და ა.შ. ვერბალური აგრესია — მშობლებს ეჩხუბება, სიტყვიერად აყენებს შეურაცხყოფას. მანიპულაციური აგრესია — ე.წ. „ულტიმატუმი“: „შემისრულეთ, რაც მინდა, თორემ ვიტირებ და არ გავჩერდები“.

ხშირად ბავშვი თავადაც ვერ აცნობიერებს საკუთარ რეაქციებს. სწორედ ამიტომ, გონიერი მშობლის ამოცანაა, დაეხმაროს მას საკუთარი გრძნობების ამოცნობასა და სწორად გამოხატვაში.

ბავშვის შემდგომი ქცევა აგრესიის მომენტებში დიდწილად დამოკიდებულია იმაზე, როგორ რეაგირებენ უფროსები. სწორი რეაქციის შემთხვევაში ბავშვს ჩამოუყალიბდება ჯანსაღი დამოკიდებულება ემოციების მიმართ და ზრდასრულ ასაკში სოციალური სირთულეები ნაკლებად ექნება.

მნიშვნელოვანია ბავშვს ავუხსნათ, რას გრძნობს. შესაძლოა, ის ბრაზობს არა იმიტომ, რომ „დედა ცუდია“, არამედ იმიტომ, რომ ტკბილეულს არ აძლევენ.

3 არასწორი რეაქცია ბავშვის აგრესიაზე

1. აგრესიაზე აგრესიით პასუხი

ბავშვი სრულად დამოკიდებულია მშობელზე და საკუთარი საზღვრების დაცვა არ შეუძლია. ასეთ კონფლიქტში ის ყოველთვის წაგებულია და ძლიერ დისკომფორტს განიცდის.

2. ბავშვის მოთხოვნებზე დამორჩილება

ეს ანგრევს ოჯახურ იერარქიას და აჩვენებს არასწორ ქცევით მოდელს.

3. იგნორირება

უგულებელყოფილი პრობლემა მომავალში უფრო დიდ სირთულეებად გადაიქცევა.

თუ ზრდასრული არასწორად რეაგირებს, ბავშვმა შეიძლება არაჯანსაღი კომუნიკაციის მოდელები აითვისოს, რაც მომავალში ურთიერთობებში პრობლემებს გამოიწვევს.

3 სწორი რეაქცია ბავშვის აგრესიაზე

ფიზიკური აგრესიის შემთხვევაში

აუცილებელია აგრესიული ქმედების შეჩერება და სიმტკიცის დემონსტრირება. მაგალითად, შეგიძლიათ ძლიერად მოეხვიოთ ბავშვს, შეუზღუდოთ მოძრაობა და დაელოდოთ, სანამ დამშვიდდება. მნიშვნელოვანია აჩვენოთ, რომ უფროსი ძლიერია — მაგრამ არ სცემს.

ვერბალური აგრესიის შემთხვევაში

საჭიროა მკაფიო პოზიცია და დაუყოვნებელი რეაგირება. ბავშვმა უნდა გაიგოს: „უფროსი მე ვარ და ასე საუბარი დაუშვებელია.“ სასჯელი უნდა იყოს ოჯახში მიღებული სტანდარტის ფარგლებში.

მანიპულაციური აგრესიის შემთხვევაში

ასევე საჭიროა მკაფიო და მტკიცე პოზიცია, თუმცა დასჯა აუცილებელი არ არის. ასეთ ქცევას ბავშვი ხშირად არაცნობიერად ავლენს, ამიტომ მთავარი მიზანია საზღვრის განსაზღვრა და ახსნა.

ხასიათის 5 თვისება, რომლებიც ადამიანებს რთული ბავშვობის შედეგად უვითარდებათ: თავდაპირველად ბავშვი ატარებს „ჯავშანს“, რომლითაც აგრესიული გარემოსგან თავს იცავს, მაგრამ შემდეგ ამ ზღუდეს ვეღარ იშორებს თავიდან
რა იწვევს ბავშვებში სასტიკ და და აგრესიულ ქცევას - რა არის გენის და რა - აღზრდის ბრალი